USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ში საფერავის მესამე ფესტივალი „საფერიკა” გაიმართა
Date:  289

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციის „საფერიკა“ ორგანიზებით, ნიუ-იორკის შტატის ფინგერ ლეიკსის რეგიონში საფერავის ორდღიანი ფესტივალი „საფერიკა“ გაიმართა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული საფერავის ჯიშის ღვინოები, როგორც საქართველოდან, ისე ფინგერ ლეიკსის რეგიონიდან. აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის შტატში, ფინგერ ლეიკსის რეგიონში, უკვე 60 წელია, ადგილობრივ ღვინის მწარმოებლებს საფერავისა და რქაწითლის ჯიშების ყურძენი აქვთ გაშენებული და მსოფლიოში ცნობილი ქართული ვაზის ჯიშის ღვინოებს აწარმოებენ.

ფესტივალზე მოწვეული იყვნენ „საფერიკას“ ღვინის ექსპერტები, ღვინის ინდუსტრიის, HoReCa სექტორისა და მედიის წარმომადგენლები და ღვინის მომხმარებლები.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, გასცნობოდნენ ქართულ სამზარეულოს, მიეღოთ ინფორმაცია როგორც საფერავის და ზოგადად, ქართული ვაზის ჯიშების, ასევე საქართველოსა და ქართული მეღვინეობის 8 ათასწლიანი ისტორიისა და კულტურის შესახებ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანიის „Colangelo&Partners” ორგანიზებით, ფესტივალს იმპორტიორების, დისტრიბუტორების და სომელიეების ჯგუფი დაესწრო, ხოლო კომპანიის „Colangelo&Partners“ ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანიის მენეჯერმა მერიონ ჰელუიმ ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია გამართა.

ორგანიზაცია „საფერიკა“ 2022 წელს, აშშ-ში დაარსდა და მისი მიზანია აშშ-ის მასშტაბით ქართული ყურძნის ჯიშების, მათ შორის, საფერავის და ქართული ღვინის სახეობების პოპულარიზაცია. ფესტივალი „საფერიკაც“ პირველად 2022 წელს ჩატარდა.

ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, რომელიც ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია - ერთი ლიტრის ქართული ღვინის საშუალო ფასი 6,15 აშშ დოლარია. შესაბამისად, აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება; ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება აქტიურად ხორციელდება. აღნიშნულმა აქტივობებმა უზრუნველყო ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდა აშშ-ის ბაზარზე; მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 486 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება. აშშ ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მე-6 ადგილს იკავებს.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way