ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2024 წლის 6 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 61 ქვეყანაში ექსპორტირებულია 54,5 მლნ ლიტრი, 156,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო.
მათივე ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა 26%, ხოლო შემოსავლების ზრდამ 24% შეადგინა.
„ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: პოლონეთი - 19% (3,1 მლნ ლიტრი), აშშ - 53% (654 ათასი ლიტრი), გერმანია - 34% (674 ათასი ლიტრი), დიდი ბრიტანეთი - 28% (182,5 ათასი ლიტრი), კანადა - 110% (121,3 ათასი ლიტრი), თურქეთი - 47% (239,2 ათასი ლიტრი), და ა.შ.
მსოფლიოს 45 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23,4 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 55% შეადგინა. სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან შემოსავლების სახით მიღებულია 132,8 მლნ-მდე აშშ დოლარი ( ზრდა 59%)”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.
ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.
სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.