USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
გეოგრაფიული აღნიშვნა „ნინოწმინდის თაფლი“ „საქპატენტში“ არის რეგისტრირებული
Date:  

გეოგრაფიული აღნიშვნა „ნინოწმინდის თაფლი“

ნინოწმინდის მინდვრებში თუ დაინახავთ, რომ მდელოები ყვითელი ყვავილებით გაფერადდა, იცოდეთ, „თაფლის მოტანის“ ყველაზე აქტიური სეზონი დაიწყო. ამ დროს ნინოწმინდელები მთაში ადიან, სკებთან ახლოს, ქოხში გადადიან საცხოვრებლად და ფუტკრის მოვლას იწყებენ. ეს ხდება ზაფხულობით, ივნისის პირველი რიცხვებიდან ივლისის შუა რიცხვებამდე.

ამ პერიოდში შესაძლებელია საფუტკრის ერთი განლაგების წერტილიდან 2-3-ჯერ მივიღოთ მოსავალი, რის გამოც თაფლმა შეიძლება მიიღოს სხვადასხვა შეფერილობა.

ნინოწმინდის თაფლი, რომელსაც მეთაფლია ფუტკრები ჯავახეთის ზეგანზე ამზადებენ, განსაკუთრებული შემადგენლობით გამოირჩევა. საქართველოს ამ მხარეში დღე-ღამის ცვალებადობის დროს ტემპერატურაც სწრაფად იცვლება. სიცივისა და სიცხის კონტრასტული ცვლილება ყვავილების ნექტარზეც განსაკუთრებულად მოქმედებს და აისახება თაფლის არომატზე. კონსისტენციის მიხედვით ის შეიძლება იყოს ბლანტი, კრემისებრი, სრულად ან ნაწილობრივ დაკრისტალებული, თუმცა, სხვა სახეობების თაფლისგან მას ის გამოარჩევს, რომ აქვს უნარი დიდი ხნის განმავლობაში არ დაკრისტალდეს, ანუ არ ჩაშაქრდეს. ამიტომ თხევად მდგომარეობაში მისი შენახვა დიდხანს არის შესაძლებელი. ჩასქელების შემთხვევაში კი ის გარდაიქმნება თეთრი ფერის ან სპილოსძვლისფერ, წვრილკრისტალიზებულ კრემისებრ ან მყარ მასად.

ნინოწმინდის თაფლი ხასიათდება საშუალოდ გამოხატული, ზომიერი არომატით, მას აქვს ზომიერად ტკბილი, სასიამოვნო და დამახასიათებელი გემო. შეგროვების დროიდან გამომდინარე, ის არის ღია მოყვითალო ან თითქმის უფერო, იშვიათ შემთხვევაში კი წაბლისფერი.

ნინოწმინდის ყველა სოფელში იპოვით ოჯახს, რომელიც მეფუტკრეობით ცხოვრობს. ეს ტრადიცია ამ მხარეში საუკუნეზე მეტს ითვლის. სტატისტიკურად, 711 სოფლიდან მეთაფლეობას მისდევს 702 სოფელი და წლის განმავლობაში რეგიონში იწარმოება დაახლოებით 686,820 კგ თაფლი. ჯავახეთის ზეგნის თაფლის ღირსებები ისტორიულად ცნობილია და მის შესახებ ერთ საინტერესო ჩანაწერს ვხვდებით, სადაც ცნობილი ქართველი მეცნიერი მიხეილ სვანიძე ამ რეგიონის XX საუკუნის მეურნეობის შესახებ წერს - „მეფუტკრეობა დიდად იყო დაწინაურებული აგრეთვე სამცხე-საათაბაგოშიც, აქ მეფუტკრეობის განვითარებას ხელს უწყობდა ხელსაყრელი კლიმატური და მდიდარი საკვები ბაზა ხეხილისა და მცენარეთა ფლორის სახით“. სამცხე-საათაბაგოს მეფუტკრეობა არც ვახუშტი ბატონიშვილს გამოჰპარვია, ის წერს - „ფუტკარნი მრავალნი და თაფლლნი კარგი და მრავალნი“. ამ მხარეში თაფლის სიუხვე ჟან შარდენსაც აქვს შენიშნული და ამ თემას მის მემუარებშიც იპოვით.

ალპური ზონის მოსახლეობამ ისტორიკოსთა და მკვლევართა შეფასებების გარეშეც იცის, რომ მათი რეგიონის თაფლი განსაკუთრებულია. მეფუტკრეობა და მეთაფლეობა მათი ტრადიციის და შემოსავლის მთავარი წყაროა. ოჯახს თუ ფუტკარი ჰყავს, ეს ნიშნავს, რომ მთელი ოჯახი ჩართულია ამ პროცესში. ბებია-ბაბუა თუ მთაში ბაზაზე მუშაობს, დანარჩენი წევრები თაფლის გადმოღება-გაწურვა-დაბინავებით არიან დაკავებულნი და მთელი ეს პროცესი ერთი მთლიანი ოჯახური ტრადიციის ნაწილია, რომელსაც ყველა სიხარულით და ხალისით ასრულებს.

გეოგრაფიული აღნიშვნა „ნინოწმინდის თაფლი“ რეგისტრირებულია საქპატენტში 2020 წლის 1 ოქტომბერს. დეტალური სპეციფიკაციის გაცნობა შესაძლებელია საქპატენტის ვებგვერდზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way