USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
გაზეთი "Haaretz" (ისრაელი): რატომ არ მოსწონს ისრაელს სტეპან ბანდერას განდიდება?
თარიღი:  424

ისრაელის გაზეთ „ჰაარეცის“ (Haaretz) ინგლისურენოვან ვერსიაში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გამარჯვებას მხოლოდ მაშინ მივაღწევთ, როცა რუსეთის იმპერია თავის არსებობას შეწყვეტს“ (ავტორი - სემ სოკოლი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

“უკრაინის პარლამენტმა - ვერხოვნა რადამ - გასულ კვირას თავის „ტვიტერ-ანგარიშში“ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც 1930-50-იანი წლების ულტრანაციონალისტისა და ანტისემიტის სტეპან ბანდერას გამონათქვამია ციტირებული: „უკრაინული ნაციონალიზმი მხოლოდ მაშინ გაიმარჯვებს სრულად და საბოლოოდ, როცა რუსეთის იმპერია თავის არსებობას შეწყვეტს“.

„ამჟამად რუსეთის იმპერიასთან ბრძოლა გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ „კარგად იცის, თუ ვინ არის და რა თქვა სტეპან ბანდერამ“.

იმ დროს, როცა სტეპან ბანდერამ მეორე მსოფლიო ომის პერიოდის დიდი ნაწილი გერმანელთა საკონცენტრაციო ბანაკში გაატარა, მისი თანამოაზრეები უკრაინის უკიდურესად მემარჯვენე ნაციონალისტთა ორგანიზაციიდან (ОУН - Організація українських націоналістів) და მათი გასამხედროებული ფრთა - „უკრაინელ ამბოხებულთა არმია“ (УПА - Українська повстанська армія) ეთნიკურ წმენდებში მონაწილეობდნენ, დახოცეს 10 ათასობით ებრაელი და პოლონელი.

უკრაინის ოფიციალური წრეებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ სტეპან ბანდერასა და მისი თანამოაზრეებს სამხედრო დანაშაული არ აქვთ ჩადენილი და პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, კიევმა ფართო კამპანია დაიწყო ОУН-ისა და УПА-ს რეაბილიტაციის მიზნით, თუმცა შემდეგ ეს ძალისხმევა შესუსტდა, როცა 2019 წელს ქვეყნის პრეზიდენტად წარმოშობით ებრაელი, კომიკური მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი იქნა არჩეული.

უკრაინის პარლამენტში გამოსვლისას 2016 წელს, ისრაელის იმდროინდელმა პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა დიპლომატიურად გააკრიტიკა კანონმდებლები ОУН-ისა და УПА-ს წევრების განდიდებისთვის და დეპუტატებს სთხოვა, რომ მათ უკრაინელი ანტისემიტების რეაბილიტირება არ განეხორციელებინათ. 2021 წელს კი, როცა ბაბი იარში 1941 წლის სექტემბერში მომხდარი ხოცვა-ჟლეტვის 80 წლისთავი მოახლოვდა, ისრაელის პრეზიდეტმა ისააკ ჰერცოგმა უკრაინის ხელისუფლება მიანიშნა, რომ „ნუ აჰყვებიან ცდუნებას მეორე მსოფლიო ომის სამხედრო დამნაშავეთა ჩადენილი „გმირობების“ განდიდებისა და კოლაბორაციონისტთა რეაბილიტაციიის მიზნით“.

2022 წელს, კიევში სტეპან ბანდერას ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გამართული ყოველწლიური მარშის შემდეგ კიევში ისრაელის ელჩმა ჯოელ ლიონმა თავის „ტვიტერ-ანგარიშში“ დაწერა, რომ „ისრაელი მტკიცედ გმობს ნაცისტური რეჟიმის კოლაბორაციონისტთა საქმიანობის პროპაგანდას და რომ დროა უკრაინა თავისი წარსულს [არასასიამოვნო ფაქტებს] შეურიგდეს“.

დადგა 2023 წელი. კიევში ისრაელის საელჩოს ჯერ-ჯერობით არანაირი განცხადება არ გამოუქვეყნებია, თუმცა როგორც „ჰაარეცს“ ისრაელის დიპლომატიურმა წყარომ შეატყობინა, „ჩვენ ბევრჯერ გავავრცელეთ ჩვენი პოზიცია, ოფიციალურად მივმართეთ უკრაინის ხელისუფლებას, მაგრამ, როგორც ჩანს, უშედეგოდ. ამჟამინდელი მომენტისათვის არაფრის გაკეთება აღარ შეგვიძლია“.

„სტეპან ბანდერას პასუხისმგებლობა ეკისრება მისი ორგანიზაციის  წევრების მიერ 1943-44 წლებში 100 ათასამდე პოლონელის მკვლელობის გამო“, - დაწერა „ტვიტერში“ კასპერ პლოჟინსკიმ, პოლონეთის სეიმის ევროკავშირის საქმეთა კომტეტის თავმჯდომარემ.

„ძალიან გასაკვირია, რომ იმ დროს, როცა უკრაინელი მეგობრები თვითონ ებრძვიან მსგავს რუს მხეცებს [და იძიებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულობებს], კიევში მაინც აგრძელებენ [ბანდერელთა] განდიდებას“, - აღნიშნავს პოლონელი დეპუტატი.

წყარო: https://www.haaretz.com/world-news/europe/2023-01-02/ty-article/.premium/victory-to-come-when-russia-ceases-to-exist-ukraine-parliament-quotes-nazi-collaborator/00000185-71dc-de47-afdf-f3fdb3410000

მოამზადა სიმონ კილაძემ

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის