USD 2.7558
EUR 3.1259
RUB 3.2753
თბილისი
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში
თარიღი:  437

გთავაზობთ გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში:

საქართველოს ექსპორტი 2024 წლის პირველ ნახევარში შემცირდა - რა საქონელი გავიდა ექსპორტზე:

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან უცხოეთში 2.84 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით ნაკლებია. კლების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საქართველოდან სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტის/რეექსპორტის 94%-იანი ვარდნაა, რაც $450 მილიონიან დანაკლისს წარმოადგენს. ასევე 6%-ით, 934 მილიონ დოლარამდე არის შემცირებული მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი/რეექსპორტი, თუმცა ავტომობილები კვლავ საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელია.

საექსპორტო საქონლის რეიტინგი:

1) მსუბუქი ავტომობილები - $934 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 6%;
2) ღვინოები - $156 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 24%;
3) ფეროშენადნობები - $143 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 30%;
4) სპირტიანი სასმელები - $132 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 59%;
5) ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $102 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 239%;
6) მინერალური და მტკნარი წყლები - $81 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 23%;
7) აზოტოვანი სასუქები - $61 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 38%;
8) გაზიანი შაქრიანი სასმელები - $58 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 1%;
9) მედიკამენტები - $53.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 9.5%;
10) ოქრო - $50 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 10%.

ივნისში ფულადი გზავნილები 21%-ით, 281 მილიონ დოლარამდე შემცირდა

2024 წლის ივნისში საქართველოში უცხოეთიდან 281 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 21%-ით, ანუ 59 მილიონი დოლარით ნაკლებია 2023 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ივნისშიც ფულად გზავნილებში პირველ პოზიციაზე რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც 49 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წლიურად 62%-ით არის შემცირებული, რაც მიგრაციული ეფექტის მილევაზე მეტყველებს.

სანაცვლოდ გაზრდილია გზავნილები იმ ქვეყნებიდან, სადაც საქართველოს მოქალაქეთა მიგრაცია მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. შედეგად გზავნილების სტატისტიკაში იტალიამ მეორე პოზიცია დაკარგა და ის აშშ-მა ჩაანაცვლა, საიდანაც ივნისში 48 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით მეტია. მესამე პოზიცია დაიკავა იტალიამ 46 მილიონის გზავნილებით (მატება 6%), ხოლო გერმანიიდან ფულადი გზავნილები 9%-ით, 22 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

Fitch-მა საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგი უცვლელად “BB-”-ზე დაადასტურა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა “საქართველოს რკინიგზის” საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, “BB-”-ზე დაადასტურა. ასევე უცვლელია კომპანიის რეიტინგის პერსპექტივა და ის “პოზიტიურია”. საქართველოს რკინიგზის შეფასება ერთი საფეხურით დაბალია საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგზე, რაც “BB” ნიშნულზეა, საგულისხმოა, რომ ივნისში Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზი გააუარესა და ის “პოზიტიურიდან” “სტაბილურამდე” შეამცირა, რაც შიდა პოლიტიკური გარემოს გაუარესებით, ასევე გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკებით იყო განპირობებული. Fitch-ი აღნიშნავს, რომ კომპანიისთვის გამოწვევას წარმოადგენს იმ სატრანსპორტო ნაკადების შენარჩუნება, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე ალტერნატიულ მარშრუტებზე, მათ შორის საქართველოს დერეფანზე გადმომისამართდა. თუმცა Fitch-ი მიუთითებს, რომ წინასწარი მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ 2022 წლის პიკის შემდგომ თანდათანობით მცირდება კომპანიის შემოსავლების მოცულობა.

KFW საქართველოს ენერგოსექტორის მხარდაჭერისთვის €100 მლნ-ის კრედიტს გამოუყოფს

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW) საქართველოს მწვანე ენერგეტიკის განვითარებისთვის 100 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს - შესაბამისი სასესხო შეთანხმება მხარეებმა 2024 წლის 17 ივნისს გააფორმეს, ხოლო დღეს რატიფიცირებისთვის პარლამენტში განიხილეს. საკრედიტო დაფინანსება 2024-2027 წლებზე არის გათვლილი და მის ფარგლებში საქართველომ მდგრადი და მწვანე ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით უნდა გაატაროს რეფორმები. კრედიტი ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს წარმოადგენს და ის სახელმწიფოს კონკრეტული რეფორმების განხორციელების პარალელურად ჩაერიცხება. ეს სესხი წარმოადგენს 2018 წელს KFW-სა და ფრანგული AFD-ს მიერ დაწყებული ენერგეტიკის მხარდამჭერი საკრედიტო შეთანხმების გაგრძელებას, რომელიც 6 ფაზად განხორციელდა და რომლის ფარგლებშიც საქართველომ 641 მილიონი ევროს დაფინანსება უკვე მიიღო.

სახელმწიფო ბიუჯეტი რკინიგზას სამგზავრო გადაყვანებისთვის 8 მილიონიან კომპენსაციას გადაუხდის

საქართველოს რკინიგზა სახელმწიფოსგან მგზავრთა გადაყვანის სერვისის შესრულებისთვის 8 მილიონი ლარის დაფინანსებას მიიღებს - შესაბამის შეთანხმებას ხელი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ “სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტომ” და “საქართველოს რკინიგზამ” მოაწერეს. BMG-მ პროექტის შესახებ მიმართა საქართველოს რკინიგზას, სადაც წერილობით გვიპასუხეს, რომ 8 მილიონი ლარი წარმოადგენს 2024 წელს მისაღები დაფინანსების ზღვრულ ოდენობას, ხოლო უშუალოდ რა თანხას მიიღებს კომპანია ეს იმ პარამეტრებით დადგინდება, რომლებიც სააგენტოსა და კომპანიას შორის გაფორმებულ შეთანხმებაშია განსაზღვრული.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოს რკინიგზის მგზავრთნაკადი 42%-ით, 2.28 მილიონ მგზავრამდე გაიზარდა, მგზავრებიდან მიღებული შემოსავალი კი 50%-ით 41.2 მილიონ ლარამდე გაიზარდა. საქართველოს რკინიგზის 2023 წლის ფინანსურ ანგარიშში არაა მითითებული თუ რამდენი მილიონი ლარის ზარალი იყო დაკავშირებული გასულ წელს სამგზავრო გადაყვანებთან, თუმცა ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს რკინიგზის ზარალი ამ საქმიანობიდან 7.5 მილიონი ლარი იყო.

"მაგთის" მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის ოპერატორის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს

პარასკევს კომუნიკაციების კომისიამ დაასრულა ორდღიანი სხდომა, რომელზედაც ტელეკომუნიკაციების ბაზრის სიღრმისეული კვლევის მიგნებები განიხილებოდა. კვლევა ევროპელი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა და მისი მიხედვით, საქართველოს მობილური ტელეკომუნიკაციების ბაზარი არაკონკურენტულია, რის საპასუხოდაც მნიშვნელოვანია ისეთი ცვლილებების გატარება, როგორიცაა მობილური ვირტუალური ოპერატორების გაჩენა და სხვა ცვლილებების გატარება, რომლებიც კონკურენციის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.

კომუნიკაციების კომისია საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას 26 ივლისის სხდომაზე მიიღებს. "მაგთისთვის" ამ სტატუსის მინიჭების შემთხვევაში კომუნიკაციების კომისიას შეეძლება კომპანიას განუსაზღვროს ახალი რეგულაციები, რაც კომისიის წევრების განცხადებით, ბაზარზე კონკურენციის მხრივ არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს. საუბარია ვირტუალური ოპერატორის დაშვების მოთხოვნასა და სხვა რეგულაციებზე რომელიც "მაგთის" შეიძლება განესაზღვროს.

საპენსიო სააგენტომ "თეგეტა ჰოლდინგის" ობლიგაციებში 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა

საქართველოს საპენსიო სააგენტომ "თეგეტა ჰოლდინგის" მიერ გამოშვებულ 10-მილიონიან ობლიგაციებში 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა - ამის შესახებ "საპენსიო სააგენტოს" მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ BMG-ის განუცხადა. "თეგეტა ჰოლდინგმა" 10 მილიონი ლარის ღირებულების 2 წლის ვადიანობის ობლიგაციები 2024 წლის 5 ივლისს განათავსა. ახალი ფასიანი ქაღალდის წლიური განაკვეთი 13.5%-ს შეადგენს.

შედეგად, ეს გახდა რიგით მეხუთე კერძო კორპორაციული ობლიგაცია, რომელშიც საპენსიო სააგენტომ თანხა დააბანდა. შედეგად, საპენსიო სააგენტოს დაბანდებები ქართულ ობლიგაციებში ასე ნაწილდება:

სს "ნიკორა" - 3.5 მილიონი ლარი;
სს "თიბისი ლიზინგი" - 18.7 მილიონი ლარი;
სს "თიბისი ლიზინგი" - 3 მილიონი ლარი;
სს "საქართველოს კაპიტალი" - 5.6 მილიონი დოლარი;
შპს "სელფი მობაილი" - 13 მილიონი ლარი;
შპს "თეგეტა ჰოლდინგი" - 2 მილიონი ლარი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საინვესტიციო კლიმატი საქართველოში - ძლიერი და სუსტი მხარეები

საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები კარგია და რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოს უკეთესი პოზიცია აქვს, თუმცა არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად და კომპეტენტურად, - ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც საქართველოში 2024 წლის საინვესტიციო გარემოს აფასებს.

ანგარიშის თანახმად, მაღალი დონის კორუფცია კვლავ სუსტ მხარედ ნარჩუნდება - "საჭიროა შემდგომი ძალისხმევა მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ, უფრო კონკრეტულად კი იმ გავლენების დასაძლევად, რომელიც არსებობს პოლიტიკურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ სფეროებზე," - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არის საუბარი, უკავშირდება ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ინსტიტუციური დამოუკიდებლობა აკლია.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს, საქართველოში არსებობს მუდმივი ცნობები სასამართლოს ფუნქციონირებაში პოლიტიკური ჩარევების, ასევე მოსამართლეებზე პოლიტიკური ზეწოლის მიმართულებით. ხოლო აღნიშნული ცნობები იწვევს სამართლებრივი სისტემის მიმართ ნდობის შემცირებას. “მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, რჩება სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები.

მოსამართლეები დაუცველნი არიან პოლიტიკური ზეწოლის მიმართ სასამართლოს შიგნით და მის გარეთ. არსებობს მუდმივი ცნობები პოლიტიკური ჩარევისა და კანონის უზენაესობის უპატივცემულობის შესახებ საკუთრების უფლების რიგ საქმეებში,"- ნათქვამია დოკუმენტში.

ფინანსური თვალსაზრისით, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საბანკო რეგულაციები ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამება, ხოლო ბანკები სტაბილური და კარგად კაპიტალიზებულნი არიან. თუმცა, ანგარიშში ნათქვამია, რომ კრედიტზე ხელმისაწვდომობა (საპროცენტო განაკვეთი) არაერთი ბიზნესის შეფასებით ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს.

"საბანკო სისტემა არის სტაბილური, კარგად კაპიტალიზებული, ლიკვიდური და მომგებიანი. ფინანსური სექტორი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდურ ბუფერებს პოტენციურ საფრთხეებთან გასამკლავებლად. უმოქმედო სესხების წილი კლებულობს. საქართველოს საბანკო ზედამხედველობის პრაქტიკა და რეგულაციები მნიშვნელოვნად პროგრესირდა და დიდწილად შეესაბამება ბაზელის/ევროკავშირის დირექტივებს", - აღნიშნულია ანგარიშში.

ჩინეთის რკინიგზას საქართველო-ყაზახეთი-აზერბაიჯანის რკინიგზების ერთობლივ კომპანიასთან მიერთების სურვილი აქვს

ჩინეთის სახელმწიფო რკინიგზას სურს მონაწილეობა მიიღოს საქართველოს-აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნებულ ერთობლივ კომპანიაში, რომელიც შუა დერეფანში ტვირთების კოორდინაციის მიზნით გასული წლის ბოლოს დაფუძნდა. ჩინეთის რკინიგზის დელეგაციამ პარასკევს საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორთან, დავით ფერაძესთან გამართა შეხვედრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს რკინიგზის ძირითადი მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს, რომლის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა. საუბარი ასევე შეეხო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზს, რომელიც სრულ ექსპლუატაციაში უახლოეს მომავალში შევა. BMG-იმ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმართა კითხვებით საქართველოს რკინიგზას, სადაც გვითხრეს, რომ ჩინეთის რკინიგზის ერთობლივ კომპანიაში ჩართვის შესახებ ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ.

წყარო:https://bm.ge/

კულტურა
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.