ევროპარლამენტში კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბელგიის პოლიციამ 1,5 მილიონი ევრო ამოიღო, თუმცა, როგორც გამოცემა Politico წერს, „ეს შესაძლოა ფულით სავსე აისბერგის მხოლოდ მწვერვალი იყოს“.
გამოცემამ მოიპოვა წვდომა ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერის, ევა კაილის დაკავების ორდერზე, რომელშიც ნათქვამია, რომ მთავარმა ეჭვმიტანილებმა „რამდენიმე მილიონი ევრო მიიღეს“.
„თანხის მნიშვნელოვანი ოდენობა ფარულად, მაროკოსა და კატარში ნაღდი ფულის სახით იყო გადახდილი“, - აღნიშნულია დაკავების ორდერში.
დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი ბრიუსელში ბაზირებული ქსელის, რომლის მუშაობასაც კატარის შრომის მინისტრი, ალი ბინ სამიჰ ალ-მარი ხელმძღვანელობდა. როგორც დაკავების ორდერშია აღნიშნული, ალ-მარი მითითებებს ყოფილ ევროდეპუტატს, პიერ ანტონიო პანცერის აძლევდა, რომელმაც დაკავების შემდეგ ბრალი აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
საქმეში ასევე ფიგურირებს ევა კაილის მეგობარი კაცი და თანაშემწე ფრანჩესკო ჯიორჯი, რომელიც წარსულში პიერ ანტონიო პანცერის თანაშემწედ მუშაობდა. ორდერის თანახმად, პანცერისა და კაილის შორის კომუნიკაცია სწორედ ფრანჩესკო ჯიორჯის შუამავლობით მიმდინარეობდა.
რაც შეეხება ფულად თანხებს, დაკავების შემდეგ მალევე ევა კაილის ბინაში 150 000 ევრო იპოვეს, პანცერის სახლში სამართალდამცველებმა 700 000 ევრო იპოვეს. კიდევ 150 000 ევრო იყო ჩანთაში, რომელიც ევა კაილის მამას ბრიუსელში, ერთ-ერთ სასტუმროში ჰქონდა თან. როგორც გამოძიებას ევა კაილიმ განუცხადა, როდესაც მან პანცერისა და ჯიორჯის საქმიანობის შესახებ შეიტყო და სახლში ფული აღმოაჩინა, მან სთხოვა მამას, ალექსანდერ კაილისს, ფული ბრიუსელის ერთ-ერთ სასტუმროში წაეღო, საიდანაც შემდეგ ფულს მისი მეპატრონე წაიღებდა. გამოძიება კი ამტკიცებს, რომ ევა კაილის ფულის დამალვა სურდა.
10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი, ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. ის ფიგურირებს ანტიკორუფციულ გამოძიებაში, რომელიც კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობას ეხება. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 600 ათასი ევრო, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.
11 დეკემბერს, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კორუფციულ სკანდალში გახვეულ ევა კაილის მანდატი შეუჩერა. 2023 წლის თებერვალში პოლიციამ ამავე საქმეზე კიდევ ორი ევროდეპუტატი, მარკ ტარაბელა და ანდრეა კოცოლინო დააკავა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/