USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
თბილისი
«Aftenposten» (ნორვეგია): „ვიეტნამის ჯუნგლები“ უკრაინაში: „სერებრიანის ტყეში ისეთი ბრძოლებია, რომ იქიდან ცოტა თუ ვინმე გამოდის უვნებელი“
თარიღი:  515

ნორვეგიული მაღალტირაჟიანი მთავარი გაზეთი „აფტენპოსტენი“ (Aftenposten) აქვეყნებს სტატიას სათაურით „სერებრიანის ტყიდან ცოტა თუ ვინმე გამოდის უვნებელი. ვინ დაიხევს უკან პირველი?“ (ავტორი - პერ-ანდერს იუჰანსენი), რომელშიც უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ხარკოვის ფრონტზე მიმდინარე ბრძოლებია მიმოხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სანამ უკრაინის არმია სამხრეთში, ზაპოროჟიეს ფრონტზე ახალი ძალებით იბრძვის სამთვიანი კონტრშეტევის მთავარი მიზნის მისაღწევად, ჩრდილოეთში, ხარკოვის ფრონტზე რუსეთის არმიამ გასულ თვეში თავისი შეტევა წამოიწყო.

სერებრიანის ტყეში საშინელი ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ მასზე ცოტას წერენ და ლაპარაკობენ. ამ ადგილას რუსები ნელ-ნელა წინ მიდიან, მაგრამ ძალზე სისხლისმღვრელი შეტაკებებით. დონბასის ჩრდილოეთით, ხარკოვის ოლქის ტერიტორიაზე, სამხრეთის სტეპური რეგიონისაგან განსხვავებით, უღრანი ტყეები მდებარეობს, აქ მდინარეები და ჭაობებია.

„ჯოჯოხეთი“ და „ვიეტნამის ჯუნგლები“

უკრაინელი ჯარისკაცები სერებრიანის ტყეს „ჯუნგლებს“ უწოდებენ. სამწუხაროდ, ამ გაუვალ ადგილში ძალიან ბევრი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იღუპება ისე, რომ შემდეგ მათი გვამების დასაფლავებასაც ვერ ახერხებენ. ვინ დაიხევს უკან პირველი?

„ეს ჯოჯოხეთია დედამიწაზე“, - ამბობენ ჯარისკაცები.

„ალბათ, ამ ადგილზე უარესი არსად არ არის. ვერც კი წარმოვიდგენ უფრო საშინელ მდგომარეობას, როგორიც სერებრიანის ტყეშია შექმნილი“, - ამბობს ჩემთან საუბარში უკრაინის არმიის ასეულის მეთაური, მეტსახელად „დაღიანი“, - ჩემი ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობიდან მხოლოდ 30%-ღა დარჩა უვნებელი“.

ზოგიერთი ჯარისკაცი, რომელსაც ბახმუტის (არტემოვსკის - რუს.) ბრძოლებშიც მიუღია მონაწილეობა, ამბობს, რომ საომარი სიტუაცია სერებრიანის ტყეში ბევრად უარესია.

„აქ უკრაინის ვიეტნამია“, - აღიარებენ ისინი. იშვიათად, მაგრამ იგივეს წერს უკრაინის მასმედიაც.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ ბრძოლა სტეპში მოგვიწევდა, მაგრამ აქ მოგვიყვანეს. ეს ტყე პირდაპირ ჯუნგლებია. ახლა რომ მშვიდობა იყოს, აქაური ბუნება მიმზიდველი იქნებოდა, მაგრამ ომის დროს აქ ყველაფერი საზარელი ხდება“, - აღნიშნავენ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები.

საზაფხულო კონტრშეტევა თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება. უკრაინის არმიამ უკვე მთლიანად ჩააბა საომარ ოპერაციაში თავისი უკანასკნელი რეზერვები. აქვთ თუ არა უკრაინელებს გამარჯვების შანსი? ეს ჯერ არავინ არ იცის.

სერებრიანის ტყეში ბევრ ადგილზე ხანძრებია და ცაში კვამლის ბოლქვები ადის. რუსები უკრაინელების ტყიდან გაძევებას მძიმე მექანიზებული ცეცხლმტყორცნებით ცდილობენ. რუსებს საკმაოდ გამაგრებული პოზიციები აქვთ, ტრანშეებით, საცეცხლე წერტილებით, მიწისქვეშა გვირაბებით. „სერებრიანის ტყეში გვამებისგან ისეთი სუნი დგას, რომ გამოცდილი ჯარისკაცებიც კი ვერ იტანენ“, - წერს ერთ-ერთი სამხედრო ბლოგერი ინტერნეტ-გამოცემაში, - მათ სახე სქელი ქსოვილით აქვთ შეხვეული, გააქტივებულ ნახშირთან ერთად“.

შიშის განცდა „ჯუნგლებში“

როგორც უკრაინელი მებრძოლი, მეტსახელად „ფუგასი“ ამბობს, მებრძოლებს ყველაზე ძალიან მაშინ ეშინიათ, როცა რუსეთის ავიაცია მართვად, პლანირებად ბომბებს ყრის. მათი აფეთქების შემდეგ გიგანტური კრატერები რჩება და ყოველივე ცოცხალი იღუპება.

„მტერი აქტიურად იყენებს პლანირებად ბომბებს. რუსები ზემოდან გვზვერავენ და ჩვენს სამეთაურო პუნქტებს პოულობენ. ისინი დიდი ძალებით გვიტევენ, რიცხობრივი უპირატესობა მათ მხარეზეა“, - ამბობს „ფუგასი“.

სერებრიანის ტყეში დაჭრილების გადარჩენა ძნელად ხერხდება. „უამრავი ამპუტაციის გაკეთება გვიხდება“, - ამბობს სანიტარული ექიმი ალინა, - ევაკუაციაც ძალიან ძნელია, დიდი და სახიფათო გზაა გასავლელი“.

საინტერესოა, რომ ალინა ეჭვის თვალით უყურებს უკრაინისა და დასავლური მასმედიის რიხიან მოწოდებებს „სრული გამარჯვების“ თაობაზე და კრიტიკულად არის განწყობილი. „მათ წარმოდგენა არ აქვთ, თუ რა ხდება რეალურად ფრონტებზე. ვინ შეცვლის დაღუპულ-დაჭრილებს? ვინ ჩაანაცვლებს იმათ, რომლებიც უახლოეს დღეებში დაიღუპებიან? მე არავითარ გამარჯვებას არ ველოდები უახლოეს ხანში“, - აცხადებს სანიტარული ექიმი.

რა ხდება ფრონტებზე?

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ბრძოლები გადამწყვეტ ფაზაში შედის - კიევის არმიის საზაფხულო შეტევა დასასრულს უახლოვდება.

- სამხრეთის ფრონტი: უკრაინელებმა კიდევ ერთი სოფელი დაიკავეს - რობოტინო. ზოგიერთ ადგილზე უკრაინის არმიამ დანაღმული ველები გადალახა, წინ 10-12 კილომეტრით წაიწია და რუსების სამხაზიანი თავდაცვის ზოლიდან მეორეს მიუახლოვდა.

- ჩრდილოეთის ფრონტი: რუსეთის არმია სერებრიანის ტყიდან კუპიანსკისაკენ წინ მიიწევს, თუმცა უკრაინელები დიდ წინააღმდეგობას უწევენ.

- აღმოსავლეთის ფრინტი: ბახმუტთან უკრაინელები რამდენიმე ასეული მეტრით წინ წავიდნენ, მაგრამ ბრძოლის ველზე თავიანთი საუკეთესო ჯარისკაცები დატოვეს.

კრიტიკა ქვეყნის შიგნით და გარეთ

ქვეყნის შიგნით კრიტიკა მატულობს. უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსები შიშობენ, რომ კონტრშეტევის სავარაუდო წარუმატებლობას, ტაქტიკურ და სტრატეგიულ შეცდომებს სერიოზული [პოლიტიკური] შედეგები მოჰყვება. როგორც ჯერ-ჯერობით ჩანს, საბრძოლო მოქმედებები თანდათან ჩიხში შედის.

ამერიკული და გერმანული პრესა უკრაინელ გენერლებს აკრიტიკებს ძალების არასწორი განლაგებისა და მათი გაფანტვის გამო, თუმცა აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ექსპერტები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და იმედი აქვთ, რომ უკრაინის არმია ცოტა ხანში სამხრეთის ფრონტზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევს. „რუსები უკვე დასუსტდნენ, მათ ბრძოლები ძალიან ძვირად უჯდებათ. რუსულ მეორე თავდაცვით ხაზს უკრაინელები უფრო იოლად გაარღვევენ“, - წერენ ისინი. 

რატომაა მნიშვნელოვანი სერებრიანის ტყე?

გასული წლის ზაფხულის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა მოითხოვა, რომ რუსეთის არმიას ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების (ე.წ. „რესპუბლიკების“) დარჩენილი ტერიტორიაც გაეთავისუფლებინა უკრაინელებისაგან. ამისათვის რუსებს სერებრიანის ტყეში შესვლა მოუწიათ. მოგვიანებით, შარშან, აგვისტო-სექტემბრის ცნობილი შეტევის დროს უკრაინელებმა რუსები ტყიდან გააძევეს, მაგრამ ახლა ისევ რუსები უტევენ.

საქმე იმაშია, რომ  სერებრიანის ტყეს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს: რუსებისათვის ტყე გასაღების როლს ასრულებს სლავიანსკისა და კრამატორსკის დასაკავებლად. უკრაინელებისთვის კი ლუგანსკის ოლქის რიგი ქალაქების გასათავისუფლებლად.

რუსეთის არმიის სარდლობას იმედი აქვს, რომ სერებრიანის ტყეში შეტევა უკრაინის არმიის ძალების გაფანტვას გამოიწვევს - კიევი იძულებული გახდება სამხედრო ქვედანაყოფები სამხრეთიდან ჩრდილოეთში გადაისროლოს.

პროგრესის ალბათობა

ანალიტიკოსები და ექსპერტები, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სხვადასხვანაირად მსჯელობენ: „ახლა ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ უკრაინელებმა სიტუაციის სტაბილიზება მოახერხეს“, - ამბობს ანალიტიკოსი მაიკლ კოფმანი.

მაგრამ ყველაზე მთავარი საკითხია ის, თუ რამდენად შორს წავა უკრაინის კონტრშეტევა სამხრეთში. სავარაუდოდ, ამაზე პასუხი მაშინ გვექნება, როცა უკრაინელები რუსების მეორე თავდაცვის ხაზს მიადგებიან.

„შეტევა თეორიულად კიდევ შეიძლება გარკვეული პროგრესით განვითარდეს, მაგრამ რეალურად ისეთი სიტუაციაა, რომ მოსახდენი უკვე მოხდა - [უკრაინაში და საზღვარგარეთ] უმეტესობა პესიმისტურადაა განწყობილი“, - ასკვნის მაიკლ კოფმანი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.aftenposten.no/verden/i/nQJk5Q/faa-kommer-ut-av-denne-skogen-i-live-slaget-i-nord-er-en-naadeloes-jungelkrig

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის