USD 2.7362
EUR 3.1677
RUB 3.4602
თბილისი
ფრიდრიხ მერცი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს - თქვენი დაკარგვა არ გვინდა
თარიღი:  502

მსოფლიო შევიდა ეპოქაში, რომელიც კვლავ ძალაუფლებითა და დიდი სახელმწიფოების პოლიტიკით ხასიათდება, ბოლო წლებში ვხედავთ მზარდ დაძაბულობასა და კონფლიქტებს მსოფლიოში, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ძველი მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს. ამ კონტექსტში გერმანიის კანცლერმა ისაუბრა რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ.

„გლობალური წესრიგი, რომელიც უფლებებსა და წესებს ეფუძნებოდა, წარსულს ჩაბარდა. გადავკვეთეთ ეპოქის ზღვარი, რომელიც კვლავ ღიად ხასიათდება ძალაუფლებითა და დიდი სახელმწიფოების პოლიტიკით“, - აღნიშნა მერცმა.

მისი თქმით, გამოწვევების გადასალახად აშშ-ევროპის კავშირები უნდა გამოსწორდეს.

„დიდი სახელმწიფოების მეტოქეობის ეპოქაში, შეერთებული შტატებიც კი ვერ იქნება საკმარისად ძლიერი, რომ მარტო იმოქმედოს. ატლანტიკის ორივე მხარეს უნდა გავაცნობიეროთ, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ. ასე რომ, მოდით ერთად აღვადგინოთ და გამოვაცოცხლოთ ტრანსატლანტიკური ნდობა“, - განაცხადა მერცმა.

მისი თქმით, თავისუფლება, რომლითაც ევროპის კონტინენტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სარგებლობს, „აღარ არის მოცემულობა“.

კანცლერმა მოუწოდა ევროპულ ქვეყნებს, გამოიჩინონ სიმტკიცე და მტკიცე გადაწყვეტილება ამ თავისუფლების დასამკვიდრებლად ჩინეთის, რუსეთის და შეერთებული შტატების მიერ მსოფლიო წესრიგისთვის შექმნილი გამოწვევების ფონზე.

„ეს მოითხოვს მზადყოფნას, ახალ დასაწყისებში, ცვლილებებში ჩასართავად. დიახ, ასევე მსხვერპლის გაღებაში. არა ოდესმე, არამედ ახლავე“, - აღნიშნა მერცმა.

მისივე თქმით, უნდა მოხდეს ევროპის უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალის სრულად რეალიზება, თუ ბლოკს სურს, გლობალურ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

მერცმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 10-ჯერ აღემატება რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას, ბლოკის გლობალური გავლენა ამ მაჩვენებელს არ ასახავს.

„ჩვენი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და ტექნოლოგიური პოტენციალი უზარმაზარია, მაგრამ ჩვენ დიდი ხანია არ გამოგვიყენებია ის საჭირო დონით. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ახლა ჩვენს გონებაში გადართვა მოვახდინოთ“, - აღნიშნა მერცმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მეტი ქვეყნის გასაწევრიანებლად ახალი სტრატეგიის შემუშავებაა საჭირო.

მერცმა უპასუხა მონტენეგროს პრეზიდენტის, იაკოვ მილატოვიჩის კითხვას, შეძლებს თუ არა ევროკავშირის გაფართოება ევროპის გლობალური კონკურენტუნარიანობის გაზრდას.

„დიახ. ჩვენ ბევრ ქვეყანას დავპირდით ევროკავშირში გაწევრიანებას და გულწრფელად რომ ვთქვა, სულ უფრო და უფრო არაკომფორტულად ვგრძნობ თავს თქვენი ქვეყნების მიმართ ჩვენი მიდგომით. არ მინდა თქვენი დაკარგვა. თქვენ ევროპის კონტინენტის ნაწილი ხართ და შესაბამისად, პოტენციურად ევროკავშირის ნაწილიც ხართ“, - აღნიშნა მერცმა.

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ აპრილში შემდგომი ნაბიჯები გადაიდგმება, რათა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მონტენეგრო, „ბოლოს და ბოლოს ევროკავშირს უფრო დაუახლოვდნენ“.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის