USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
„ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) : „კრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ: ვისი ბრალია რუსეთის არმიის გარღვევა უკრაინის აღმოსავლეთში? კურსკის ოლქში შეჭრით პოკროვსკის მიმართულება დასუსტდა“
თარიღი:  353

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) საკვირაო ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ: ვისი ბრალია რუსეთის არმიის გარღვევა უკრაინის აღმოსავლეთში? კურსკის ოლქში შეჭრით პოკროვსკის მიმართულება დასუსტდა“ (ავტორი - ქრისტოფერ მილერი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

 მას შემდეგ, რაც რუსეთის არმია ზედიზედ აღწევს წარმატებებს აღმოსავლეთის ფრონტზე (დონბასში), პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ კრიტიკის შკვალი გაძლიერდა - როგორც ჯარსიკაცებისა და ოფიცრების, ასევე სამხედრო ანალიტიკოსებისა და კანონმდებლების მხრიდან: კურსკის ოლქში უკრაინას თავისი სამხედრო ქვედანაყოფები არ უნდა შეეყვანა, რადგანაც ამით აღმოსავლეთის ფრონტი გაშიშვლდა და სწორედ ამიტომ მოიწევენ წინ კრემლის ჯარებიო.

დიახ, ბევრ უკრაინელს გაეხარდა კურსკის ოლქში უკრაინის არმიის ქვედანაყოფების ანაზდეული შეჭრა აგვისტოს დასაწყისში და იმედოვნებდნენ, რომ კიევის ესოდენ გაბედული გამბიტი რუსეთის გენშტაბს აიძულებდა რესურსების გადანაწილებას და აღმოსავლეთის ფრონტზე ძალთა ბალანსის კიევის სასარგებლოდ შეცვლას.

მაგრამ მოხდა პირიქით: რუსეთმა დონბასის ფრონტზე კონტრშეტევა უფრო გაამწვავა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდა უკრაინის ლოჯისტიკურ მთავარ რეგიონულ ცენტრს - ქალაქ პოკროვსკს, რომლის დაკარგვა ძალიან დიდი დარტყმა იქნება ქვეყნისათვის (პოკროვსკში განთავსებულია უკრაინის არმიის მომარაგების მთავარი ბაზა. ეს ქალაქი არის მსხვილი სატრანსპორტო და სამრეწველო ცენტრი, აქ მოიპოვებენ კოქსურ ქვანახშირს - აუცილებელს  უკრაინის მეტალურგიისათვის, აქვე ახლოს მდებარეობს ლითიუმის დიდი საბადოც).

კოსმოსური ტანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოსურათების ანალიზი აჩვენებს, რომ უსეთის სამხედრო ქვედანაყოფები პოკროვსიდან მხოლოდ 8 კილომეტრის დაშორებით იმყოფებიან. ადგილობრივი ხელისუფლებამ უკვე გასცა ბრძანება მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ.

კიეველი სამხედრო ანალიტიკოსი ალექსანდრე კოვალენკო პოკროვსკსთან ახლოს შექმნილ სიტუაციას „თავდაცვის სრულ დარღვევას“ უწოდებს. „ეს რიგითი ჯარისკაცების ბრალი არ არის. ეს არის პრობლემა მათთვის, ვინც ზემოთ იღებს გადაწყვეტილებებს“, - მიანიშნა ექსპერტმა უკრაინის ხელმძღვანელობაზე.

რა თქმა უნდა, სამხედრო მოსამსახურეები ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავენ და შეშფოთებულნი არიან პოკროვსკის ირგვლივ არსებული თავდაცვის ზღუდეების სუსტი მდგომარეობით. ოფიცერი ჟენია, რომელიც უკრაინის არმიის 93-ე მექანიზებულ ბრიგადაში მსახურობს და რომელსაც ბახმუტის 9-თვიანი უმძიმესი სისხლისმღვრელი ბრძოლები აქვს გადატანილი, „ფაინენშელ თაიმსის“ კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნავს, რომ მას ზემოდან რეალობის შეუსაბამო არასწორ ბრძანებებს აძლევენ, ზემდგომ ორგანოებს არაადექვატური რეაქცია აქვთ სექმნილი სიტუაციის მიმართ: „გულახდილად გეტყვით, მსგავსი რამ ადრე არ მინახავს. პოკროვსკთან ყველაფერი სწრაფად ირღვევა და ვფიქრობ, ეს ქალაქი უფრო მალე დაეცემა, ვიდრე ბახმუტი“.

30 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინის არმიის ნაწილებმა დაბა ნოვოგროდოვკა დატოვეს, რომელიც პოკროვსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 8 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. კიევის თავდაცვითი სტრატეგიის ანალიტიკური ცენტრის განცხადებით, შექმნილი რთული სიტუაცია მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინის არმიას რეზერვები არ ჰყოფნის ესოდენ მნიშვნელოვანი საკვანძო ქალაქის დასაცავად.

ვერხოვნა რადას დეპუტატმა მარიანა ბეზუგლაიამ, რომელიც თავდაცვის კომიტეტის წევრიც არის, თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვყნა ნოვოგროდოვკას ახლოს გადაღებული ფოტოსურათები, სადაც იგი ახლახანს იმყოფებოდა. მისი განცხადებით, პოკროვსკი რუსეთის არმიისათვის ფაქტიურად უკვე ღიაა. „ქალაქის ახლოს სანგრები ცარიელია, იქ ჯარისკაცები არ არიან. ოციათასიანი პოკროვსკი დაუცველია“, - წერს იგი სოციალურ ქსელში და მკაცრად აკრიტიკებს არმიის სარდლობას.

თავის მხრივ, ჯარების მთავარსარდალი ალექსანდრე სირსკი აცხადებს, რომ ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა პოკროვსკის მისადგომების გასამაგრებლად, არმიის ქვედანაყოფები უზრუნველყოფილნი არიან საბრძოლო მასალებით და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით“. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ეთანხმება თავის სარდალს და ამბობს, რომ რთული სიტუაციის მიუხედავად, კურსკის ოლქში შეჭრის შემდეგ პოკროვსკთან ახლოდ რუსეთის არმიის შეტევა მნიშვნელოვნად შესუსტდა, ანუ უკრაინის არმიის ოპერაცია გამართლებულია - რუსეთმა ძალები კურსკში გადაისროლაო.

სინამდვილეში კი რა ხდება? რუსები წინ უფრო სწრაფად მიდიან, ვიდრე წინა თვეებში, სანამ უკრაინელები კურსკის ოლქის სუჯას რაიონში შეიჭრებოდნენ. „პოკროვსკტან ახლოს, ნოვოგროდოვკასტან სრული ქაოსია გამეფებული. ბოლო სამი კვირის განმავლობაში რუსებმა პრაქტიკულად ერთი დარტყმით დაიკავეს ოცამდე სოფელი და დაბა, მათ შორის ნიუ-იორკიც, რომელიც საკმაო ხანს იყო უკრაინის არმიის საყრდენი“, - ამბობს სამხედრო ექსპერტი რომან პოგორელი, ანალიტიკურ ჯგუფ Deep State-დან, რომელსაც თავდაცვის სამინისტროსთან აქვს კავშირები.

როგორც ლონდონში მდებარე საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი რობ ლი განმარტავს, რუსეთის წარმატება დონბასში გამოწვეულია იმით, რომ უკრაინის არმიას გამოცდილი ქვეითები არ ჰყოფნის - კიევმა ისინი პოკროვსკის მისადგომებიდან მოხსნა და კურსკის ოლქში შესაჭრელად გამოიყენა. „უკრაინას რაც კი რეზერვები ჰქონდა, ბრძოლებში გამოწრთობილი მეომრების სახით, ყველა კურსკის ფრონტზე გადაისროლა და ახლა დონბასში, აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე გაჩენილი ხვრელების ამოქოლვას სასწრაფოდ ახალწვეულებით, გამოუცდელი ჯარისკაცებით ცდილობს, რომლებმაც არ იციან როგორ იმოქმედონ რეალურ ბრძოლაში“, - ამბობს რობ ლი „ფაინენშელ თაიმს“-თან საუბარში.

 „ახალბედები გაოგნებულები არიან“, - აღნიშნავს უფროსი ლეიტენანტი, რომლის ქვედანაყოფი პოკროვსკთან ახლოს არის განლაგებული, - ამიტომაც ისინი რუსების პირველივე შემოტევისას და პირველივე აფეთქების ხმის გაგონებისას უკანმოუხედავად გარბიან“.

საარტილერიო ქვედანაყოფის ჯარისკაცებიც ჩივიან, რომ ჭურვები არ ჰყოფნით და ცეცხლის ინტენსიურობის მხრივ ისინი სერიოზულად ჩამორჩებიან რუსებს. „ჭურვები დაგვიანებით და ცოტა მოაქვთ. სწრაფად გვითავდება. მესმის, რომ საბრძოლო მასალებით უპირველესად კურსკის ოლქში შეჭრილი მეომრები მარაგდებიან, მაგრამ აქაც რომ აუცილებლად გვჭირდება?, - კრიტიკულად  არის განწყობილი ქვემეხის ეკიპაჟის მეთაური.

უკრაინელი სამხედრო ექსპერტები აღიარებენ, რომ რუსებს მართლაც აქვთ ტაქტიკური უპირატესობა, რომელიც განმტკიცებულია ავიაციით, დრონებითა და საარტილერიო საშუალებებით. როგორც უკრაინელი ჟურნალისტი სტანისლავ ასეევი ამბობს (იგი ჯარში მსახურობს და ამჟამად ფრონტზე იმყოფება), პოკროვსკის აღებასთან ერთად, არ არის გამორიცხული, რომ რუსებმა უკრაინის არმიის მთელი სამხრეთის დაჯგუფება გაანადგურონ.

„და ამ დროს პოკროვსკის მერია, იმის ნაცვლად, რომ თავდაცვის ზღუდეები გაამაგროს, ქალაქში ყვავილების დარგვით [და ასფალტის დაგებით] არის დაკავებული. ამ ყველაფერს, რაც აშკარად გასაგებია სანგარში მჯდომი ჯარისკაცისათვის, სარდლობა ვერ ამჩნევს ან არ სურს დაინახოს. რა შეიძლება გაკეთდეს ახლა პოკროვსკისათვის? ერთადერთი ვარიანტია რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო მოსახლეობის გაყვანა. ვფიქრობ, რომ ქალაქი მალე არსებობას შეწყვეტს“.

Frontelligence Insight-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, უკრაინის არმიის სარდლობას ჯერ კიდევ შეუძლია ფრონტის ხაზის გამაგრება და დონბასში, პოკროვსკთან სხვა ადგილებიდან ჯარების თავმოყრა. ცხადია, რომ თუ პოკროვსკი დაეცემა, რუსეთს გზა გაეწმინდება საოლქო ცენტრ დნიპროსაკენ (ყოფ. დნეპროპეტროვსკისაკენ), რომელიც უკრაინის სიდიდით მე-4 ქალაქს წარმოადგენს.

წყარო: https://www.ft.com/content/e63ce931-d3a1-4b4a-8540-e578d87873e5

 

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.