USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
თბილისი
«Newsweek» (აშშ): „როგორ მოიგო რუსეთმა დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციური ომი“
თარიღი:  

ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „როგორ მოიგო რუსეთმა დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციური ომი“ (ავტორები - მაიკლ გეფლერი და დევიდ რანდელი), რომელშიც გაანალიზებულია რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ მიმართული დასავლეთის სანქციების შედეგები - დაზარალდა თუ არა კრემლი აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სავაჭრო ემბარგოთი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ახლა უკვე სრულიად აშკარაა, რომ რუსეთმა დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციების ნეგატიური შედეგები დასძლია - სანქციებისა, რომლებიც ამერიკამ და ევროკავშირმა კრემლის ეკონომიკის დასანგრევად შემოიღო - იმ იმედით, რომ რუსეთს უკრაინიდან გასვლას აიძულებდა. მაგრამ მოსალოდნელი კოლაფსის ნაცვლად რუსული ეკონომიკა იზრდება. 2023 წლის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის, მაგრამ თუ კვარტლების შედეგებით ვიმსჯელებთ - შარშან მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მატებამ 5,5% შეადგინა- მთლიანი წლის მშპ 3%-ზე მეტი უნდა იყოს.

ბედის ირონიით, ამ მხრივ რუსებს საქმე უფრო კარგად აქვთ, ვიდრე იმათ, რომლებმაც კრემლს სანქციები გამოუცხადეს: აშშ-ის ეკონომიკა 2023 წელს მხოლოდ 2,4%-ით გაიზარდა, გერმანიაში მშპ საერთოდ შემცირდა, ევროკავშირში კი ზრდა მხოლოდ 1%-ით გამოიხატა. უკრაინიდან ჯარის გაყვანის ნაცვლად, რუსეთმა კიდევ უფრო გაადიდა სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა 190 ათასიდან 600 ათასამდე.

ომის დაწყებიდან დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ისეთი კომპლექსი დააწესეს (13 პაკეტი!), რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არცერთი ქვეყნის მიმართ არ მომხდარა, თუმცა რუსეთის ეკონომიკას ამით მაინცდამაინც არაფერი არ დაჰკლებია. იყო მხოლოდ ზომიერი რეცესია 2022 წელს, რომელიც სწრაფად იქნა გადალახული. რუსული რუბლის კურსი დროებით დაეცა, მაგრამ მალე ისევ თითქმის ტრადიციულ ნორმას დაუბრუნდა... და ეს იმ დროს, როცა საომარ მოქმედებებს უზარმაზარი რესურსები ხმარდება.

როგორ მოახერხა რუსეთმა წარმატების მიღწევა? სრულიად მარტივად: რუსებს აქვთ ბევრი ოქრო, ბევრი მარცვლეული, ბევრი ნავთობი და გაზი, ჰყავთ ბევრი მეგობარიც. მათ მარჯვედ გამოიყენეს თავიანთი შესაძლებლობები სანქციების გვერდის ავლის მიზნით. კაცმა რომ თქვას, ამის პროგნოზირება ადვილად შეიძლებოდა და ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს,

2022 წლის მარტში „დიდი შვიდეულის“ წევრებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის საზღვარგარეტ არსებული რეზერვები გაყინეს - თითქმის 300 მილიარდი დოლარი, რაც ქვეყნის სავალუტო რეზერვების ნახევარს შეადგენს. დასავლეთი ვარაუდობდა, რომ რუსულ რუბლს „მტვრად აქცევდა“, მაგრამ ეს არ მოხდა. რატომ? იმიტომ, რომ ცენტრალურმა ბანკმა რუბლის ოქროზე მიბმა გადაწყვიტა და ეს ოპერაცია ოქროს დიდძალი რეზერვებითა და საწარმოო სიმძლავრეებით განამტკიცა. რასაკვირველია, ამის გრძელვადიანობა სარისკოც იყო, მაგრამ მოსკოვმა დრო მოიგო - სულ რაღაც სამი თვის განმავლობაში კრემლმა შეძლო ნავთობისა და გაზის ნაკადები ევროპიდან აზიისაკენ შეებრუნებინა და ქვეყნის ეკონომიკა დასავლური სანქციების საპასუხოდ გარდაექმნა.

რუსეტს დიდი დრო არ დაუხარჯავს ნავთობისა და გაზის ექსპორტის ინდოეთისა და ჩინეთისაკენ მიმართვისათვის. კრემლმა პეკინს და ნიუ-დელის მნიშვნელოვანი შეღავათები შესთავაზა. შედეგმაც არ დააყოვნა: დღეს ეს ორ სახელმწიფო რუსული ნავთობ-გაზის საექსპორტო მოცულობის 90%-ს იღებს. ევროპა თუ ადრე რუსული ენერგოშემცველების 40%-ს იღებდა, ახლა მხოლოდ 4-5%-ს. დასავლური ჯარიმებისაგან თავი რომ აერიდებინა, რუსეთმა ისეთი ქვეყნებისაგან დაიქირავა ნავთობისა და გაზის ტანკერები, რომლებზეც სანქციები არ ვრცელდებოდა. დღეისათვის რუსეთს დიდი „ჩრდილოვანი ფლოტი“ აქვს შექმნილი, რომლის მეშვეობით დღე-ღამეში 7,5 მილიონ ბარელი ნავთობის ექსპორტს ახდენს, ანუ მცირედით ნაკლებს, ვიდრე საუდის არაბეთი.

რუსებმა ისარგებლეს მეგობრების შესაძლებლობებითაც - დახმარებისთვის მიმართეს ჩინეთს და თურქეთს, ყირგიზეთს, განსაკუთრებით კი ირანს და ჩრდილოეთ კორეას, რომლებთაც დიდი გამოცდილება აქვთ სანქციების გადალახვის სფეროში. მათი მეშვეობით, ტრანზიტულად, რუსეთი იმპორტირებს მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას - მიკროჩიპებს (ინტეგრალურ ელექტრონულ სქემებს), ავტომობილებს, სათადარიგო ავიანაწილებს. მაგალითისათვის ეს ციფრიც კმარა: 2023 წლის პირველ 9 თვეში რუსეთ-ყირგიზეთის ვაჭრობა 5500%-ით გაიზარდა!

რუსეთი თვითკმარი სახელმწიფოა - მას განუზომელი ბუნებრივი რესურსები აქვს: ხე-ტყე, მტკნარი წყალი, ენერგოშემცველები, იშვიათი ლითონები... და მარცვლეული, რომლის რეკორდულ მოსავალს  იღებს ბოლო წლებში და რომელიც სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარ ფაქტორს წარმოადგენს. რუსეთის ხორბლის უდიდეს ექსპორტიორ ქვეყნად გადაიქცა. ამის ერთ-ერთი მიზეზია გლობალური დათბობა, რომელსაც რუსეთისათვის გარკვეულ ნეგატიურ შედეგებთან ერთად, პოზიტიურიც მოაქვს - ციმბირში ტემპერატურამ მოიმატა და მარცვლეულის თესვის არეალი გაფართოვდა, თეთრი დათვების გასაჭირი კი ვლადიმერ პუტინს მაინცდამაინც არ აღელვებს.

ნატოს მიერ ნაჩუქარმა „სასწაულებრივმა იარაღმა“ - ამერიკულმა ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა სისტემებმა HIMARS-ებმა, ტანკებმა - „ლეოპარდებმა“ (გერმანია), „ჩელენჯერებმა“ (დიდი ბრიტანეთი), „ბრედლებმა“ და „აბრამსებმა“ (აშშ) და სხვა უამრავმა სამხედრო ტექნიკამ უკრაინის კონტრშეტევას წარმატება ვერ მოუტანა. დასავლელემა დიპლომატებმა ვერც შეძლეს რუსეთის იზოლირებაც: მოსკოვისაკენ მიილტვიან „გლობალური სამხრეთის“ (უწინდელი „მესამე სამყაროს“) ქვეყნები - კრემლს BRICS-ში გაწევრიანების მსურველები ქვეყნების რიგი უდგას. დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ეკონომიკური ომი ჩაიფუშა.

დღეისათვის რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი საზღვარგარეთული აქტივები გაყინულია, ანუ წესით ზემოთ აღნიშნული 300 მილიარდი დოლარით ვერავინ ვერ უნდა ისარგებლოს, მაგრამ ზოგიერთი დასავლელი ექსპერტი აცხადებს, რომ ფული კონფისკებული უნდა იქნას და უკრაინას გადაეცეს. რასაკვირველია, ყველას აქვს სიტყვის თქმის უფლება, მაგრამ გააჩნია რას იტყვი - ამ შემთხვევაში რუსეთის კუთვნილი თანხების კონფისკაცია სრული უგუნურებას და გიჟურ იდეას წარმოადგენს. თუ დასავლეთი, უპირველესად კი აშშ, ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს გამოიწვევს იმას, რომ ყველა ამერიკული დოლარის ალტერნატივის ძებნას დაიწყებს, სარეზერვო ვალუტის სახით. გამოდის, რომ თუ ვაშინგტონს რაიმეს აწყენინებ, ფინანსური საფრთხე დაგემუქრება. 300 მილიარდის კონფისკაცია და უკრაინისათვის გადაცემა ისეთი ნაბიჯი იქნება, რასაც რუსების დასავლეთისადმი სიძულვილის გაღვივება მოჰყვება - როგორ, ამერიკა და ევროპა ჩვენ ფულს ჩვენს მოწინააღმდეგეს აძლევს? ეს არ უნდა იქნეს დაშვებული. რას იზამს ვლადიმერ პუტინი? ალბათ, პირველ ეტაპზე კრემლიც რუსეთში არსებული ყველა დასავლური კომპანიის აქტივების კონფისკაციას მოახდენს. მზად არის აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო კომპენსაცია გადაუხადოს მათ მფლობელებს?

სანქციების გამოცხადება იოლია, მაგრამ იშვითად თუ ამართლებენ. ერთი სეხედვით თითქოსდა სერიოზულ ზომებს ჰგავნან, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ეკონომიკურ „მოჩვენებითობას“ წარმოადგენს. სანქციებმა უკრაინას სასიკეთო ვერაფერი შემატა - კიევს ცოცხალი ძალის მწვავე დანაკლისი აქვს, უმთავრდება ფული, საბრძოლო მასალები... მას ვადებიც კი აღარ აქვს საკმარისი ომის გასაჭიანურებლად. დროა დასავლეთმა შეწყვიტოს ფულის მიცემა „ჯიბეგახვრეტილი კაცისათვის“.

წყარო: https://www.newsweek.com/how-russia-won-sanctions-war-west-opinion-1861645

 

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.