USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«Newsweek» (აშშ): „ნიშნავს თუ არა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მოსკოვური სამიტი ჯო ბაიდენის უკანდახევას?“
თარიღი:  515

ამერიკულ „ნიუსვიქში“ (Newsweek) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ნიშნავს თუ არა სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის მოსკოვური სამიტი ჯო ბაიდენის უკანდახევას?“ (ავტორი - დენიელ ბუში, კორესპონდენტი თეთრ სახლში).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის თბილი მიღება კრემლში მთელ მსოფლიოს აჩვენებს იმას, რომ პეკინი ისწრაფვის მიიღოს გლობალური შუამავლის, მომრიგებლის ფუნქცია საერთაშორისო არენაზე, სულ უფრო მეტად ჩაერთოს სხვადასხვა რთული პრობლემების მოგვარების პროცესებში. ასეთი ნაბიჯით ჩინეთი ცდილობს ამერიკის ჩანაცვლებას, რომელიც საერთაშორისო დიპლომატიის „უპირობო ლიდერის“ სახელით სარგებლობს.

„ჩინეთი დაინტერესებულია იმით, რომ მსოფლიოს აჩვენოს - ამერიკის შეერთებულ შტატებს ალტერნატივა აქვს“, - თვლის თომას გრემი, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი უფროსი მრჩეველი რუსეთის საკითხებში, რომელიც ამჟამად იელის უნივერსიტეტში რუსეთის შემსწავლელ პროექტს ხელმძღვანელობს. მისი აზრით, სი ძინპინის ვიზიტს ვლადიმერ პუტინისთვისაც მნიშვნელოვანი „სიმბოლური დატვირთვა“ აქვს, უკრაინის ომის გამო შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით.

ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო არენაზე გარიყული აღმოჩნდა, იგი პარიად გადაიქცა. ომმა ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მილიონობით უკრაინელი ლტოლვილი გახდა. გასულ კვირას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა, სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო დანაშაულობების გამო. თუმცა სი ძინპინის ვიზიტმა ცხადყო, რომ დასავლეთის ნეგატიური ანტირუსული პოზიციის ფონზე, მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობა სულ უფრო მჭიდრო ხდება.

ამას წინათ ჩინეთი უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ინიციატივით გამოვიდა - წამოაყენა 12-პუნქტიანი პოზიცია, რომლის მთავარი დებულებაა „სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემა“, თუმცა დოკუმენტი არ შეიცავს რაიმე კონკრეტულ გეგმას, თუ როგორი მექანიზმით უნდა განხორციელდეს პეკინის ინიციატივა. „ეს დოკუმენტი საკმაოდ ბანალურია, ის არ შეიცავს არავითარ კონკრეტიკას, რაც შეიძლებოდა ომის შესაწყვეტად სერიოზული განხილვისა და მოლაპარაკების საფუძველი გამხდარიყო“, - თვლის თომას გრემი.

თავის მხრივ, კიევი აცხადებს, რომ უარს ამბობს მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე მანამ, სანამ რუსეთი თავის ჯარს არ გაიყვანს უკრაინის მთლიანი ტერიტორიიდან, ყირიმის ჩათვლით.

აშშ-მა არ დააყოვნა და ჩინეთის ლიდერის მოსკოვური ვიზიტის მიმართ თავისი უარყოფითი პოზიცია გამოხატა: ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის ჯონ კირბის თქმით, ჩინეთი, ალბათ, შეეცდება ისარგებლოს რუსეთში ვიზიტით, რომ გავლენა მოახდინოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკების დაწყებაზე - თანაც თავისი კარნახით. ეს პოზიცია რუსეთისათვის მომგებიანი იქნება - კრემლი დაპყრობილ ტერიტორიებს შეინარჩუნებს.

ჯონ კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს, რაც აშკარად მოწმობს პეკინისა და მოსკოვის პოზიციების სიახლოვეს: „ისინი ერთმანეთს დაუახლოვდნენ. ისინი გაღიზიანებულნი არიან აშშ-ის ლიდერობით. ჩინეთი აქტიურადაა დაკავებული თავისი გავლენის გავრცელებით მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

პეკინმა მართლაც მიაღწია მნიშვნელოვან დიპლომატიურ წარმატებას - ამას წინათ პეკინში შეხვედრის დროს  ირანი და საუდის არაბეთი, რომლებიც ცოტა ხნის წინათ დაუძინებელ მტრებად ითვლებოდნენ, ერთმანეთთან შეარიგა, რაც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის წინამძღვრებს ქმნის. სხვათა შორის, პეკინის პოზიტიური როლი მხარეთა შერიგებაში მსოფლიოსათვის ერთგვარ სენსაციად იქცა - ეს ხდება იმ რეგიონში, სადაც ამერიკა, ტრადიციულად, ათწლეულების განმავლობაში, წამყვან როლს ასრულებდა.

„ჩინეთმა თითქოსდა ფეხი შედგა ამერიკის ტრადიციული გავლენის ტერიტორიაზე, სადაც ვაშინგტონი ყოველთვის მთავარი შუამავლის როლში გამოდიოდა“, - ამბობს შადი ჰამიდი, ბრუკინგსის ინსტიტუტის ახლო აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, - „ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩინეთი არ ცდილობს „კარგად მოიქცეს“ და არ დაემორჩილება ამერიკის ნებას - შეასრულოს მისი მითითებები“.

წყარო: https://www.newsweek.com/xi-summits-putin-biden-losing-ground-china-1789062

მოამზადა სიმონ კილაძემ

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის