USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
თბილისი
«Newsweek» (აშშ): „ბუნტი რუსეთის „უკანა ეზოში“ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ“
თარიღი:  765

ამერიკული ჟურნალი „ნიუსვიქი“ (Newsweek) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ბუნტი რუსეთის „უკანა ეზოში“ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ“ (ავტორი - დევიდ ბრენანი), რომელშიც საქარღველოში მიმდინარე პოლიტიკური ვნებათაღელვაა განხილული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოს - სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამხრეთკავკასიურ რეგიონში მდებარე სახელმწიფოს - საპროტესტო აქციები არყევს. მთავრობამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის მიუღებელი რუსული კანონის მსგავსი კანონპროექტის ინსპირირება განახორციელა და ეს ხდება იმ დროს, როცა პატარა შავიზღვისპირა ქვეყანა, რომელიც დიდ რუსეთს ესაზღვრება და პარალელურად ამბიციურად ცდილობს ევროკავშირისკენ გზის გაკვლევას.

მოსახლეობის ქუჩაში გამოსვლის მიზეზი გახდა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის მიხედვით, ის არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედიის საშუალებები, რომლებიც საზღვარგარეთიდან თავიანთი ბიუჯეტის 20%-ზე მეტით ფინანსდებიან, „უცხოური გავლენის აგენტებად“ უნდა რეგისტრირდნენ. თუ ასე არ გააკეთებენ, ისინი დაჯარიმდებიან. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეები შიშობენ, რომ თუ კანონპროექტი კანონად იქცევა, ქვეყანას ხელი შეეშლება ევროინტეგრაციის ისედაც რთულ პროცესში.

ოპოზიციაში ამ კანონპროექტს „პრორუსულს“ უწოდებენ, რადგან ანალოგიური სამართლებრივი აქტი რუსეთმაც მიიღი 2012 წელს, რომელსაც ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში კრემლი სხვაგვარად აზროვნების ჩასახშობად და დასათრგუნავად იყენებს.

საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ბევრი მოსკოვთან დაკავშირებულ ძალად თვლის, ამ კანონპროექტის მიღება პირველად გასულ წელს - 2023 წლის გაზაფხულზე სცადა, მაგრამ იძულებული გახდა პარლამენტიდან უკან გაეტანა - მასობრივი პროტესტების გამო.

ახლაც, შარშანდელის მსგავსად, „უცხოელი აგენტების“ წინააღმდეგ მიმართულმა „პრორუსულმა“  კანონპროექტმა მოსახლეობაში ანტირუსული განწყობის ზრდა გამოიწვია.  საქართველოში ბევრი ახალგაზრდა პროევროპულად არის ორიენტირებული და ამიტომ მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნების წინააღმდეგ გამოდიან. ისინი აპროტესტებენ კრემლის გავლენის გაძლიერებას - იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული მობილიზაციიდან თავის ასარიდებლად ათასობით რუსმა თავშესაფარი საქართველოში ჰპოვა.

როგორც ნატალია საბანაძე - ბრიტანული „ჩეთემ-ჰაუსის“ ანალიტიკური ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლი და საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ევროკავშირში -  „ნიუსვიქთან“ ინტერვიუში ამბობს, „ქართულმა ოცნებამ“ ზუსტად იცოდა, რომ პარლამენტში კანონპროექტის ხელახალი განხილვა საზოგადოებაში იგივენაირ პროტესტებს გამოიწვევდა, როგორიც 2023 წელს იყო: „ჩემთვის აშკარაა, რომ მმართველი პარტია მზად არის გარისკოს და ფიქრობს, რომ ვითარების გაკონტროლება შეუძლია. „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ [ევროპა] სხვა პრობლემებითაა დაკავებული, საქართველოსთვის არავის სცალია და ამიტომ სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს“], - ამბობს ნატალია საბანაძე.

ამასობაში კი კრემლი უარყოფს რაიმე კავშირს ქართულ კანონპროექტთან და აცხადებს, რომ ორი სამართლებრივი დოკუმენტის ერთმანეთთან შედარება „აბსურდულია“. თუმცა, თუ ქართულ კანონპროექტს და რუსულ კანონს ყურადღებით წავიკითხავთ, მათი მსგავსება საკმაოდ მკაფიოა.

როგორც ნატალია საბანაძე ამბობს, კანონპროექტის მიღება ნაკარნახევია რუსეთიდან და გამოწვეულია ვლადიმერ პუტინის შიშით „ფერადი რევოლუციების“ მიმართ. „ის სახელმწიფოები, რომლებიც მსგავს კანონებს იღებენ, ამას ერთი მიზეზით აკეთებენ - რეჟიმის დაცვის მიზნით სხვადასხვა საფრთხეებისაგან: სავარაუდო საპროტესტო აქციებისგან,  დემონსტრაციებისგან, რომლის გამოც ხელისუფლების სტაბილურობა ეჭვქვეშ დგება. ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნებაც“ სწორედ ასე მოქმედებს“, - ამბობს „ჩეთემ-ჰაუსის“ თანამშრომელი..

ქართულ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით და გარეთ აკრიტიკებენ რუსეთთან სავარაუდო დაახლოების გამო, წინ მძიმე საპარლამენტო არჩევნები ელოდებათ, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი: როგორც რამდენიმე თვის წინ ჩატარებული გამოკითხვა მოწმობს, ქართველთა 42% ჯერ უპირატესობას ვერცერთ პოლიტიკურ ძალას ვერ აძლევენ და მხოლოდ 19% უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“.

ლიბერალური ოპოზიცია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო დაქსაქსული, არჩევნებში გამარჯვებისათვის იბრძოლებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები პირველად ცატარდება მხოლოდ პროპორციული სისტემით, რაც საკმაო საფრთხეს უქმნის იმ სტატუს-ქვოს, რომლითაც „ქართული ოცნება“ პარლმენტში დომინირებს.

„ეს იქნება ყველაზე რთული არჩევნები „ქართული ოცნებისათვის“, - ამბობს ნატალია საბანაძე, - „მეოცნებეებს“ ხელისუფლების შენარჩუნება სურთ, თანაც ისე, რომ ძალაუფლების არავისთან გაყოფა არ სურთ“.

ნატალია საბანაძის თქმით, ის ქართველები, რომლბიც დღეს თბილისის ქუჩებში არიან გამოსულნი, კანონპროექტს მასშტაბური გეოპოლიტიკური ბრძოლის ნაწილად თვლიან: „საქმე ეხება რუსეთის გავლენის გავრცელებას და საქართველოს ევროპული ინტეგრაციისათვის ხელის შეშლას“, - აღნიშნავს ყოფილი ელჩი, - „ქართული კანონპროექტი რუსული კანონების კომპლექსის ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც, ერთობლიობაში, საქართველო მოსკოვთან იდეოლოგიური დაახლოებისაკენ მიჰყავს“.

„ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც „უცხოური აგენტების“ გარდა, ეხება „ლგბტ-საზოგადოების“ პროპაგანდის აკრძალვასაც, იმ ანალოგიურ ზომებს მოგვაგონებს, რომლებმაც რუსეთში ვლადიმერ პუტინის მმართველობა განამტკიცა. „საქართველოსა და რუსეთის მმართველი ძალები ერთმანეთთან სოლიდარობას გამოხატავენ და იდეოლოგიურად ერთ მხარეზე დგანან. ვლადიმერ პუტინს არც ჭირდება რაიმე მითითება მისცეს „ქართულ ოცნებას“, ისინი ხომ ერთნაირები არიან“.

ქართველი ევროფილების საკანონმდებლო მარცხი მტკივნეული დარტყმა იქნება საქართველოს დასავლელი მოკავშირეებისათვის. როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პავლე ჰერჩინსკიმ განაცხადა, აღნიშნული კანონი შეითავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ფასეულობებთან, რაც ძირს გამოუთხრის ქვეყნის განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მსგავსი კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა, რომელმაც შეშფოთება გამოხატა კანონპროექტის განხილვის დაწყების გამო.

საქართველოს რეალობა ისეთია, რომ ქვეყანაში წესით მძლავრი ანტირუსული მოძრაობა უნდა არსებობდეს, რადგან ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული (აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონები), მაგრამ პარადოქსულია, რომ მმართველი პარტია მოსკოვის მიმართ კეთილგანწყობილია და ახლო კავშირები აქვს რუს ტრადიციულ პარტნიორებთან.

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომში დამამცირებელი დამარცხება და ამიტომ რუსეთს ბევრი ამრეზით უყურებს. 2023 წელს კი რუსული მიგრაციის დიდმა ტალღამ უკმაყოფილება გააძლიერა, მით უმეტეს, რომ რუსი მიგრანტების ჩამოსვლამ ცხოვრების დონე დააქვეითა, მოიმატა ფასებმა უძრავ ქონებაზე და ა.შ. ქართველები მხარს უჭერენ უკრაინას რუსეთთან ომში, კიევთან სოლიდარობის დონე მაღალია და ასობით ქართველი უკრაინაში მოხალისის სტატუსით ომობს.

წყარო: https://www.newsweek.com/putin-new-rebellion-russia-georgia-1891207

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის