USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
Tbilisi
«New Statesman» (დიდი ბრიტანეთი): „ავტოკრატების ღერძი: მსოფლიო სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის თვალით // რუსეთი და ჩინეთი დასავლეთის წინააღმდეგ“
Date:  548

ბრიტანული ჟურნალი „ნიუ სთეითსმენი“ (New Statesman) 21 აპრილის ნომერში აქვეყნებს ვრცელ ანალიტიკურ სტატიას სათაურით „ავტოკრატების ღერძი: მსოფლიო სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის თვალით // რუსეთი და ჩინეთი დასავლეთის წინააღმდეგ“ (ავტორი - ქეით სტალარდი).

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

1949 წლის დეკემბერი. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სულ ორი თვის წინ არის შექმნილი, მისი ლიდერი მაო ძედუნი კი უკვე მოსკოვში იმყოფება და საბჭოთა კოლეგასთან - იოსებ სტალინთან საუბრობს. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ჩინეთის ლიდერისათვის, როგორც ძლევამოსილი კომუნისტი ამხანაგისათვის, კეთილი სიტყვები ეთქვა, სტალინმა მაო ძედუნს ლექცია ჩაუტარა, თუ როგორ უნდა ემართა თავისი ქვეყანა. შემდეგ იგი კიდევ 17 დღე ალოდინა მეორე აუდიენციისათვის. „მე იმდენად გაბრაზებული ვიყავი, რომ მაგიდას სულ მუშტებს ვურტყამდი“, - ასე ეუბნებოდა მოგვიანებით მაო საბჭოთა ელჩს პეკინში. ჩინეთის ლიდერმა  დაიჩივლა, რომ ორთვიანი ვიზიტის განმავლობაში იგი მხოლოდ სამი ძირითადი მოქმედებით იყო დაკავებული: „ვჭამდი, მეძინა და ტუალეტში დავდიოდი“.

გავიდა თითქმის 70 წელი, ძალთა ბალანსი მკვეთრად შეიცვალა. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, ჩინეთი კი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ ზესახელმწიფოს წარმოადგენს. რუსეთი, საბჭოური სახელმწიფოს მემკვიდრე, დღეს დახმარებას ჩინეთს სთხოვს, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის პირობებში. როცა ამას წინათ სი ძინპინი მოსკოვში იყო ჩასული, თავისი კოლეგა ვლადიმერ პუტინი მას გულმოდგინედ შემუშავებული ცერემონიით დახვდა - ისე, როგორც სტუმარ-იმპერატორს შეეფერება. რუსეთის პრეზიდენტი თავს ხრიდა ჩინელი ლიდერის წინაშე და ქება-დიდებას არ იშურებდა „ცისქვეშეთის“ მეთაურის საამებლად.

(...)

რუსეთ-ჩინეთის ამჟამინდელი დაახლოების ფესვები 1980-იან წლებში მიდის, როცა უკანასკნელი საბჭოთა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა და მისმა ჩინელმა კოლეგამ დენ სიაოპინმა დაინტერესება გამოხატეს ურთიერთობის გაუმჯობესებით და სასაზღვრო დავის დასრულებით. 2001 წელს, როცა სამი წელი იყო გასული ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობიდან და როცა იგი ჯერ კიდევ უხერხულად გრძნობდა თავს ახალ როლში, მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შესახებ ჩინეთის იმდროინდელ ლიდერტან ძიან ძემინთან. 2005 წელს მოგვარდა საზღვრების საკითხიც - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული საზღვარი მთლიანად იქნა დემარკირებული და იმავდროულად, დემილიტარიზებულიც.

ექსპერტები წინააღმდეგობრივად აფასებენ მოსკოვ-პეკინის ერთმანეთთან დაახლოების ხასიათს. მაგალითად, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ისტორიკოსი, პროფესორი სერგეი რადჩენკო ამბობს, რომ „რუსეთი გახდა არა მხოლოდ ჩინეთის უმცროსი პარტნიორი, არამედ უფრო უარესი - მისი ვასალი“. ალექსანდრე გაბუევის, რუსეთში კარნეგის ცენტრის დირექტორის აზრით, ჩინეთსა და რუსეთს შორის არსებობს ეკონომიკური ურთიერთჩანაცვლება: რუსეთს აქვს უდიდესი ბუნებრივი რესურსები, მას ძალიან ჭირდება ტექნოლოგიები, ჩინეთს კი პირიქით - აქვს ტექნოლოგიები და აკლია ბუნებრივი რესურსები“. მისი თქმით, საყოველთაოდ ცნობილია ის ფაქტიც, რომ ჩინეთი და რუსეთი ავტორიტარული ქვეყნები და თანამოაზრენი არიან, ორივე გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები არიან და ორივე ებრძვის „ამერიკულ ჰეგემონიზმს“. მოსკოვი შთაგონებულია მანტრით - „ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია“. თავის მხრივ, პეკინიც გარკვეულწილად რუსეთის მხარში ამოდგომას ცდილობს: ჩინეთი მომავალზე ფიქრობს - ვაითუ პუტინის შემდეგ რუსეთის ისეთი ლიდერი მოვიდეს, რომელიც დასავლეთის მიმართ ლოიალური იქნება: „იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დასავლეთისაკენ შებრუნდება, ეს ჩინეთისათვის სტრატეგიული კოშმარი იქნება“, - ამბობს ალექსანდრე გაბუევი.

 

პეკინი და მოსკოვი ცივი ომის დროინდელ თავიანთ ანტიკოლონიური განცხადებებს ეფუძნებიან და წინ სწევენ იდეას, რომლის თანახმად, რუსეთი და ჩინეთი „გლობალური სამხრეთის“ ჭეშმარიტ მეგობრებს წარმოადგენენ - ისეთ მეგობრებს, რომლებსაც აქვთ ის ყველაფერი, რაც მათ ჭირდებათ - ბუნებრივი რესურსები, სურსათი, ტექნოლოგიები და... იდეები. პეკინი და მოსკოვი „გლობალურ სამხრეთს“ სთავაზობენ სამართლიანი მსოფლიო წესრიგის დამყარების იდეას, რომელიც მხოლოდ აშშ-ის ბატონობის დამხობით განხორციელდება.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ყველაფერში ერთმანეთს ეთანხმებიან, თუ როგორ უნდა იყოს ახალი მსოფლიო წესრიგი. ჩინეთის ეკონომიკურ წინსვლას ხელი შეუწყო მსოფლიო ბაზრებში ინტეგრირებამ და მეტ-ნაკლებად ლიბერალურმა საგარეო პოლიტიკამ, რუსეთის საგარეო პოლიტიკა კი მე-19 საუკუნის წარმოდგენებს ეფუძნება და უპირატესობას ხისტ ძალას ანიჭებს. პეკინს სურს, რომ მსოფლიოში ამჟამად არსებული სისტემა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და არა მთლიანად „დაწვას და დაანგრიოს“, როგორც ეს რუსეთს სურს.

ჩინეთსა და რუსეთს შორის ერთ-ერთ გაურკვეველ საკითხს წარმოადგენს ის, თუ რამდენად ისარგებლებენ ჩინელები რუსეთის ხარჯზე. მაგალითად, არქტიკასთან მიმართებით. თავის დროზე მოსკოვი ეჭვის თვალით უყურებდა პეკინის მტკიცებას, რომ ჩინეთი „არქტიკასთან ახლოს მდებარე სახელმწიფოს წარმოადგენს და მას იქ ინტერესები აქვს“. ბოლო დროს ჩინეთმა თავისი გავლენა გააძლიერა ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთისათვის ყოველთვის „უკანა ეზოს“ წარმოადგენდნენ. ჩინურ პროექტში - „ერთი გზა- ერთი სარტყლის“ ინიციატივაში ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ჩინეთთან ინტეგრირებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა, რასაკვირველია, პეკინისა და მოსკოვის უთანხმოება მძაფრი არ არის, ჯერ-ჯერობით ორივე კონსენსუსით მოქმედებს, ორივეს სურს, რომ რეგიონი სტაბილური  იყოს და არ მოხდეს პრობლემების გავრცელება - ტერორიზმის, დასავლური დემოკრატიისა და „ფერადი რევოლუციების“ იმპორტი.

ორივე მხარე დაინტერესებულია იმით, რომ უთანხმოება გარკვეულ საზღვრებში იყოს მოქცეული და საჯაროდ მათზე არ ილაპარაკონ. მოსკოვსა და პეკინს შორის ერთგვარი გარიგება არსებობს, რომ ჩინეთმა ისეთი მოქმედება არ განახორციელოს, რომელიც რუსეთის ავტორიტეტს და პრესტიჟს შელახავს. გარესამყარომ არ უნდა იცოდეს, არ უნდა დაინახოს ის, რომ ჩინეთი რუსეთს რაიმეში ავიწროვებს. პრობლემები მაშინ დაიწყება, თუ „ცისქვეშეთი“ ყველას დაანახებს თავის უპირატესობას რუსეთზე და თუ პუტინის რეჟიმს იძულებულს გახდის დამამცირებელ დათმობებზე წავიდეს.

მაგალითად, ჩინეთი არ აღიარებს ყირიმის ანექსიას რუსეთის მიერ და დამატებით კიდევ ოთხი ოლქის მიერთებას, მაგრამ, ვლადიმერ პუტინის ამბიციების დასაკმაყოფილებლად, ამაზე „ხმამაღლა არ გაჰყვირის“ და კრემლს რაიმე სანქციებს არ უცხადებს, დასავლეთისაგან განსხვავებით. სი ძინპინი საჯაროდ არ ახმიანებს იმას, რომ ჩინური კომპანიები რუსეთთან ტექნოლოგიებით ვაჭრობას აგრძელებენ. მას არ სურს, რომ ვლადიმერ პუტინი დამარცხდეს, რადგან რუსეთის კრახით ჩინეთიც დასუსტდება. მაგრამ იმავდროულად პეკინი მზად არ არის თავისი ეკონომიკა რუსეთის ინტერესებს შესწიროს - არ აძლევს კრემლს იარაღს, რადგან იცის - სამხედრო დახმარებას დასავლეთის სანქციები მოჰყვება.

დასავლელი პოლიტიკოსებისათვის ყოველთვის არ იყო ცნობილი ორი დიდი მეზობლის უთანხმოება-წყენანი, დაწყებული მაო ძედუნისა და იოსებ სტალინის დროიდან. ცივი ომის პირველ ათწლეულში ამერიკელი პოლიტიკოსები ორივე სახელმწიფოს ერთ დიდ კომუნისტურ კოლოსად ხედავდნენ. მოგვიანებით აშშ-მა გარკვეული ნაბიჯები გადადგა ჩინეთთან დაახლოებისათვის, მაგრამ საბოლოოდ ვაშინგტონმა ყველაფერი მხოლოდ საბჭოთა კავშირის კრახის შემდეგ გაიგო. დღეს მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა იგივე შეცდომა არ დაუშვას და „უსაზღვრო მეგობრობაზე“ ჩინეთ-რუსეთის ერთობლივი განცხადებები ბოლომდე არ დაიჯეროს - მე-19 საუკუნის 60-იანი წლების ბრიტანელი პრემიერ-მინისტრის ლორდ ჰენრი პალმერსტონის გამონათქვამის მიხედვით, „არცერთ სახელმწიფოს არ ჰყავს მუდმივი მეგობრები, მაგრამ აქვს მუდმივი ინტერესები“.

და მაინც, ბოლო ოთხი ათეული წლის განმავლობაში ჩინეთმა და რუსეთმა - როგორც მეზობლებმა - ისწავლეს ერთმანეთის დაფასება და უთანხმოების შედეგად წარმოქმნილი რისკების გაცნობიერება. ახლა, როცა ორივე საერთო საგარეო „მტრის“ წინაშე აღმოჩნდნენ, თვლიან, რომ მათ ინტერესში უთანხმოების წარმოჩენა კი არ არის, არამედ მათი დარეგულირება და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის განმტკიცება. „ამჟამად პეკინისა და მოსკოვის ურთიერთობებში გარკვეული მემკვიდრეობითობა შეინიშნება. ვლადიმერ პუტინი რომც მოკვდეს და სი ძინპინი გაქრეს, არა მგონია, რომ რუსი და ჩინელი ლიდერების მომდევნო თაობა კურსს შეცვლის“, - ამბობს სერგეი რადჩენკო.

წყარო

 

tbilisi
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

See all
Survey
By the way