USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
„ევროპაში საკმაოდ შეურაცხყოფილნი არიან“ - კახა გოგოლაშვილი ევროპარლამენტარების წერილზე
Date:  857

პოლიტიკურ კონსენსუსზე უარის თქმის გამო ევროპარლამენტარები საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერებას მოითხოვენ. საქმე ეხება ევროკავშირის მიერ გამოყოფილ მაკროფინანსურ დახმარებას, რომელიც საქართველომ ოქტომბერში უნდა მიიღოს - საუბარია 60 მილიონ ევროზე. ევროპარლამენტარების შესაბამისი წერილი ევროპარლამენტის ვებპორტალზე უკვე გამოქვეყნდა. წამყვანი ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები არ დაეთანხმნენ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის შეთავზებულ წინადადებებს და აცხადებენ, რომ ამას მოჰყვება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს შემდგომი ურთიერთობის თვალსაზრისით. წერილის თანახმად, პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, მაგრამ მმართველ პარტიას - განსაკუთრებით. 

ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადების შეფასებისას "რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ ევროპა საქართველოს მხრიდან შეურაცხყოფილია.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წერილს ხელს აწერს 7 ევროპარლამენტარი, რომელთა უმრავლესობა საქართველოს დიდი მხარდამჭერი და მეგობარია, რაც ძალიან საყურადღებოა, რადგან მათ ევროპარლამენტში საკმაოდ მაღალი თანამდებობები უჭირავთ.

აქვე პოლიტოლოგი ხაზს უსვამს იმას, რომ "თუკი საქართველოს მხარდამჭერი დეპუტატები აქვეყნებენ ასეთ კრიტიკულ წერილს, ნაკლებად მხარდამჭერები სიამოვნებით მოაწერენ მას ხელს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტუაციის გამოსწორება ქვეყანას ძალიან გაუჭირდება.

„ამ ადამიანებს აქვთ გავლენა. თუ ჩვენი უახლოესი მხარდამჭერი დეპუტატები აცხადებენ, რომ შესაძლოა, საქართველოს შევუჩეროთ ევროკავშირის მაკროფინასური დახმარება, რომელიც ქვეყანას კოვიდის შედეგების დასაძლევად გამოეყო და ასევე ითხოვენ მომავალი დახმარების პაკეტის მეტი პირობით აღჭურვას, ეს ძალიან ცუდია. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფებები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საუბარია იმაზეც, რომ დეპუტატები, რომლებიც ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას უჭერდნენ მხარს, ახლა საერთოდ ევროპულ მისწრაფებებს აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ. არ მინდა, დრამატიზება მოვახდინო, თუმცა გამორიცხული არ არის, ამ დეპუტატებმა მოამზადონ რეზოლუცია და მომავალში ის მიიღოს ევროპარლამენტმა“, - ამბობს bm.ge-სთან კახა გოგოლაშვილი.

ამასთან, მისი შეფასებით, საქართველოში პოლიტიკური ისტებლიშმენტი ვერ აცნობიერებს უფრო ფართო ამოცანებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას და მთელი პოლიტიკური სპექტრი შიდა გარჩევებსა და კინკლაობაში მოექცა.

"პოლიტიკურ ნარცისიზმს აქვს ადგილი -  იმაზე ფიქრობენ, როგორი მაგრები და პრინციპულები არიან, ვნახოთ, ვინ ვის აჯობებსო... ასეთი მიდგომა აქვთ. არ აქცევენ ყურადღებას საერთაშორისო კონტექსტს, ტრენდებს, საით მიდის ქვეყანა და ა.შ. ევროკავშირის, აშშ-ის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ფინანსური დახმარება რომ არა, ისედაც საშინელ მდგომარეობაში მყოფი ეროვნული ვალუტა უარეს დღეში იქნებოდა“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა და დასძინა, რომ "დღეს სწორედ მათი დახმარებებით ვარსებობთ".

კითხვაზე - ევროპარლამენტარების წერილს ექნება თუ არა გავლენა 2024 წელს საქართველოს განაცხადზე ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, პოლიტოლოგი პასუხობს, რომ აუცილებლად ექნება. კახა გოგოლაშვილის შეფასებით, ევროპაში საკმაოდ შეურაცხყოფილნი არიან იმით, რომ ბევრს აკეთებენ საქართველოსთვის და ამ დროს კრისტიან დანიელსონს თავისი წინადადებები, პრაქტიკულად, თავზე გადაახიეს, შარლ მიშელს ყური არ ათხოვეს და ყოველგვარი მორიდების გარეშე თქვეს, რომ დათმობაზე არ წავიდოდნენ.

"ისინი თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ და ამან, შეიძლება, საქართველოს მომავალზე გავლენა მოახდინოს. თუკი საქართველოში სწორედ ევროკავშირის მხარდაჭერით კრიზისი არ გადაწყდა, ეს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. მოკლედ, თუ კრიზისი არ დასრულდა, ქვეყანა დიდ დარტყმას მიიღებს და EU-ში განაცხადის შესატანად მზად არ ვიქნებით“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

სად არის გამოსავალი? - ამ კითხვაზე პასუხად კი ანალიტიკოსმა თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ევროპული ინტეგრაციის მომხრე მოსახლეობის და სამოქალაქო სექტორის აქტიურობა. "საჭიროა, მეტი ზეწოლა როგორც ხელისუფლებაზე, ისე ოპოზიციაზე, რომ ქვეყანას სურს ევროპული ინტეგრაცია; ჩვენი საზოგადოება რომ კარგად იყოს ჩამოყალიბებული, ეს ხალხი უნდა გამოვიდეს და დაანახოს ყველას, რომ ევროინტეგრაციისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

წყარო:https://bm.ge/

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way