USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
ევროპარლამენტის რეზოლუცია - „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“
თარიღი:  833

ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მიიღო. რეზოლუციას მხარი 324 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 87-მა თავი შეიკავა.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი:

„მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას. ასევე, გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას;

მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე;

გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავების, შევიწროებისა და მათ მიმართ ძალადობის გამო, მათ შორის, ცილისწამების კამპანიების, სამართლებრივი შევიწროებისა და პატიმრობაში ყოფნისას არასათანადო მოპყრობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის გამო; მოითხოვს დამოუკიდებელ გამოძიებას და მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაშინება და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება;

მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციონერი ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამია, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ასევე, გმობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ქმრის ძალადობრივ გატაცებას და მისი შვილების უსაფრთხოების მიმართ დამუქრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას;

ყველა რეპრესიული კანონმდებლობის დაუყოვნებლივ გაუქმების, დემოკრატიის აღდგენისა და მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების სრული დაცვის მოწოდებით გამოდის;

მოუწოდებს ევროკავშირს, საქართველოში FARA-ს ძალაში შესვლის შემდეგ გააძლიეროს მხარდაჭერა დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და მიმდინარე სასამართლო პროცესების მონიტორინგი აწარმოოს;

სინანულს გამოთქვამს საბჭოს, წევრი სახელმწიფოებისა და კომისიის მხრიდან მუდმივი უმოქმედობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომელთაც დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებლობა ენიჭებათ;

ავალებს თავის პრეზიდენტს, გადაუგზავნოს ეს რეზოლუცია საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ეუთო-ს, პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და საქართველოს თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

ამასთან, ევროპარლამენტარებმა შესწორება დაამტკიცეს და რეზოლუციას კიდევ ერთი პუნქტი დაემატა, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტი:

„გამოთქვამს შეშფოთებას არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმების ბოლო ტალღის გამო, როდესაც ზოგიერთი სამთავრობო უწყება, როგორიცაა ანტიკორუფციული ბიურო, ბოლო წელიწადნახევრის დეტალურ ფინანსურ, იურიდიულ და ოპერატიულ ინფორმაციას სამი სამუშაო დღის ვადაში ითხოვს. ხაზს უსვამს, რომ ეს მოთხოვნა თავისთავად შეუძლებელია და სამიზნე ორგანიზაციების მუშაობისა და მათი საქმიანობის შეჩერების რისკს ქმნის“.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის