USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
ევროპარლამენტი ყველა ევროკომისარზე შეთანხმდა, ახალი ევროკომისია მუშაობას 1-ელი დეკემბრიდან დაიწყებს
თარიღი:  813

ევროპარლამენტი ყველა ევროკომისარზე შეთანხმდა, ახალი ევროკომისია მუშაობას 1-ელი დეკემბრიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ევროპარლამენტში თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 20 ნოემბერს ევროპარლამენტმა შეთანხმებას მიაღწია დღემდე არდამტკიცებული 7 ევროკომისრის კანდიდატურაზე, რითაც პოლიტიკურ ფრაქციებს შორის რამდენიმე კვირიანი დავა დაასრულა. კანდიდატებზე დავა საკვანძო პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მიმდინარეობდა - “ევროპულ სახალხო პარტიასა” და სოციალ-დემოკრატებს შორის.

პროცესი ჩიხში შეიყვანა ექვსი კანდიდატურის შემოწმებამ: კაია კალასი (ესტონეთი), რაფაელე ფიტო (იტალია), როქსანა მინზატუ (რუმინეთი), სტეფან სეჟურნე (საფრანგეთი), ტერეზა რიბერა (ესპანეთი), ჰენა ვირკუნენი (ფინეთი) და ოლივერ ვარჰეი (უნგრეთი).

შეთანხმების მიღწევის დეტალები ამ მომენტისთვის არ ვრცელდება.

ახალი ევროკომისიის შემადგენლობაზე საბოლოო კენჭისყრა 26 ნოემბრის ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე იგეგმება, ხოლო ოფიციალურად ის მუშაობას 1-ელი დეკემბრიდან შეუდგება.

ცნობისთვის, ახალ ევროკომისიაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობას ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი დაიკავებს, რომელიც ამ თანამდებობაზე ჯოზეფ ბორელს ჩაანაცვლებს. გაფართოების ევროკომისრის თანამდებობას კი სლოვენიელი დიპლომატი, მარტა კოსი დაიკავებს, რომელიც ამ თანამდებობაზე ეოლივერ ვარჰეის ჩაანაცვლებს.

საზოგადოება
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის