USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის პასუხი „კავკასიურ სახლს“ - „ვითხოვ უკეთეს ნაწერს"
თარიღი:  983

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა, ევროპის მწვანეთა პარტიის წევრმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქართული საზოგადოების ყურადღება მიიპყრო საქართველოს მმართველი პარტიის „კიდევ ერთი გატეხილი დაპირების“ შესახებ გამოქვეყნებული მწვავე კრიტიკული განცხადებების გამო, სოციალური ქსელით გაავრცელა ახალი წერილი.

ამჯერად ცნობილი გერმანელი დეპუტატის ადრესატია „კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელობა, რომელმაც ღია წერილით ( წერილიი იხ. აქ https://tbilisipost.ge/news/kavkasiuri-sakhlis) მიმართა ვიოლა ფონ კრამონს და მას, როგორც წერილის ადრესატები ამტკიცებენ, „საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გულისტკივილი“ გაუზიარა. 

„სიმცდარითა და დეზინფორმაციით გაჯერებული“ წერილი

„წერილის კითხვა დავიწყე დიდი ინტერესით და დავასრულე ასეთივე დიდი იმედგაცრუებით. ამ პროცესში გამახსენდნენ „პერსონაჟები“ გივი მარგველაშვილის ნაწარმოებიდან „Verfasser Unser“, რომლებიც გაიძახიან: „ვითხოვთ უკეთეს ნაწერს“ (“Wir fordern eine bessere Verfassung”)“, - ასე იწყებს თავის საპასუხო წერილს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც „სახელგანთქმულ მწერლებს, ფილოლოგებს“ შეახსენებს იმასაც, რომ „კარგად წერა შედეგია კარგად კითხვისა“.

სამწუხაროა, რომ თქვენ გადაწყვიტეთ გამოგეტოვებინათ ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც განცხადების წაკითხვა ეწოდება. რომ არა ეს, ამაცილებდით მე ამ წერილის წერის, ხოლო საკუთარ თავს, ამ წერილის კითხვის უხერხულობას.

თქვენ რომ მე პირადად შემხმიანებოდით, როგორც ეს „საერთო პოლიტიკური და ეთიკური ღირებულებების“ მქონე მოკავშირეს შეშვენის, კიდევ ერთხელ სიამოვნებით განგიმარტავდით ჩემს პოზიციას და ამ გზით თავიდან აირიდებდით თქვენი წერილის სიმცდარითა და დეზინფორმაციით გაჯერებას.

ასევე ზედმეტია ჩემთვის სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკეების შეხსენება. ეს ყველაფერი ჩემთვის კარგადაა ცნობილი. გერმანიის პარლამენტის წევრობისას მე გახლდით სააკაშვილის მთავრობის ხმამაღალი კრიტიკოსი. ამის გამო მან და მისმა გუნდმა შემრაცხა პერსონა ნონ გრატად და აქტიურად (მაგრამ არა ყოველთვის წარმატებით) ცდილობდნენ საქართველოში ჩატარებულ ღონისძიებებში ჩემს დაბლოკვას. 2012-ში მეც, მილიონობით ქართველის გვერდით, იმედით და კეთილი მოლოდინით შევყურებდი „ქართულ ოცნებას“. ვაი, რომ იმედი გახუნდა.

გარდა ამისა, არ ვსაჭიროებ თქვენს მეურვეობას. შესანიშნავად მომეხსენება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საეჭვო მეთოდები და სწორედ ამიტომ საქართველოს შესახებ ინფორმაციას უდიდესწილად ვიღებ ექპერტებისგან, მკვლევრებისგან, დიპლომატებისა და ხშირად რიგითი ქართველებისგან.

„სამწუხარო უკან დახევის ტენდენცია გამოიკვეთა“

თქვენ ამტკიცებთ, რომ მე „აქტიურად ვლობირებდი რამდენიმე დატუსაღებული ქართველი პოლიტიკოსის გათავისუფლებას“. ეს არის სრული და მტკნარი სიცრუე. არც ჩემს ოფიციალურ განცხადებაში და არც ინტერვიუებში არ მომითხოვია ვინმეს გათავისუფლება. ასევე სიცრუეა, როცა ამტკიცებთ, რომ მე თითქოს ვიღაც „პოლიტიკურ პატიმრად“ გამოვაცხადე. არასოდეს გამომიყენებია ეს სიტყვები. მე ჩემს საქმიანობას ვეკიდები უდიდესი პასუხისმგებლობით, ხოლო თქვენი ქვეყნის მომავალს უდიდესი ზრუნვით. სწორედ ამიტომ ვარჩევ სიტყვებს მაქსიმალური სიზუსტით. ამავდროულად, მოველი, რომ თქვენ აირჩევთ ამ სიტყვების სწორად წაკითხვას, სანამ დაუსაბუთებელი ბრალდებების წაყენებას მიჰყოფთ ხელს.

ჩემი რჩევა (და არა თხოვნა ან მოთხოვნა) საქართველოს მთავრობის მიმართ არის იგივე, რაზეც ხალხი 2012 წელს ოცნებობდა: დემოკრატიული პრინციპების პატივისცემა და ობიექტური, გამჭვირვალე და პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა. სამწუხაროდ, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები და მკვლევრები ადასტურებენ, ამ სფეროებში ძალიან სამწუხარო უკან დახევის ტრენდი გამოიკვეთა.

უცილობელია, რომ ყველა დამნაშავე უნდა გასამართლდეს, თუმცა დამნაშავეებიც კი იმსახურებენ სამართლიან სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებებიც დაეყრდნობა მყარ მტკიცებულებებს და თავისუფალი იქნება ხელისუფლების ჩარევისგან. სხვა შემთხვევაში გამოვა, რომ ყველანი ერთად ვაშენებთ არა დემოკრატიულ საქართველოს, არამედ რეჟიმს, რომელსაც თქვენ და სხვა დისიდენტები ათწლეულების განმავლობაში ებრძოდით.

ჩვენ ვთანხმდებით საქართველოს უნიკალური ეკოსისტემის შეფასებისას. არაერთხელ ვყოფილვარ რა საქართველოში, მოხიბლული ვარ თქვენი ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალით მწვანე და მდგრადი ენერგიის წარმოების სფეროში. ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ვმუშაობთ თავდაუზოგავად, რათა „ახალი მწვანე შეთანხმების“ დადებითი შედეგები გასცდეს ევროკავშირის საზღვრებს და საქართველოსთან ერთად სარგებელი მოუტანოს აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებსაც. ეს ნაბიჯები გაამყარებს „საქართველოს ევროპულ ოჯახში ურყევი ინტეგრაციის გზას, რომელსაც ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა“, - ასე ამთავრებს თავის ეპისტოლეს ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც ხაზგასმით აცხადებს, რომ იგი „საქართველოსა და მისი ხალხის უპირობო და უკომპრომისო მეგობარია“.

 

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის