USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ევროკავშირის საელჩო - 2014-2020 წლების განმავლობაში ევროკავშირი საქართველოს 939 მილიონი ევროთი დაეხმარა
Date:  712

ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოსთან იყო სტრატეგიულად გამართული და მისი დაგეგმვა და განხორციელება მყარ ინსტიტუციურ სტრუქტურებს ეყრდნობა, თუმცა ხარვეზებს შორის დაფიქსირდა შეზღუდული წინსვლა როგორც სასამართლო რეფორმის, ასევე ადამიანის უფლებების მხრივ,- ამის შესახებ ევროკავშირის მიერ დაფინანსების განვლილი პერიოდის განმავლობაში საქართველოსთან თანამშრომლობის ეფექტიანობისა და გავლენის დეტალურ შეფასებაშია ნათქვამი.

დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობისას გამოყენებულია ინსტრუმენტების, მეთოდებისა და დაფინანსების არხების ფართო სპექტრი. მიღწეულ იქნა წინსვლა, რამაც ხელი შეუწყო ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდას და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი კარგად წარიმართა. შეფასება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ნდობა ევროკავშირის მიმართ მაღალი რჩება.

„დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის პროგრამების ხილვადობა შეფასების პერიოდის ადრეულ ეტაპებზე პრობლემური იყო, მაგრამ ევროკავშირის წარმომადგენლობამ მის გასაუმჯობესებლად ზომები მიიღო.

შეფასების ჯგუფის მიერ შემდეგი ზოგადი რეკომენდაციებიც გაიცა:

ევროკავშირმა უნდა განაგრძოს ინსტრუმენტების, მეთოდებისა და არხების ფართო სპექტრის, მათ შორის, პოლიტიკის და პოლიტიკური დიალოგის გამოყენება, ამასთანავე ეფექტიანობას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.

ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს კრიტიკული მიდგომა შესაძლებლობების განვითარებისა და ტექნიკური დახმარების საჭიროების შეფასებისას, მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ხოლო შედეგების მონიტორინგი ზედმიწევნით უნდა განხორციელდეს.

ევროკავშირმა უფრო ხარისხიანად უნდა განაგრძოს გამჭოლი საკითხების წინა პლანზე წამოწევა, განსაკუთრებით, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის მხარდაჭერა თანამშრომლობის კუთხით სტრატეგიულად უნდა განისაზღვროს, განვითარებადი გეოპოლიტიკური კონტექსტის ასასახად.

შეფასება ასევე იძლევა დეტალურ რეკომენდაციებს 2014-2020 წლებში ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ექვს პრიორიტეტულ სექტორთან დაკავშირებით. ესენია:

სოფლის მეურნეობა, სოფლის და რეგიონული განვითარება;

საჯარო მმართველობის სისტემის რეფორმა და საჯარო ფინანსების მართვა;

მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული მმართველობა;

ეკონომიკური განვითარება, ბაზრის შესაძლებლობები და უნარ-ჩვევები;

ურთიერთკავშირები;

მობილურობა და ადამიანებს შორის კავშირები“,- ნათქვამია შეფასების ტექსტში.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკომისიის სათავო ოფისის კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციით, უკვე დაიწყო ამ რეკომენდაციებიდან ზოგიერთის განხორციელება ახალი პროგრამების შემუშავებისას. გასულ პარასკევს გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო დამატებითი იდეები რეკომენდაციების ადაპტირების გზებთან დაკავშირებით. ეს რეკომენდაციები უახლოეს წლებში ახალი პროგრამებისა და დახმარების პრიორიტეტების შემუშავებისას მხედველობაში იქნება მიღებული.

ცნობისთვის, ბოლო ორი წლის განმავლობაში, შემფასებელთა დამოუკიდებელი ჯგუფი ევროკავშირის საქართველოსთვის 2014-2020 წლებში განვითარებაზე მიმართული დახმარების ყოვლისმომცველ შეფასებაზე მუშაობდა. შეფასება მოიცავდა 2000-ზე მეტი დოკუმენტის განხილვას და ინტერვიუებს 100-მდე პირთან, რომელიც ევროკავშირის საქმიანობას იცნობდა.

პარასკევს, 16 სექტემბერს, შეფასების შედეგი წარედგინა ჯგუფს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან შედგებოდა. შეხვედრა დასკვნების საფუძვლიან განხილვას და რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებული იდეების გაზიარებას მოიცავდა.

იხილეთ ანგარიში

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way