USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
«Deutsche Welle» (გერმანია): „კრემლი და დასავლური სანქციები: რომელი ქვეყნები ეხმარებიან რუსეთს“
თარიღი:  452

გერმანული რადიოს „დოიჩე ველეს“ („Deutsche Welle“ – „გერმანული ტალღა“) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „კრემლი და დასავლური სანქციები: რომელი ქვეყნები ეხმარებიან რუსეთს“ (ავტორი - არტურ სელივანი). პუბლიკაციაში მოცემულია რუსეთის საგარეო ვაჭრობის მდგომარეობის ანალიზი, უკრაინასთან ომის დაწყების შემდგომ პერიოდში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან უკვე სამი წელი გავიდა. არაფერი ისე არ შეცვლილა მოსკოვისათვის, როგორც სავაჭრო ურთიერთობები შეიცვალა დანარჩენ მსოფლიოსთან. 2022 წლამდე რუსეთის ექსპორტის თითქმის ნახევარი ევროპულ ქვეყნებში მიდიოდა, ბელარუსია და უკრაინის ჩათვლით. ექსპორტის დიდ ნაწილს ენერგომატარებლები შეადგენდა, ძირითადად ნედლი ნავთობი და ბუნებრივი საწვავი გაზი.

დასავლეთიდან - აღმოსავლეთისაკენ

2023 წლის ბოლოს სურათი თითქმის მთლიანად შეიცვალა: რუსეთისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზრები გახდნენ ჩინეთი და ინდოეთი, რომლებზეც რუსეთის ექსპორტის თითქმის ნახევარი მოდის: ჩინეთზე - დაახლოებით 33%, ხოლო ინდოეთზე - თითქმის 17%. უკრაინაში შეჭრამდე, 2021 წელს ჩინეთის წილი შეადგენდა 15%-ზე ნაკლებს, ხოლო ინდოეთისა - 2%-ზე ნაკლებს.

2024 წელს ევროპულ ქვეყნებში რუსული ექსპორტის 14% იგზავნებოდა, ორი წლით ადრე კი 48%-ზე მეტი. თურქეთში რუსეთის ექსპორტი 2021 წლის 4,2%-დან 7,9%-მდე გაიზარდა 2024 წელს. ზომიერი ზრდა ფიქსირდება ყაზეხეთთან და უნგრეთთან, რომლებსაც რუსეთთან წლების განმავლობაში მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვთ.

„რუსეთი - ჩინეთის ვასალი“

შეიძლება ითქვას, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მოსკოვის ეკონომიკური ურთიერთობა ყველაზე რადიკალურად პეკინთან შეიცვალა - როგორც ვაჭრობის, ასევე გეოპოლიტიკური კუთხით. „რუსეთი უკვე ჩინეთის ვასალად გადაიქცა“, - განაცხადა „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში ელინა რიბაკოვა, ვაშინგტონში არსებული პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტის ეკონომისტი.

დასავლური სანქციების გამო მოსკოვი სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული პეკინზე მაღალტექნოლოგიური პროდუქციის იმპორტის სფეროში. „რუსეთი დიდი და რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, მაგრამ მას არ აქვს თვითუზრუნველყოფის შესაძლებლობა“, - ამბობს ჟოლტ დარვაში, ბრიუსელის მსოფლიო ეკონომიკის კვლევის ცენტრის Bruegel-ის თანამშრომელი, - ამიტომაც მოსკოვი იძულებულია ფართო მოხმარების პელექტრონული პროდუქცია საიდანღაც მიიღოს. მისი მიმწოდებელი სულ უფრო ხშირად ჩინეთი ხდება“.

თავის მხრივ, ელინა რიბაკოვა აზუსტებს, რომ ჩინეთი არამარტო აწოდებს რუსეთს თავის საკუთარი - ჩინური - წარმოების პრდუქციას, არამედ ეხმარება მას დასავლური საქონლის შეძენაშიც. განსაკუთრებით ეს ეხება „ორმაგი მოხმარების“ პროდუქციას, რომელიც გამოიყენება როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო მიზნით.

 ჩინური პროდუქციის იმპორტმა რუსეთს ევროკავშირიდან იმპორტი მნიშვნელოვნად ჩაუნაცვლა - 2024 წლისათვის ჩინურმა ექსპორტმა რუსეთში თითქმის 105 მილიარდი ევრო შეადგინა. ექსპორტში დაახლოებით 40% სხვადასხვა დანადგარებზე და მაკომპლექტებელ დეტალებზე მოდის, 30% - მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე, ტრაქტორებზე და მათთვის სათადარიგო ნაწილებზე, 20% - პლასტმასისა და რეზინის ნაკეთობებზე, ტექსტილზე და ა.შ.

ახალი მრავალპოლუსიანი მსოფლიო

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა ბოლო სამ წელიწადში სწრაფად მოახდინა ვაჭრობის ორიენტირების შეცვლა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, ექსპერტები არ თვლიან, რომ „რუსეთმა კარგი ცხოვრება დაიწყო“, ანუ მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა 2021 წელთან შედარებით. როგორც ჟოლტ დარვაში ამბობს, რუსეთის ეკონომიკა, რასაკვირველია, არ ჩამოიშლება, მას კიდევ ბევრი პრობლემის გადატანა შეუძლია, მაგრამ მოსკოვი ამჟამად ისეთ მაღალხარისხიან პროდუქციას ვეღარ იღებს, რასაც ადრე ევროკავშირიდან და საერთოდ, დასავლეთის ქვეყნებიდან იღებდა, რაც მის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს“.

ელინა რიბაკოვას აზრით, რუსეთს, ეკონომიკური თვალსაზრისით, კრახი ნამდვილად არ ემუქრება, მისი საქმე ცუდად არ არის, რასაც ადრე ბევრი პროგნოზირებდა. კრემლის მიერ გეოეკონომიკურ საკვანძო სავაჭრო პარტნიორების შეცვლა ასევე ნიშნავს გეოპოლიტიკურ ცვლილებასაც - მრავალპოლუსიან მსოფლიო წესრიგზე გადასვლას.

„ეს ძალზე მოხერხებული გზაა ვლადიმერ პუტინისათვის, რომელიც მრავალპოლუსიანი წესრიგის დამკვიდრებას ცდილობს. რა თქმა უნდა, რუსეთი თავისი მიზნის მისაღწევად არაფერს მოერიდება, რომ დასავლეთს აჩვენოს - კრემლს შეუძლია ყველა სიტუაციაში გამოსავალი მონახოს... მაგრამ ასეთ გზას მეორე, ჩრდილოვანი მხარეც აქვს: ჩინეთზე დამოკიდებულება რუსეთს მოწყვლადს ხდის, პეკინი მოსკოვისათვის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო შლიუზი ხდება. რა თქმა უნდა, ჩინეთისთვისაც მნიშვნელოვანია რუსეთი, მაგრამ შეუცვლელი ნამდვილად არის“, - ამბობს ელინა რიბაკოვა.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის