გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „ინფლაცია რეჯეფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამარჯვებაში ხელს შეუშლის“ (ავტორი - ბურკ იუნვერენი). მასალაში მიმოხილული და გაანალიზებულია თურქეთის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე და აქედან გამომდინარე - რეჯეფ ერდოღანის გამარჯვების შანსები.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
თურქეთში ახლოვდება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომლებიც 14 მაისს უნდა გაიმართოს. წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე თემას წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი მძიმე სიტუაცია, რომელიც ამას წინათ მომხდარმა კატასტროფულმა მიწისძვრამ გააღრმავა. როგორ სავარაუდო გავლენას მოახდენს ეკონომიკური მდგომარეობა არჩევნების შედეგებზე?
კრიზისი ეკონომიკაში
არავისთვის საიდუმლო არაა ის ფაქტი, რომ თურქეთის ეკონომიკა საკმაოდ დიდი ხანია კრიზისში იმყოფება. ქვეყანაში ექსტრემალურად მაღალი ინფლიაციაა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2022 წლის მარტთან შედარებით, მიმდინარე წლის მარტში ფასები თითქმის 50%-ით არის გაზრდილი. არაოფიციალური მონაცემებით კი უფრო უარესი სიტუაციაა: დამოუკიდებელ მკვლევართა ჯგუფის (ENAG) გამოთვლით, ინფლაციის დონე თურქეთში 112%-ითაა მომატებული, გასულ წელთან შედარებით. ეს მონაცემები მიუთითებს, რომ ხელისუფლება სიტუაციის შელამაზებას ცდილობს: თურქული ლირა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუფასურდა: თუ 2014 წელს ეროვნული ვალუტის კურსი 2,9 ლირა 1 ევროსთან მიმართებით, ახლა უკვე 1 ევრო 21 ლირის ტოლფასია.
თავისი წინასაარცევნო კამპანიის დაწყებისას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი მოსახლეობას დაპირდა, რომ უპირველეს ყოვლისა, ინფლაციის ტემპებს შეამცირებს და სურსათის ფასებს, რომლებიც პერმანენტულად იზრდება, სტაბილურს გახდის. თურქეთის პროფკავშირების კვლევითი ცენტრის (DISK-AR) მონაცემების თანახმად, ბოლო 20 წლის განმავლობაში კვების პროდუქტების ფასები 1750%-ით გაძვირდა. ყურადღება მივაქციოთ: სიტუაციის გაურესება ხდება იმ პერიოდში, როცა ქვეყნის ხელისუფლებაში მმართველი პოლიტიკური ორგანიზაცია - სამართლიანობისა და განვითარების პარტია იმყოფება (21 წლის განმავლობაში).
თურქეთს მეხუთე ადგილი უკავია იმ ქვეყნებს შორის (ლიბანის, ზიმბაბვეს, არგენტინასა და ირანის შემდეგ), რომლებშიც სურსათზე ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა. ამ მაჩვენებლმა 69% შეადგინა. ზოგადად ხორცის ფასმა 147%-ით მოიმატა, რის გამოც ბევრი თურქი მისთვის ტრადიციულ პროდუქტს ვერარ ყიდულობს. ამ ფაქტორს 14 მაისის არჩევნებზე არსებითი გავლენის მოხდენა შეუძლია.
ფასები და რეჯეფ ერდოღანის შანსები
აქვს თუ არა ამ ნეგატიურ ეკონომიკურ ფონზე რეჯეფ ერდოღანს გამარჯვების შანსი? გამოკითხვების მიხედვით, ამჟამინდელი ბრძოლა ისტორიულად დაძაბული იქნება - ისეთი, როგორიც არასოდეს არ ყოფილა თურქეთში. სოციოლოგების პროგნოზით, რეჯეფ ერდოღანი ხმების 45,7-50,8%-ს მიიღებს. ამ არჩევნების დროს მოქმედი პრეზიდენტობა უკვე მეტად აღარ ნიშნავს აშკარა ფავორიტობას. მისი კონკურენტია ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი „სახალხო ალიანსიდან“, სახალხო-რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ქემალ ქილიჩდაროღლუ. ალბათ, სწორედ ამიტომ უსვამს ხაზს რეჯეფ ერდოღანი არჩევნების მნიშვნელობას და თურქეთისათვის მას „საბედისწეროდ“ თვლის.
„ხმის მიცემის დროს თურქი ამომრჩეველი ფასების ზრდის გავლენით იმოქმედებს, რითაც კამპანიის შედეგი იქნება განსაზღვრული“, - ამბობს თურქი პოლიტოლოგი ბერკ ესენი სტამბოლის საბანჯის უნივერსიტეტიდან. „ინფლაციის გამო ხელისუფლების ავტორიტეტი მცირდება, მთავრობა სუსტდება. მმართველ პარტიას ძალიან უჭირს თავისი საბაზო ელექტორატის შენარჩუნება. რადგანაც რეჯეფ ერდორანის პარტიის მომხრეთა დიდი ნაწილი საშუალო კლასის ყველაზე დაბალ ფენას წარმოადგენს, სწორედ მას შეეხო ყველაზე მეტად ფასების ზრდის ნეგატიური პროცესი. შესაბამისად, უნდა ველოდოთ მისგან გამომდინარე უარყოფით შედეგებს“, - აღნიშნავს ბერკ ესენი „დოიჩე ველესთან“ საუბრის დროს.
რიგით თურქ მოქალაქესუკვე არარ სეუძლია რძისა და ხორცის პროდუქტების სურვილის მიხედვით ყიდვა, - ამბობს „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში სემსი ბაირაქტარი, თურქეთის აგრარულ პალატთა კავშირის პრეზიდენტი. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებს საქონლის საკვებზე ფასების ზრდის გამო პირუტყვის ყოლა უკვე უძნელდებათ: „პირუტყვი დიდი რაოდენობით იკვლება, შესაბამისად, რძის წარმოება მცირდება, რაც თავის მხრივ, რძის პროდუქციის დეფიციტს იწვევს. მოკლედ, ეს პროცესი უწყვეტ ნეგატიურ ჯაჭვს წარმოადგენს“, - განმარტავს ემსი ბაირაქტარი.
კორონავირუსის პანდემიის დროს თურქეთის ყველა რესტორანი და სასტუმროების უმეტესობა დახურული იყო. არადა, სწორედ რესტორნებში ხდება ხორცის ყველაზე მეტი მოხმარება. „რადგანაც იმ პერიოდში მყიდველი არ იყო, ხორცის 70% დაბალი ფასებით იყიდებოდა. ახლა სიტუაცია ფასებთან მიმართებით უმჯობესდება - ხორცის ფასი მატულობს, მაგრამ სამაგიეროდ, მოსახლეობის მსყიდველობითი უნარიანობა ეცემა“, - აღნიშნავს ახმეტ იუჯესანი, ხორცის პროდუქციის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი.
„მთავრობის პოლიტიკა არაშორსმჭვრეტელურია“
ბევრი თურქი თვლის, რომ ფასების ზრდაში დამნაშავე ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობაა, რომელიც არასწორ პოლიტიკას ატარებს. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ცდილობს როგორმე სიტუაცია გამოასწოროს, მაგრამ, როგორც ახმეტ იუჯესანი ამბობს, დრო ხელიდან იქნა გაშვებული და ოპერატიული ზომების მიღება დაგვიანებულია. მაგალითად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება გაზარდოს პირუტყვის (ნახევარი მილიონი სული) და ხორცის (8500 ტონა) იმპორტი არგენტინიდან და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებიდან.
ხორცის წარმოების სპეციალისტის ბიულენთ თუნჩის თქმით, თურქი მეხორცეები არ არიან ხორცის იმპორტის წინააღმდეგნი, მაგრამ სიტუაციას აუარესებს ის გარემოება, რომ მთავრობა არათანმიმდევრულად დგამს ნაბიჯებს და ზომებს დაგვიანებით იღებს. თანაც ეს ზომები ხშირად წინააღმდეგობრივია. „ადრე ჩვენი მინისტრი ამ დარგში ინვესტიციების ჩადებისაკენ მოგვიწოდებდა და პირობას დებდა, რომ ხორცის იმპორტი ქვეყანაში აღარ მოხდებოდა. ჩვენ მას დავუჯერეთ, ავაშენეთ ასობით აუცილებელი ობიექტი, გავაფართოვეთ ინფრასტრუქტურა და ამ დროს გვიცხადებენ, რომ ნახევარი მილიონი სული პირუტყვი არგენტინიდან შემოგვყავსო. მოდი და ნუ გაბრაზდები... პოლიტიკოსების მხრიდან წლების განმავლობაში ისეთ გადაწყვეტილებებს ვაწყდებით, რომელიც მხოლოდ წუთიერ შედეგზეა გათვლილი და მომავალზე არ ზრუნავენ“, - აღშფოთებას გამოხატავს ბიულენთ თუნჩი.
ასეთივე აზრი აქვს ახმეტ იუჯესანსაც, რომლის თქმით, ხორცის იმპორტი მხოლოდ მოკლევადიან გაიაფებას გამოიწვევს, შემდეგ კი სიტუაცია ისევ ძველებური გახდება: „ასეთი ფსევდოგადაწყვეტილების შედეგი ის იქნება, რომ ხორცზე ფასების ზრდა კვლავ გაგრძელდება“.
მომხმარებელთა უფლებების დამცველი ფონდის პრეზიდენტის თურხან ჩაკარი სიტუაციას მთელი სერიოზულობით წარმოგვიდგენს: „თურქეთის ისტორიაში სურსათი არასოდეს ასეთი ძვირი არ ყოფილა. მომხმარებელთა დიდ ნაწილს კვების ძირითადი პროდუქტების ყიდვა აღარ შეუძლია, ხალხს საკუთარი თავის გამოკვება უჭირს. [ეს ფაქტორი აუცილებლად მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე]“.
წყარო: https://www.dw.com/ru/inflacia-v-turcii-mozet-stoit-erdoganu-pobedy-na-vyborah-prezidenta/a-65371036