USD 2.6080
EUR 2.9721
RUB 3.0937
თბილისი
„Deutsche Welle“ - „ტრანსატლანტიკური პარტნიორობის დასასრული, ანუ პუტინმა გაიმარჯვა?“
თარიღი:  851

„პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის ვლადიმერ პუტინის წინაშე შორსმიმავალი დათმობებისათვის. ევროპა შოკშია. აშშ-რუსეთის სამიტს საუდის არაბეთში (ერ-რიადში) მსოფლიოს გეოპოლიტიკური ბალანსის კარდინალურად შეცვლა შეუძლია“, - წერს კოლუმნისტი დირკ ემერიხი გერმანიის რადიო „დოიჩე ველეს“ („Deutsche Welle“)  მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ტრანსატლანტიკური პარტნიორობის დასასრული, ანუ პუტინმა გაიმარჯვა?“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხშირად ვფიქრობ 2023 წელს გამოცემულ წიგნზე სახელწოდებით „აბადონი: ნაბიჯი უფსკრულისაკენ“. ავტორები ჰანს-ულრიხ იორგესი და აქსელ ბორმბოიმენი წერენ 2025 წლის მსოფლიოზე: დონალდ ტრამპი, რომელიც ისევ ირჩევენ აშშ-ის პრეზდენტად, ქაიროში ხვდება ვლადიმერ პუტინს და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატებს ევროპიდან თავისი ჯარები გამოჰყავს და ნატოს ტოვებს.

სამაგიეროდ, ვლადიმერ პუტინი „ხელს უხსნის“ თავის ამერიკელ კოლეგას ჩინეთის საწინააღმდეგო მოქმედებებში. ორი უდიდესი ბირთვული სახელმწიფო ხელახლა ინაწილებენ მსოფლიოს  და უარს აცხადებენ ყველანაირ ორგანიზაციებში და ალიანსებში მონაწილეობაზე, რომლებიც მათთვის მხოლოდ დაბრკოლებებად გადაიქცნენ. „მაგარი ბიჭები“ - დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი პლანეტაზე ყველაფერს თავიანთი სურვილებისამებრ წყვეტენ. გეცნოთ სიუჟეტი?

აშშ გლობალური წესრიგის კოორდინატთა სისტემას ცვლის

ის, რაც ორი წლის წინათ პოლიტიკური ტრილერის სახით იქნა ჩაფიქრებული, ძალიან ახლოს დგას რეალობასთან. მართალია, დღეს ჯერ-ჯერობით აშშ ნატოშია და სამიტიც ქაიროში კი არა, ერ-რიადში იმართება, მაგრამ ყველა დანარჩენი ნაწილი აბსოლუტურ სიმართლეს ჰგავს: მსოფლიოს მართავს არა კანონის ძალა, არამედ უძლიერესის უფლება.

ამჟამინდელი მომენტისათვის შეერთებული შტატები წარმოუდგენელი დინამიკით ცვლის გლობალური წესრიგის კოორდინატთა სისტემას. ევროპა შოკირებულია. ევროპული სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურები პარიზში სეიკრიბნენ იმის განსახილველად, რაც მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მოხდა აშშ-ის ინიციტივით. როგორც მოსალოდნელი იყო, ადექვატური ნაბიჯების გადადგმა ძნელი აღმოჩნდა - ევროკავშირში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს: სამხედრო ხარჯების გაზრდაზე რომ არაფერი ვთქვათ, უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნის თაობაზე ევროკავშირში მკვეთრი უთანხმოება შეიმჩნევა.

ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი ღერძი - პარიზი-ბერლინი - უკვე დიდი ხანია შეფერხებით და არარიტმულად მუშაობს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საერთო ენა ვერა და ვერ გამონახეს. გარდა ამისა, სოციალ-დემოკრატ ოლაფ შოლცს თითზე ჩამოსათვლელი დღეები რჩება გერმანიის მთავრობის მეთაურის პოსტზე - 23 თებერვალს ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს და იგი, დიდი ალბათობით, თანამდებობას დატოვებს. პროგნოზების თანახმად, გერმანიის კანცლერი კონსერვატიული ქრისტან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მენცი გახდება. ასე რომ, ევროპაშიც პოლიტიკური სიტუაცია საკმაოდ არასტაბილურია - იქ, სადაც ერთიანობა და მტკიცე კურსი არ არსებობს, წარმატების მიღწევა დაბრკოლებებს აწყდება.

გაიმარჯვა თუ არა ვლადიმერ პუტინმა?

ერ-რიადის სამიტის შედეგები ჰიპოთეტური სცენარით შეიძლება ასე გამოიხატოს:

აშშ მოილაპარაკებს ჩარჩო-ხელშეკრულებაზე რუსეთთან და პილატე პონტოელივით „ხელებს იბანს“. უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან კი არ ზის, არამედ სადღაც კუთხეში სკამზეა ჩამომჯდარი და იქიდან უყურებს და უსმენს, თუ რას ლაპარაკობენ „დიდები“. ევროპა საერთოდ არ ჩანს. სამიტი მთავრდება და ევროპას გადაწყვეტილებას აძლევენ - აწი შენ მთავარი როლი გეკისრება, ყველაფერს ისე გააკეთებ, როგორც ჩვენ ორმა მოვილაპარაკეთო.

და ამ დროს დონალდ ტრამპი ისეთი სიტყვებით ამკობს ვლადიმერ პუტინს, რომ კრემლის ბინადარი სიხარულით მეცხრე ცაზეა. ოკუპირებული უკრაინის მიწა-წყალი რუსეთს ოფიციალურად რჩება. უკრაინისათვის ნატოსაკენ მიმავალი გზა გადაკეტილია, ალიანში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან იხსნება. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ დონალდ ტრამპს არ სურს უკრაინაში ამერიკელი ჯარისკაცების კონტიგენტი განათავსოს და განზრახული აქვს რუსეთი „დიდ რვიანში“ დააბრუნოს.

მოკლედ, ერ-რიადში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა ყველაფერზე მოილაპარაკეს და ერთმანეთთან თანასწორად საუბრობენ. ანუ ხდება ის, რაც ვლადიმერ პუტინს ყოველთვის სურდა. კრემლი ყოველთვის ცდილობდა შუღლი ჩამოგდებულიყო დასავლურ ალიანსში, ახლა კი მან ეს ყველაფერი „უფასოდ მიიღო“: ამერიკა და ევროპა ერთიანობის დემონსტრირებას არარ ახდენენ.

ეს სავარაუდო სცენარია, მაგრამ თუ მართლაც ასე მოხდება ერ-რიადში, მაშინ ვლადიმერ პუტინი აბსოლუტურ გამარჯვებას მოიპოვებს, დასავლეთი კი წააგებს. უკრაინა ყოველთვის უფრთხოდა მოვლენების ასეთ განვითარებას, თავს არიდებდა მის განხილვას, თუმცა ევროპული ანალიტიკური ცენტრები არცთუ იშვიათად მსჯელობდნენ. გრიგალის წინასწარმეტყველება შეიძლებოდა. დონალდ ტრამპი არასოდეს არ მალავდა იმას, თუ რის გაკეთება ჰქონდა განზრახული. ევროპა სიტუაციის გაცნობიერებას აჭიანურებდა და ბოლოს „ორმოში აღმოჩნდა“.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის საიმედოდ შესანარჩუნებლად უკრაინაში, სავარაუდოდ 140-150 ათასიანი სამშვიდობო კონტინგენტი იქნება აუცილებელი. ვიმეორებ - „საიმედოდ შესანარჩუნებლად“: არ ვგულისხმობ გაეროს „ცისფერჩაფხუტიანების“ მოვალეობას, რომლებიც მხოლოდ პატრულირებას ახდენენ. მშვიდობისმყოფლების დიდი ნაწილი, ალბათ, გერმანიიდან იქნებიან, მაგრამ არც ბუნდესვერი და არც გერმანული საზოგადოება ამისათვის მზად არ არის.

ჯეიმს ვენსის გამოსვლამ ევროპა შეაძრწუნა

თითქოსდა ეს ნეგატიური ამბები ევროპისათვის საკმარისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მას კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა მიუნჰენის კონფერენციაზე. როცა ჯეიმს ვენსი ტრიბუნასთან მივიდა, ყველას ეგონა, რომ იგი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის დეტალებს გააჟღერებდა, მაგრამ ვიცე-პრეზიდენტის ნათქვამმა ყველაზე უარეს მოლოდინსაც გადააჭარბა - 18-წუთიანმა გამოსვლამ ევროპა გულის სიღრმემდე შეაძრწუნა.

ჯეიმს ვენსმა ყველაზე დიდ მუქარებად ჩათვალა არა რუსეთი ან ჩინეთი, არამედ თვით ევროპის შიგნით არსებული საფრთხეები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპული მთავრობები - ისეთები როგორიცაა, ვთქვათ, გერმანიის მთავრობა - ევროპისათვის უფრო მეტ საფრთხეს მოასწავებს, ვიდრე რუსეთის ან ჩინეთის მთავრობა. მისი თქმით, ევროპის მთავრობებს თავიანთი ამომრჩევლების ეშინიათ და პარტიებს გარიყულად აქცევენ. ამერიკელ სტუმარს, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში მხედველობაში ჰქონდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“, რომლის ლიდერს ალის ვაიდელს იგი შეხვდა. ოლაფ შოლცთან მოლაპარაკება კი ჯეიმს ვენსის დღის წესრიგში არ აღმოჩნდა.

თავის ვიცე-პრეზიდენტს მხარი აუბა დონალდ ტრამპმაც და დაიწყო ლაპარაკი ამერიკელი და რუსი ხალხის დიდებულებაზე. ეს სრულიად ახალი ტონალობაა. ამერიკა თავის მტრებზე ისე ლაპარაკობს, თითქოსდა ისინი ყოველთვის ძველი განუყრელი მეგობრები იყვნენ, ხოლო ძველ განუყრელ მეგობრებს მტრებად თვლის.

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის