USD 2.6480
EUR 3.0200
RUB 3.5526
თბილისი
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს “მოსკოვის მექანიზმის” რეკომენდაციები
თარიღი:  412

“მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშის მთავარი დასკვნა ერთმნიშვნელოვანია - მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ავრცელებს.

ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებაში საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად შესრულოს “მოსკოვის მექანიზმის” რეკომენდაციები.

ასევე, ქვეყნები მოუწოდებენ მთავრობას, გააგრძელონ ჩართულობა და მომხსენებლის დასკვნები განიხილონ ბაზისად კონსტრუქციული დიალოგისა და რეფორმისთვის.

“ანგარიში 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში მოვლენების დეტალურ და სანდო შეფასებას იძლევა და ნათელ რეკომენდაციებს აძლევს საქართველოს მთავრობას, [ეუთოს] წევრ სახელმწიფოებსა და უფრო ფართო საერთაშორისო საზოგადოებას.

ამავდროულად, მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ ხელი შეუწყო ქვეყანაში მომხსენებლის ვიზიტს და სამთავრობო ინსტიტუტებთან მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზება მოახდინა.

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, გააგრძელონ ჩართულობა და მომხსენებლის დასკვნები განიხილონ, როგორც ბაზისი კონსტრუქტიული დიალოგისა და რეფორმისთვის.

ასევე, ძალიან ვაფასებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, ჟურნალისტებს, უფლებადამცველებსა და სხვა თანამოსაუბრეებს, რომლებიც ჩართული იყვნენ მომხსენებელთან. მათი მზაობა, წარმოედგინათ ჩვენებები და დოკუმენტაცია, აუცილებელი იყო ამ ანგარიშის სისრულისთვისა და სიღრმისთვის. მათი წვლილი ხაზს უსვამს ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს და გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რომელშიც მათ თავისუფლად და უსაფრთხოდ შეუძლიათ ოპერირება.

მომხსენებელის მთავარი დასკვნა ერთმნიშვნელოვანია. როგორც ანგარიში ამბობს: “მანდატით გათვალისწინებულ პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა დაფიქსირდა”...

საქართველოს მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ დემოკრატიულ უკუსვლას და სრულად შეასრულონ “მოსკოვის მექანიზმის” რეკომენდაციები.

დღეს, გვსურს, რომ ხაზი გავუსვათ კონკრეტულად შემდეგ ნაბიჯებს:

1.საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ სამართალდამცავები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად მოქმედებენ, ჩაატაროს სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიებები წამებისა და არასათანადოდ მოპყრობის ყველა ბრალდებაზე, და პასუხში მისცენ პასუხისმგებელი პირები.

2. საქართველომ უნდა გაიწვიოს ან ფუნდამენტურად გადახედოს კანონებს, რომლებიც არ შეესაბამება საერთაშორისო ადამიანის უფლებების ვალდებულებებსა და დაპირებებს, მათ შორის კანონები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე", "უცხოური აგენტების რეგისტრაციაზე", და დაკავშირებული შესწორებები გრანტებზე, მაუწყებლობაზე და პოლიტიკურ მონაწილეობაზე.

როგორც მომხსენებელი აღნიშნავს, შეუძლებელია ამ კანონების შესაბამისობაში მოყვანა მხოლოდ მცირე შესწორებებით. ამისთვის, საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, აღადგინოს თანამშრომლობა ოდირთან და ვენეციის კომისიასთან, მთლიანად გაატარონ მათი რეკომენდაციები.

3. მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და საჯარო განხილვის სხვა მონაწილეების უკანონო დაკავებებისგან და დევნისგან, გაიწვიოს უკანონოდ წამოყენებული ბრალდებები, და გაათავისუფლოს პოლიტიკური მიზეზებით დაკავებული ყველა პირი.

4. საქართველომ უნდა შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები, გაიწვიოს ამასთან დაკავშირებული განხილვის ქვეშ მყოფი განაცხადები, და უზრუნველყოს, რომ პოლიტიკური პლურალიზმი სრულად არის დაცული.

5. ანგარიში ხაზს უსვამს სასამართლო სისტემისადმი ნდობის აღდგენის საჭიროებას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებით, სამართლიანი სასამართლო პროცესების გარანტიების უზრუნველყოფით, ისეთი ინსტიტუტების რეფორმირებით, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ეუთოსა და ვენეციის კომისიის მრავალწლიან რეკომენდაციებთან შესაბამისად,” - ნათქვამია განცხადებაში.

ერთობლივი განცხადების ხელმომწერები არიან: გაერთიანებული სამეფო, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, შვედეთი, უკრაინა და პოლონეთი.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის