USD 2.7086
EUR 3.1783
RUB 3.4210
Тбилиси
«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): „სისხლი და მილიონები: რა საფასურს იხდის უკრაინა რუსეთის მიერ დაწყებულ ომში“
дата:  656

ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტომ „როიტერმა“ (Reuters) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „სისხლი და მილიონები: რა საფასურს იხდის უკრაინა რუსეთის მიერ დაწყებულ ომში“ (გაი ფოლკონბრიჯი), რომელშიც განხილულია დაპირისპირებული მხარეების დანაკარგები როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ტექნიკის თალსაზრისით.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთის ომმა უკრაინაში ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა, ქვეყნის ეკონომიკა კი უკიდურესად დააზარალა. სააგენტო "როიტერის" ჟურნალისტები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინელებზე ყველაზე დიდ გავლენას რამდენიმე ფაქტორი ახდენს.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიცოცხლეა. ომმა უკრაინაში უკვე შეიწირა იმაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე, ვიდრე -- მეორე მსოფლიო ომმა ევროპის მთელ კონტინენტზე.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ივლისის თვის ჩათვლით, მოკლულია 9 000 და დაშავებულია 16 000 სამოქალაქო პირი. თუმცა, ადამიანების უფლებათა დამცელ საერთაშორისო ორგანოში ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია და მსხვერპლის რეალური რაოდენობა გაცილებით დიდია.

გამოცემა "ნიუ-იორკ თაიმსის" მიხედვით, ომმა უკრაინაში 500 000 ადამიანი საცხოვრელის გარეშე დატოვა. იმავე გამოცემის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, მოკლულია 120 000 რუსი სამხედრო და დაშავებულია 170 000-დან 180 000-მდე. რაც შეეხება უკრაინული ჯარის დანაკარგებს: მოკლულია 70 000 და დაჭრილია 100 000-დან-120 000-მდე ჯარისკაცი.

რუსი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამერიკელების მიერ გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის დანაკარგების შესახებ ზედმეტად გადაჭარბებულია და რომ ის პროპაგანდას ემსახურება. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს 21 სექტემბრის განცხადების მიხედვით, ომში მხოლოდ 5 937 რუსი დაიღუპა. გასული წლის სექტემბრის შემდეგ რუსული ჯარის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, ვინაიდან ამ ტიპის ახალ ამბებს სახელმწიფო საიდულოების სტატუსი აქვს.

დაღუპულების რაოდენობის შესახებ არც უკრაინული მხარე ავრცელებს ინფორმაციას. უკრაინაც ამბობს, რომ ეს სახელმწიფო საიდუმლოებაა.

უკრაინის მოსახლეობა ომამდე 41-მილიონი იყო, 2022 წელს დაწყებული ომის შემდეგ, მილიონობით ადამიანი იძლებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა.

გაეროს ინფორმაციით, დაახლოებით 17.6 მილიონ ადამიანს სჭირდება გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება. მათ შორის 5 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია. გაერო ინფორმაციას ავრცელებს ევროპაში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების შესახებაც. მათი მონაცემებით, ახლა ევროპის კონტინენტზე 5.9 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს.

უკრაინელების ნაწილს საცხოვრებლის დატოვება აქტიური დაბომბვისა და ფრონტის ხაზთან ახლოს ცხოვრების გამო მოუხდა. ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი კი იძულებით გადაადგილებული პირი მას შემდეგ გახდა, რაც მათ ქალაქებსა და სოფლებზე კონტროლი რუსულმა ჯარმა მოიპოვა.

ახლანდელი მონაცემებით, რუსეთს უკრაინის 11% აქვს ოკუპირებული. თუმცა, ეს მხოლოდ 2022 წლის ომის შემდეგ დაკავებული ტერიტორიაა. 2014 წელს ოკუპირებული ყირიმის ჩათვლით, რუსეთი უკრაინის 17,5%-ს აკონტროლებს.

2022 წელს უკრაინულმა ჯარმა რუსებს უკან დახევა აიძულა, მაგრამ მას შემდეგ გამორჩეულად დიდი პროგრესი არ ჰქონია. 2023 წლის ზაფხულში დაწყებული კონტრშეტევის შემდეგ, უკრაინულმა მხარემ რამდენიმე სოფლის დაბრუნება შეძლო.

დაკარგული ტერიტორიების გარდა, ომმა უკრაინას ეკონომიკური სიდუხჭირეც მოუტანა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2022 წელს, უკრაინის ეკონომიკა 30%-ით შემცირდა. წელს კი ვარაუდობენ, რომ ეკონომიკა მხოლოდ 1%-დან 3%-მდე შეძლებს ზრდას.

უნობია რა თანხა დახარჯა უკრაინამ აქამდე, ომის წარმოებისთვის. რუსეთის მიერ ომზე დახარჯული თანხის რაოდენობაც უცნობია. ეს რუსეთში სახელმწიფო საიდუმლოებაა.

ომის მძიმე გავლენა ეკონიმიკაზე, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რუსეთის პრობლემაცაა. მეზობელ ქვეყანაში შეჭრის გამო, დასავლურმა და აზიის ზოგიერთმა ქვეყანამ უმკაცრესი სანქციები დაუწესა რუსეთს და მის პროდუქციას. ამან კი გავლენა იქონია ქვეყნის ერთიან შიდა პროდუქტზე, ინფლაციაზე და ზოგადად, ეკონომიკაზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, წელს რუსეთის ეკონომიკა 1,5 %-ით გაიზრდება. 2022 წელს ეს მონაცემი 2.1% იყო.

„საშუალოვადიან პერსპექტივაში, რუსეთის ეკონომიკას შეაფერხებს მულტინაციონალური კომპანიების [ქვეყნიდან] გასვლა, ადამიანური კაპიტალის დაკარგვა და მისი გათიშვა გლობალური ფინანსური ბაზრებიდან“, - თქვა გასულ თვეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპიკერმა ჯული კოზაკმა.

2023 წელს რუსეთმა გააორმაგა თავდაცვაზე გაწეული ხარჯები. მისი მიზანი 100 მილიარდი დოლარის, ანუ მთელი საჯარო დანახარჯების მესამედის - სამხედრო მიმართულებით დახარჯვაა.

რამდენადაც რუსეთის სამხედრო ხარჯები იზრდება, იმდენად სანქციები ამცირებს ქვეყნის ენერგეტიკული რესურსებიდან არსებულ შემოსავლებს და მოსკოვი მძიმე ფინანსური გამოწვევების წინაშე დგას.

რუსეთმა თავისი შემოსავლის ძირითადი წყარო, ევროპული ბაზარი დაკარგა. ომის დაწყების შემდეგ ევროპულმა ქვეყნებმა უარი თქვეს რუსული გაზისა და ნავთობის შესყიდვაზე. გარდა ამისა, რუსი ოლოგარქების უმეტესობა სანქცირებულია ხოლო ქვეყანა დასავლური საფინანსო ბაზრებიდან გათიშულია.

ამერიკის "ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს" დირექტორი უილიამ ბარსნი ამბობს, რომ ამ წელს პუტინმა შესაძლოა რუსეთი "ჩინეთის ეკონომიკურ კოლონად აქციოს".

რუსეთის ომმა უკრაინაში და დასავლეთის სანქციებმა სასუქის, ხორბლის, ლითონებისა და ენერგიის ფასებზე მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რაც თავისთავად მიზეზია ინფლაციის ტალღისა და გლობალური სასურსათო კრიზისისა.

საუდის არაბეთის შემდეგ, რუსეთი მსოფლიოში ნავთობის მეორე უდიდესი ექსპორტიორი და ბუნებრივი აირის, ხორბლის, აზოტის სასუქებისა და პალადიუმის მსოფლიოში ყველაზე დიდი ექსპორტიორია.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან მალევე, ნავთობის საერთაშორისო ფასი, 2008 წლის შემდეგ, რეკორდულ დონემდე გაიზარდა.

უკრაინის დასახმარებლად, ომის დაწყების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა 43 მილიარდ დოლარზე მეტი გადასცა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით. მათ შორის "სტინგერის" საზენიტო სისტემები, "ჯაველინის" საზენიტო სისტემები, 155 მმ-იანი "ჰაუბიცები" და აღჭურვილობა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული თავდასხმისგან დასაცავად. ფინანსური თვალსაზრისით, უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან: შეერთებული შტატები, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და იაპონია.

წყარო: https://www.reuters.com/world/europe/blood-billions-cost-russias-war-ukraine-2023-08-23/

 

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати