USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
«Reuters» : „უკრაინა არმიის განმტკიცებას ცდილობს, მაგრამ რის ხარჯზე? მოსახლეობაში ომით დაღლა შეიმჩნევა, ხელისუფლებისადმი ნდობა მცირდება“.
თარიღი:  489

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ (Reuters) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინა არმიის განმტკიცებას ცდილობს, მაგრამ რის ხარჯზე? მოსახლეობაში ომით დაღლა შეიმჩნევა, ხელისუფლებისადმი ნდობა მცირდება“ (ავტორები - ელენე გარმაში და ტომ ბალმფორტი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„უკრაინა მთელი ძალით ცდილობს თავისი არმიის გაძლიერებას, ამ დროს კი მოსახლეობა ომისაგან თანდათან იღლება. უკრაინელებს, რომლებიც კონტრშეტევის წარმატების იმედზე იყვნენ, ახლა ძალიან უძნელდებათ უფრო მეტად გაჭიანურებული და ძვირადღირებული ომისადმი შეგუება. ისინი გულგატეხილები და იმედგაცრუებულნი არიან. ზოგიერთები უკვე იმასაც აღიარებენ, რომ რუსეთის დამარცხების არანაირი გარანტიები აღარ არსებობს.

კონტრშეტევას ისეთი ფართო რეკლამა ჰქონდა, რომ ბევრმა დაიჯერა - ყირიმისა და დონბასის დაბრუნების დრო დგებოდა.

დღეს კიევს ფული კი აქვს, მაგრამ არ აქვს საბრძოლო მასალები. დასავლეთი თანხებს ურიცხავს, მაგრამ რეალურ იარაღს ვერ აწვდის. აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების იარაღის არსენალები ნელ-ნელა ცარიელდება, იქაურ მთავრობები და მოსახლეობა კი სულ უფრო ცივად უყურებენ უკრაინელებს. ძველებური მაღალი დონის ფართო მხარდაჭერა აღარ არის.

უფრო მეტიც: ამ შემოდგომაზე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების ცოლებმა და ოჯახის წევრებმა კამპანია წამოიწყეს, რომ განუწყვეტელი ორწლიანი ომით დაღლილი თავიანთი ქმრები, ძმები და მამები ფრონტიდან სახლებში დაებრუნებინათ. მტავრობის მიერ გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობის მიუხედავად, უკრაინის რიგ ქალაქებში საპროტესტო მიტინგებიც გაიმართა, ფრონტზე მობილიზების მტკიცე ვადების დადგენის მოთხოვნით

ასეთი პროტესტები წარმოუდგენელი იყო ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ, როცა უკრაინელთა მორალური სულისკვეთება ძალიან მაღალ დონეს აღწევდა, განსაკუთრებით 2022 წლის აგვისტო-სექტემბერში, ხარკოვის ოლქში ტერიტორიების დაბრუნების შედეგად.

მაგრამ მას შემდეგ „ბევრმა წყალმა ჩაიარა“: დღეს ვეღარ ვხედავთ სამხედრო კომისარიატებთან მოხალისეთა რიგებს, ჯარში გაწვევა რთულად მიმდინარეობს: გასაწვევი ასაკის მქონე ახალგაზრდები იმალებიან და ხშირად მათი დაკავება პირდაპირ შუა ქუჩებში ხდება ხოლმე. უკრაინის ხელისუფლება მძიმე არჩევანის წინაშეა: არმიას დანაკარგების შევსება ჭირდება, მაგრამ ყველა მამაკაცი თუ ფრონტზე გაიგზავნება, ისედაც დანგრეული ეკონომიკის შენარჩუნებას სამუშაო ძალა მოაკლდება.

როგორც ზოგიერთი სოციოლოგი აღნიშნავს, უკრაინაში საპროტესტო პოტენციალი თანდათან მატულობს. მოსახლეობის განწყობა უარესდება. საზოგადოებრივი გამოკითხვები მოწმობს, რომ უკრაინის მთავრობისა და პარლამენტის რეიტინგი მკვეთრად კლებულობს: თუ გასულ წელს, შემოდგომაზე, მთავრობას ნდობას უცხადებდა უკრაინელთა 74% და პარლამენტს 58%, დღეს შესაბამისად, მათდამი ნდობა 39 და 21 პროცენტამდეა დაცემული.

რაც შეეხება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგს, ის ჯერ კიდევ მაღალია, თუმცა მხარდამჭერები მასაც მოაკლდა.

 წყარო: https://www.reuters.com/world/europe/at-what-cost-ukraine-strains-bolster-its-army-war-fatigue-weighs-2023-11-28/

 

 

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის