USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
ეთერ თათარაიძე : "აი, ეს არის საეროვნულო დიდი საქმე !"
თარიღი:  2107

" მოვიდა თაობა, მოვიდა ისევ იმედიანი თაობა, გული მომეცა, დიდი იმედი გამიჩნდა." - ამ სიტყვებით მიმართა პოეტმა ეთერ თათარაიძემ სალოტბარო სკოლის მოსწავლეებს გალა - კონცერტზე, რომელიც ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა.

სწორედ ეთერ თათარაიძის მონაწილეობით წარმოადგინეს ბავშვებმა თუშური სუიტა. პროექტი კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და ფოლკლორის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მასში 32 სალოტბარო სკოლის ხუთასზე მეტი მოსწავლე და კურსდამთავრებული მონაწილეობდა.

"ეს დღეები ყველა ტკივილი დამავიწყდა, სულ ამათზე ვფიქრობ, სულ ამათით ვცხოვრობ. არ იღლებიან... განა ბალღობით არ იღლებიან ?! დაიქანცებიან, საათობით რეპეტიციაზე არიან, სწავლობენ და შესვენების დროს, ქუჩაში რომ გამოდიან ფოლკლორის ცენტრიდან, სიმღერით მიდიან-ხოლმე. ღმერთო , სამღერალი არ დაულიო ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მიწას! მე მაგონდება წლების წინ თეთრიწყაროში, სოფელ სამღერეთში გადაღებული საფლავის ქვები - სამი მომღერალი დის. მე და ამირან არაბულმა ჩავატარეთ კვლევები, რატომ ჰქვია სიმღერები სოფელს და ეს დები ფანდურებით საფლავზე რატომ არიან გამოსახული... ადგილობრივები გვიყვებოდნენ, როცა მტერი შემოგვესიაო (არ ახსოვდათ, ვინ ) დებმა მწყემსისგან გაიგეს, რომ მტერი შემოდის. აიღეს ფანდურები და სოფლიდან მოშორებით, საიდანაც მტერი მოდიოდა, დასხდნენ და დაიწყეს სიმღერა.

ისე მღეროდა სამივეო, ეს ლაშქარი დაატყვევა სიმღერამ და დაავიწყდათ რისთვის მოდიოდნენო. ამასობაში მწყემსი მიასწრებს სოფელში და სოფელს გახიზნავს. სიმღერა არ უშვებდა აქეთ მტერსო. მართლაც, როცა შევიდნენ სოფელში, ადამიანი აღარ დაუხვდებათ. მიხვდებიან ამ დებმა რაც გააკეთეს და სამივეს მოკლავენ. ღმერთმა დაგვიფაროს! მე ვიცი რომ ჩვენი სიმღერა მტერსაც ამუნჯებს, აშინებს და მოვიდა თაობა, მოვიდა ისევ იმედიანი თაობა, გული მომეცა, დიდი იმედი გამიჩნდა. აქ არც ერთი თუში ბავშვი არ იქნება, მაგრამ ისე მღერის ის წალენჯიხელი ბიჭი თუშურ სიმღერას, რომ ესე გულიანად, ზოგი თუში ვერ იმღერებს და ბევრიც ვერ იმღერებს. ასე ასრულებენ ყველანი, სხვადასხვა კუთხის ბავშვები ამ თუშურს.

ჩვენ გვაქვს - ქორბეღელას ეძახიან თუშები, საფერხულო: ორსართულიანი ფერხული და შუაში უდგას მეცხოვნე - ასე ეძახიან, სიმღერით მიჰყვება, რომ არ დაიშალოს ხატის კარავი. წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი ფერხულია და მე სულ ვოცნებობდი, რაც ცოცხალი ვარ... დღეს აღარც თუშეთშია ეს მეფანდურე და მეციხოვნე, დღეს უკვე დაიკარგა, მხოლოდ ჩანაწერებშია ეს ყველაფერი შენახული და აი ეხლა დღეს გაცოცხლება ეს ქორბეღელა! ყველას მინდა ვუთხრა დიდი მადლობა ბავშვებს, გიორგის დიდი მადლობა... ამ მეგარმონე ბიჭს დიდი მადლობა, ისეთ თუშურს ასრულებს... ყველა ლოტბარს, ლიკას, როგორი დიდი სიყვარულით, რამხელა კოშკი ააგეს. ეს არ იყო ადვილი, ასეთ დონეზე მოტანა ამ ამბის, თუ არ დაუჭერდა კულტურის სამინისტრო ამ ყველაფერს მხარს. ადამიანებს უნდა შეეძლოთ დანახვა, რა არის საეროვნულო! აი, ეს არის საეროვნულო დიდი საქმე! 500 ბავშვი რომ იმღერებს. ხუთასი თავის შვილს რომ ეტყვის, აი ასე ვიმღერეთ და ვიცეკვეთ!" - აღნიშნა ეთერ თათარაიძემ სიტყვით გამოსვლისას

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის