USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«Responsible Statecraft» (აშშ): „მსოფლიოში ფართოდ ცნობილი უკრაინული „ხორბლის ბეღელი“ დღეს შხამიანია“
თარიღი:  775

„უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით ერთი მესამედი, რაც ევროპის საშუალო ზომის ქვეყნის ფართობს უდრის, საშინლად გაჭუჭყიანებულია. უკრაინა ნამდვილ ეკოლოგიურ კატასტროფას განიცდის - მიწა, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, მოსავლისათვის აღარ ვარგა“, - აღნიშნულია აშშ-ის ქუინსის ინსტიტუტის ჟურნალ Responsible Statecraft-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მსოფლიოში ფართოდ ცნობილი უკრაინული „ხორბლის ბეღელი“ დღეს შხამიანია“ (ავტორები - ალიონა მელნიკი და სერა კულაბდარა, ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლის მკვლევარები), რომელშიც განხილულია რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ეკოლოგიური საფრთხის პერსპექტივა მსოფლიოსათვის.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, თანამედროვე იარაღისა და საბრძოლო მასალების გამოყენებისას, რაკეტების, ჭურვებისა და ცეცხლმტყორნების მეშვეობით ნიადაგში უამრავი შხამიანი (ტოქსიკური) ელემენტები გროვდება, რაც სასურსათო უსაფრთხოებას ემუქრება.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ომის დაწყებამდე უკრაინული მარცვლეულით და კვების პროდუქტებით მთელ მსოფლიოში 400 მილიონამდე ადამიანი მარაგდებოდა, ახლა კი, როცა საომარი ოპერაციები დიდი ინტენსივობით სწორედ მარცვლეული კულტურების მოყვანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონში [ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ტერიტორიაზე) მიმდინარეობს, სურსათის ნაკლებობის რისკები საკმაოდ მაღალია.

უკრაინის ნიადაგის გაჭუჭყიანება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მიწა გაჯერებულია ისეთი ტოქსიკური ქიმიური ელემენტებით, როგორებიცაა დარიშხანი, ტყვია, კადმიუმი, ვერცხლისწყალი და სხვა შხამიანი ნივთიერებებით.

თუ დროულად არ იქნა გაწმენდითი სამუშაოები ჩატარებული, აღნიშნული ელემენტები საკვებ პროდუქტებში მოხვდება, რაც ძალიან სახიფათოა ადამიანის სიცოცხლისათვის.

პრობლემა იმაშია, რომ უკვე გამოყენებული საბრძოლო მასალებიდან (ჭურვებიდან, ბომბებიდან და რაკეტული საწვავიდან) გაჟონილი ქიმიური ნივთიერებები ნიადაგში ათეული წლების განმავლობაში რჩება, მიწა კი ისეთი რესურსია, რომლის განახლება ძალიან რთულია.  ბუნებრივი ციკლის მიხედვით, ერთი სანტიმეტრი სასარგებლო ნიადაგის მისაღებად დაახლოებით 200-400 წელია საჭირო, ხოლო 20 სანტიმეტრისა - თითქმის 6 ათასი წელი. ასე რომ, ამჯამად უკრაინაში უმოწყალოდ და სწრაფად ნადგურდება ის უდიდესი სიმდიდრე, რაც ბუნებამ ათასობით წლების განმავლობაში შექმნა.

რა თქმა უნდა, ის საშინელება, რაც უკრაინის ნაყოფიერ მინდორ-ველებზე ხდება, ახალი და უცნობი არ არის. იმ ადგილებში მეორე მსოფლიო ომის ოპერაციებიც მიმდინარეობდა, მაგრამ დღევანდელი უბედურება იმდროინდელი ნეგატიურ შედეგებს ბევრად აღემატება. ნიადაგებისათვის უფრო მეტი ზიანი მოაქვს თანამედროვე ომებს, როცა ბევრი ქიმიური ნივთიერებებია გამოყენებული - მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში...   ეს სია შეიძლება კიდევ გაგრძელდეს. გასაკვირი არაა, რომ ჩვენი პლანეტის 50 ქვეყანა ზარალდება ნაღმების, ჭურვებისა და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებით, მთელი აკრძალული ზონებია შექმნილი, რადგანაც ნიადაგი გამოუსადეგარია.

დაკარგულის აღსადგენად მეცნიერები ძალისხმევას არ იშურებენ. შემუშავებულია სპეციალური პროექტები, რომელთა მიზანია ნიადაგისათვის და გარემოსათვის მიყენებული ზიანის შეფასება, ზარალის აღდგენა და ექსპერტების მომზადება. მაგრამ პროექტის განხორციელება რომ დაიწყოს, ამისათვის ჯერ მთავარია ომი შეწყდეს და მშვიდობა დამყარდეს.

წყარო: https://responsiblestatecraft.org/ukraine-soil-contamination/

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის