USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
თბილისი
Tesla Cybertruck-ის გაყიდვები იზრდება, ჩინეთი ავტომწარმოებლებს ევროპაში ინვესტირების შეწყვეტისკენ მოუწოდებს - კვირის მთავარი ავტო სიახლეები
თარიღი:  95

კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"

წყარო:https://bm.ge/

აშშ-ში Tesla Cybertruck-ის გაყიდვები იზრდება

Tesla-ს ახალმა ელექტრო პიკაპმა, Cybertruck-მა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ამერიკის შეერთებულ შტატებში ელექტრომობილების ბაზარზე გაყიდვებით მესამე ადგილი დაიკავა. საანგარიშო პერიოდში, მასზე მაღალ პოზიციებზე მხოლოდ Tesla Model 3 და Y იყვნენ გაყიდვების მხრივ, ანუ ტოპ სამეულში ყველა ავტომობილი Tesla-ს მიერ იყო წარმოებული.
Kelley Blue Book-ის მონაცემებით, Tesla-მ მესამე კვარტალში Cybertruck-ის 16,000-ზე მეტი ეგზემპლარი გაყიდა. შედარებისთვის, Ford-მა მხოლოდ 7,000 ერთეული F-150 Lightning-ი გაყიდა და 13,000 ერთეული Mustang Mach-E-ის რეალიზება შეძლო. GM-მა კი ახალი Blazer-ის და Equinox EV-ების გაყიდვებში გარკვეული წარმატების მიღწევა შეძლო, მაგრამ ჯამში მხოლოდ 32,000 ელექტრომობილის გაყიდვა მოახერხა.
Tesla-ს ფინანსური შედეგებიც დამაკმაყოფილებელი ჰქონდა, კერძოდ, მესამე კვარტალში კომპანიამ 25.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი და 2.2 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო.
უნდა აღინიშნოს, რომ უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული, ტყვიაგაუმტარი Cybertruck-ის საწყისი ფასი 61,000 დოლარია, პრემიუმ ვერსიის ღირებულება კი 100,000 დოლარიდან დაიწყება, რაც ზუსტად 50%-ით მეტია, ვიდრე ოთხი წლის წინ ილონ მასკის მიერ დაპირებული მაჩვენებელი.

Mazda-ს გაყიდვები რეკორდულ ნიშნულზეა

რეკორდული გაყიდვები აქვს იაპონურ მწარმოებელს "მაზდას" ამერიკის შეერთებულ შტატების ბაზარზე. Mazda-მ მიმდინარე წელს, მხოლოდ აშშ-ში 400 000 ერთეული ავტომობილით გაყიდა და ახალი რეკორდის დამყარებისკენ განაგრძობს სვლას.
გაყიდვების ზრდაზე დადებითად CX-70-ისა და CX-90-ის გამოშვება აისახა. პარალელურად, Toyota-სთან თანასაკუთრებაში არსებულ ქარხანაში, კომპანიამ CX-50-ის წარმოებაც გაზარდა. Mazda-ს ჩრდილოეთ ამერიკული ნაწილის აღმასრულებელი დირექტორის, ტომ დონელის პროგნოზით, აშშ-ში კომპანიის გაყიდვები წელს 450 000 ერთეულს მიაღწევს. თავდაპირველი გეგმით, 500 000-იანი ნიშნულის მიღწევა იგეგმებოდა, თუმცა კომპანიამ პროგნოზებს გადახედა.
გაყიდვების ზრდაში განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ Mazda-ს ხაზში ელექტრომობილებს არ ვხვდებით. პირველი EV-ის გამოშვების გეგმა კომპანიამ გასულ წელს შეაჩერა და ამჯერად, ძირითადად ჰიბრიდების განვითარებაზეა ფოკუსირებული.
ავტომობილების მწარმოებელი სტაბილურად აფართოებს ჰიბრიდული და plug-in ჰიბრიდული მოდელების ხაზს. მომავალ თვეში ის CX-50 ჰიბრიდის მიწოდებასაც დაიწყებს.

Zeekr-მა ოქტომბერში გაყიდვები გააორმაგა

ჩინურმა ავტომწარმოებელმა კომპანია Zeekr-მა ოქტომბერში გაყიდვები გააორმაგა. როგორც კომპანიის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ვიგებთ, გასულ თვეში კომპანიამ 25,049 ავტომობილი გაყიდა, რაც Zeekr-ის ისტორიაში საუკეთესო და შარშანდელზე 92%-ით გაუმჯობესებული შედეგი იყო.
თვიურ ჭრილში, წინა რეკორდი ავტომწარმოებელმა სექტემბერში დააფიქსირა, როცა 21,333 ავტომობილი გაყიდა. შედეგად, 2024 წლის პირველ ცხრა თვეში, Zeekr-მა 168,000-მდე ავტომობილი გაყიდა. წლის ბოლომდე კომპანია 230,000 ავტომობილის რეალიზაციას პროგნოზირებს, რაც ნიშნავს, რომ დარჩენილ ორ თვეში Zeekr-მა ახალ-ახალი რეკორდები უნდა დაამყაროს.
თუკი Zeekr-ის გაყიდვები თვიდან თვემდე იზრდება, ჩინური ელექტრომობილების სექტორზე იგივეს თქმა გაგვიჭირდება. Xpeng-მა წინა თვეში 23,917 ავტომობილი გაყიდა, რაც ასევე რეკორდული იყო, მაგრამ Li Auto-მ, რომელმაც 51,443 ელექტრომობილი გაყიდა, რეალიზაციის მაჩვენებელი შეამცირა. BYD-ის, Aito-ს და Nio-ს შედეგები, ამ დროისთვის, უცნობია. Xiaomi-მ კი, რომელიც სმარტფონების წარმოებით არის ცნობილი, ოქტომბერში 20,000 ელექტრომობილი გაყიდა.

ჩინეთი ავტომწარმოებლებს ევროპაში ინვესტირების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე ტარიფების ზრდის გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირმა მიიღო, ძალაში გასული კვირის ოთხშაბათს შევიდა. ახალი კანონმდებლობით, გარკვეული ტიპის ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფი 45.3%-მდეც კი გაიზარდა. EU-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ ამომწურავი გამოძიებაც უძღოდა. განაკვეთები, კომპანიებს შორის განსხვავებულია. მაგალითად, თუ SAIC-ს ყველაზე მაღალი - 35.3%-ის ზრდა ემუქრება, BYD-ს მხოლოდ 17%-ით გაზრდილი გადასახადი დაუწესდება.
Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთის მთავრობამ ავტომწარმოებლებს მოსთხოვა, შეაჩერონ ყველანაირი სახის ინვესტიციები ევროკავშირის იმ ქვეყნებში, რომელთაც მხარი ტარიფების ზრდას დაუჭირეს. თუმცა შეუძლიათ ინვესტირება გააგრძელონ ქვეყნებში, რომლებიც ტარიფების წინააღმდეგ წავიდნენ.
შედეგად, ჩინეთის სამიზნე ქვეყნებში ისეთი სახელმწიფოები მოხვდება, როგორიც საფრანგეთი, პოლონეთი და იტალიაა. ტარიფების ზრდის წინააღმდეგ მხოლოდ 5 სახელმწიფო - მათ შორის გერმანია - წავიდა, 12-მა კი თავი შეიკავა.
ვაჭრობის სამინისტროს დაჟინებული მოთხოვნა, შეაჩეროს ინვესტიციები იმ ქვეყნებში, რომლებმაც დაამტკიცეს სოლიდური გადასახადები, შეიძლება ცუდი ამბავი იყოს იტალიისა და საფრანგეთისთვის. ბოლო თვეების განმავლობაში ორივე ქვეყანა სიფრთხილით ეკიდებოდა ამ თემას, მაგრამ ხმა ტარიფების ზრდას მისცა.

Xiaomi: 1 526 ცხენის ძალის მქონე HP SU7 Ultra

Xiaomi-მ ჯერ ნიურბურგრინგის რეკორდი ოთხკარიანი Xiaomi SU7 Ultra Prototype-ით დაამყარა, შემდეგ კი, პეკინში გამართულ ღონისძიებაზე SU7-ის ფლაგმანის სერიული ვერსიაც წარადგინა. SU7 Ultra-ს წარმატების შესახებ სოციალურ ქსელში Xiaomi-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლეი ძუნმა პირველი განცხადება გამოაქვეყნა, სათაურით: „Ring Run". Xiaomi-ს ელექტრომობილმა ნიურბურგრინგის წრე 6 წუთსა და 46.8 წამში დაფარა და ის 20 წამით უფრო სწრაფი იყო ვიდრე Porsche Taycan Turbo GT-ი. რეკორდის დამყარებისას, EV-ის საჭესთან ბრიტანელი პილოტი დეივიდ პიტარდი იჯდა.

ჩინური კომპანიის შეფასებით, სერიული წარმოების ფლაგმანი, მის პროტოტიპს, „თითქმის“ არაფრით ჩამოუვარდება. Xiaomi-ის ახალი მოდელი სამი ელექტროძრავით არის აღჭურვილი, რომელიც ჯამურად 1 526 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Xiaomi-ს ინფორმაციით, SU7 Ultra 0-დან 100-ს 2 წამში ჩქარდება და 350 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებს.

დამატებით, SU7 Ultra CATL Qilin-ის 2.0 ელემენტითაა აღჭურვილი, რომლის საშუალებითაც ელექტრომობილს 630 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ახალ მოდელში Xiaomi-მ გაგრილების სისტემაც გააუმჯობესა, რაც დადებითად ავტომობილის წარმადობაზე აისახება. ფაქტობრივად, SU7 Ultra-მ ნიურბურგრინგის ორი წრე გადახურების გარეშე გაიარა.
ნებისმიერ ოთხკარიან სედანს, 1 500 ცხენის ძალით, ძლიერი მუხრუჭები სჭირდება. მოდელს, კომპანიამ კარბონის კერამიკული სამუხრუჭე დისკები დაუყენა, რომელიც 100 კმ/სთ-დან სრულ გაჩერებამდე სამუხრუჭე მანძილს 30.8 მეტრამდე ამცირებს.
Xiaomi-ს ახალი ელექტრომობილი გაყიდვაში 2025 წლის მარტიდან ჩაეშვება. მოდელის ფასი $114 000-დან დაიწყება.

ანალიტიკა
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.