USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Tbilisi
ცესკოს თავმჯდომარეობა 11 კანდიდატს სურს
Date:  355

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევ კომისიაში 11 განაცხადი შევიდა. გასაუბრების ეტაპზე 11-დან 8 კანდიდატი გადავიდა.

ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობაზე 17 განაცხადი შევიდა და გასაუბრების ეტაპზე 16 მათგანი გადავიდა.

როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნიკოლოზ სიმონიშვილი აცხადებს, თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველები შემდეგ ეტაპზე არასრული დოკუმენტაციის გამო ვერ გადავიდნენ. 

„11 განაცხადი შემოვიდა თავმჯდომარეზე, აქედან 8 გადავიდა გასაუბრებაზე, სამს უარი ვუთხარით გადაყვანაზე, გაურკვეველი საბუთების წარმოდგენის გამო.

17 განაცხადია შემოსული წევრობაზე და აქედან ერთი ვერ გადავიდა გასაუბრებაზე (მარტო განცხადება იყო საბუთების გარეშე) და 16 გადავიდა.

კარგი ამბავი ისაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მზადაა, გასაუბრების ლაივსტრიმი გაუშვას (სავარაუდოდ ვებ-გვერდზე) და ტექნიკურ დეტალებს ვაგვარებთ“, - აცხადებს სიმონიშვილი.

კანდიდატების ვინაობა დღეს გამოქვეყნდება და გასაუბრების ეტაპი 2 საათზე დაიწყება.

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება. ხოლო, ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way