USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
თბილისი
«Berliner Zeitung» (გერმანია): „საქართველო: ქუთაისის აეროპორტი როგორც „ჭიშკარი ევროპაში“ ათასობით მიგრანტისათვის“
თარიღი:  590

გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „საქართველო: ქუთაისის აეროპორტი როგორც „ჭიშკარი ევროპაში“ ათასობით მიგრანტისათვის“ (ავტორი - ნიკოლას ბუტილინი). „ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებით, გერმანიაში თავშესაფრის მიღების ყველაზე მეტი მსურველი ქართველია. პროვინციაში მდებარე აეროპორტი საერთოევროპული მიგრაციის ცენტრი ხდება“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

საქართველოს მთიანი და მიხვეულ-მოხვეული გზების სერპანტინის შემდეგ დიანა, როგორც იქნა, სამარშრუტო ტაქსით ქუთაისის აეროპორტში მივიდა. ტაბლოზე სხვადასხვა უახლოესი ავიარეისებია ასახული: მოსკოვი, მემინგენი, ჰამბურგი, აბუ-დაბი, მინსკი... ავიარეისების ამ კომბინაციას დღეს ევროპის აეროპორტებში ძალიან იშვიათად შეხვდებით - დასავლური სანქციები მოქმედებს. ნებისმიერ შემთხვევაში დიანას ხელს არაფერი არ უშლის - იგი ბერლინის ბრანდებურგის აეოპორტში უნდა ჩაფრინდეს, როგორც ტაბლოზე წერია. მისთვის და მისნაირებისთვის გერმანიაში გაფრენა მომავლის ბილეთს წარმოადგენს, ხოლო ქუთაისის აეროპორტი  - რაღაც „დასავლეთის კარის“ მსგავსს.

27 წლის დიანას პოლიტოლოგიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. იგი ევროპაში ბედის საძებნელად წამსვლელ ათამდე თანამოაზრესთან ერთად ქუთაისში თბილისიდან ჩამოვიდა, რომელიც 200 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ქუთაისი სამხრეთ კავკასიის სიდიდით მესამე ქალაქია, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიით, მართალია, საქართველოს დედაქალაქ თბილისს, შავიზღვისპირა ბათუმს და იოსებ სტალინის სამშობლოს გორს ჩამოუვარდება, მაგრამ მას თავისი ხიბლი აქვს: ქუთაისი საქართველოს მთავარ „საბიუჯეტო აეროპორტად“ ითვლება - აქ ემსახურებიან უნგრულ, თურქულ და რუსულ ავიაკომპანიებს, რომლებსაც ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ქართველი, რუსი, კავკასიელები და შუააზიელები ჰამბურგში, ბერლინში, მემინგენში და სხვა ქალაქებში მიჰყავს.

საქართველო - „ტვინების გადინებასა“ და მომავლის პოტენციალს შორის

დასავლურ მასმედიაში საქართველო ხშირად ჩანს გაზეთების სტატიათა სათაურებში - „საქართველოს ამბიციები ევროკავშირთან მიმართებით“, „საქართველო-რუსეთის გაყინული კონფლიქტი“ და სხვა მსგავსი თემები ამ ქვეყნისადმი განწყობას და ინტერესს აღვივებს. გეოეკონომიკური თვალსაზრისით თბილისი მნიშვნელოვან როლს ასრულებს - საკვანძო სიტყვები „შუალედური დერეფანი“ ტრანზიტულ გზას ნიშნავს ჩინეთიდან ევროპისაკენ. გარდა ამისა, საქართველო ცდილობს შუამავალი იყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტში. ექსპერტებისა და დამკვირვებლების არმია რეგულარულად სტუმრობს რეგიონს და საქართველოში რომ ჩადიან, მის სამომავლო პოტენციალს აღნიშნავენ, თუმცა ქვეყანა ბოლო დროს მაინც პრობლემების წინაშე დგას, რომელთაგან ერთ-ერთს მიგრაცია წარმოადგენს.

გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილების ფედერალური სამმართველოს მონაცემებით, საქართველოს მეექვსე ადგილი აქვს დაკავებული იმ სახელმწიფოთა შორის, რომელთა მოქალაქეები გერმანიაში თავშესაფარს ითხოვენ. მართალია, ისეთი სახელმწიფოების მოქალაქეები, როგორებიცაა სირია (თავშესაფრის 84 ათასი მაძიებელი), თურქეთი (46 ათასი) და ავღანეთი (45 ათასი), თავშესაფრის მთხოვნელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობას (8500) ბევრად აღემატებიან, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ საქართველოს მცხოვრებთა რაოდენობას (3,7 მილიონი), მაშინ კავკასიური სახელმწიფო პირველ ადგილს იკავებს. ეს საკითხი საკმაოდ  აქტუალურია: დიდი ხანი არაა გასული მას შემდეგ, რაც გერმანული გაზეთები აჭრელდა სათაურებით, რომლებიც საქართველო-გერმანიას შორის მიგრაციული ხელშეკრულების დადებას იტყობინებოდნენ (თბილისში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის ნენსი ფეზერის ვიზიტის დროს).

დიანა ქუთაისის აეროპორტის ვესტიბიულში შედის და მგზავრთა რიგში ადგილს იკავებს. იგი გერმანიის ერთ-ერთ ფონდში სამუშაოდ არის მიწვეული. „ალბათ, რიგში დგომა არასოდეს აღარ მომიწევს“, - ამბობს იგი. აქ, ქუთაისის აეროპორტში ადგილობრივ და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრთა რეგისტრაცია ევროპული აეროპორტებისთვის უჩვეულო წესით ხდება: ქართველი კონტროლიორები ამოწმებენ მგზავრების პასპორტებს, ვიზებს, დაზღვევის პოლისებს და სხვა დოკუმენტებს, ამ დროს კი გერმანელი, იტალიელი და პოლონელი ტურისტები სწრაფად აბარებენ ბარგს და თვითმფრინავისაკენ მიდიან.

„ასეთ სიტუაციებში თავს ყოველთვის მეორეხარისხოვან ადამიანად ვგრძნობ“, - ამბობს დიანა, რომელიც უკვე რამდენჯერმე იყო გერმანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებთაც ბიომეტრიული პასპორტები აქვთ, 2017 წლიდან შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლის უფლება აქვთ, ხანმოკლე ყოფნისათვის, რომელიც შრომით საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული. დიანას თქმით, თავის დროზე, როცა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი დაწესდა, საქართველოს მოსახლეობა ამ ფაქტს ეიფორიით შეხვდა - თუ ადრე მათთვის შორეული ოცნება იყო საფრანგეთში, გერმანიაში თუ იტალიაში წასვლა, ეს ქვეყნებში უცებ გახდა მათთვის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის, მაგრამ... ყველას არ სურს უკან, სამშობლოში დაბრუნება დასავლეთში გატარებული დღეების შემდეგ.

საქართველო - მიგრაციის ახალი ცენტრი?

რასაკვირველია, დიანაც იმიტომ მიდის გერმანიაში, რომ მას უბრალოდ, მეტი ხელფასის აღება უნდა საქართველოსთან შედარებით. დიანას მსგავსი ადამიანები ძალიან ბევრია ქუთაისის აეროპორტში: ქართველები, რომლებსაც უკეთესი სამედიცინო მომსახურება სურთ; ყაზახები, რომლებიც ევროპაში მიდიან და ტრანზიტით საქართველოში ჩერდებიან; რუსები, რომლებისთვისაც ევროპული რეისები, სანქციების გამო, გაუქმებულია - ისინი მოსკოვიდან და სანქტ-პეტერბურგიდან საქართველოში ჩამოდიან და ქუთაისის აეროპორტის მეშვეობით ევროპაში მიფრინავენ. რუსეთიდან სტამბოლის გავლით ავიამიმოსვლა ძალიან არის გაძვირებული, საქართველოდან კი ბევრად იაფია.

საქართველოს დასავლეთ ნაწილში მდებარე თანამედროვე აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა და ყოველდღიურად პატარა პოსტსაბჭოური მიგრაციის ცენტრად გადაიქცევა ხოლმე, რომელსაც სამშობლოს მომავლის მიმართ პესიმისტურად განწყობილი ადამიანები ტოვებენ. სხვათა შორის, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით დამშვენებულ ტერმინალის შესასვლელში დომინირებულ ენად რუსული ითვლება.

„ჩემი თანამემამულეები უფრო მეტ ფულს იღებენ იტალიაში და საფრანგეთში, სადაც  მომვლელებად და ფანჯრების მწმენდავებად მუშაობენ, ვიდრე თბილისელი დანტისტები“, - ამბობს დიანა და ბარგის რეგისტრაციას ახდენს. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში საშუალო შემოსავალი დაახლოებით 350-450 ევროს შეადგენს, მაგრამ ამ პოპულარულ ტურისტულ რეგიონში ბინის, საკვებისა და გართობის ფასები ყოველწლიურად მატულობს. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ისაა, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთიდან ათი ათასობით ადამიანი ჩამოვიდა, უკრაინასთან ომში მობილიზაციის თავიდან არიდების მიზნით, რის შედეგადაც საცხოვრებელი ბინებისა და კვების პროდუქტების ფასები გაიზარდა. „ცხადია, არასასურველი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აიძულებს ბევრ ქართველ ახალგაზრდას, რომ თქვას - „მე ევროკავშირში მსურს წასვლა“. ეს უკვე კრედოდ არის გადაქცეული“, - ამბობს დიანა.

რა სურს გერმანიას საქართველოსაგან?

მაგრამ ქართველები ბოლო დროს ევროკავშირის ქვეყნებში და განსაკუთრებით გერმანიაში იშვიათად იღებენ თავშესაფარს. „გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა. საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლების მიერ პოლიტიკურად არ იდევნებიან“, - ნათქვამია ფედერალური მთავრობის ვებ-საიტზე. ამრიგად, თავშესაფრის მიღების მიზნით წარდგენილი  განაცხადების აღიარებისა და დაკმაყოფილების დონე 0,3%-ს არ აღემატება. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს ნენსი ფეზერს სურს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც გერმანიაში ცხოვრების უფლება არ აქვთ, უკან სამშობლოში დაბრუნდნენ. იგი ესწრაფვის არალეგალური მიგრაციის შემცირებას საქართველოდან. მართალია, ბერლინი და თბილისი ხშირად აცხადებენ „მჭიდრო თანამშრომლოსადმი ერთგულებას“, მაგრამ „შუქნიშანს“ (ასე უწოდებენ გერმანიის კოალიციურ მთავრობას პარტიული ფერების მიხედვით - რედ.) და საქართველოს მმართველ კონსერვატიულ პარტიას „ქართულ ოცნებას“ შორის მაინც გარკვეული უთანხმოება არსებობს.

გერმანიას საქართველოსთან მიგრაციული შეთანხმების დადებით მიზნად ორი ამოცანის შესრულება ჰქონდა: პირველი - რაც შეიძლება ცოტა ქართველმა უნდა ითხოვოს თავშესაფარი, რადგანაც ისინი გერმანიის ხელისუფლებისათვის დამატებით დატვირთვას ქმნიან და მეორე - აუცილებელი იყო მაღალი განათლების მქონე ქართველების ინტეგრირება გერმანიის შრომის ბაზარზე, რადგან ქვეყანაში კვალიფიციური კადრების ნაკლებობა იგრძნობა.

ევროპული მიგრაცია - ზარალი ქართული ეკონომიკისათვის

პოლიტიკური თვალსაზრისით, თბილისთან მიმართებით საქმე სულ სხვანაირადაა: ტალანტებისა და „ტვინების გადინება“, თავის მხრივ, ზიანს აყენებს საქართველოს ეკონომიკას. ახალგაზრდა მაღალპროფესიული და კვალიფიციური ქართველები, სამშობლოში დასაქმების ნაცვლად, დასავლეთევროპულ მეგაპოლისებში არასტაბილურ სამუშაო ადგილებზე მუშაობენ. უახლოეს თვეებში საქართველოში, გერმანიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, უნდა ჩატარდეს კამპანია „საქართველოს მოქალაქეებისათვის გერმანიაში თავშესაფრის მიღების დაბალი შანსების თაობაზე“. განა დაინტერესებულები არიან ასეთი სამთავრობო კამპანიით ის ქართველი მგზავრები, რომლებიც ქუთაისის აეროპორტში ევროპაში გამგზავრების რიგში დგანან?

დიანა ბერლინის ავიარეისის მოლოდინში ხაჭაპურს და „საფერავის“ ბოლო ბოთლს ყიდულობს მომატებული ფასით (15 ევრო). „ვინ იცის, ხშირად დავლევ თუ არა ჩემს საყვარელ წითელ ღვინოს გერმანიაში“, - ამბობს იგი ჩაფიქრებული სახით...

ირგვლივ არატიპიური ხმაური და ხმამაღალი ლაპარაკი ისმის: ბევრი ქართველისათვის  ევროპაში წასვლა არ არის ჩვეულებრივი ექსკურსია ბერლინში, ან ვთქვათ, გასართობად წასვლა  გერმანულ „ბერგჰაინის“ ტექნოკლუბში, ქართულ „ბასიანთან“ შედარების მიზნით. ფაქტია, რომ ქუთაისი ყოველწლიურად ბევრი ქართველისათვის უკანასკნელი მშობლიური ადგილი ხდება დიდ და უცნობ სამყაროში გამგზავრების წინ.

დიანას ჩაფრენა ბერლინში ტურბულენტობის გარეშე დასრულდა. თვითმფრინავიდან რომ გადმოვიდა, იგი სწრაფად მივიდა ტვირთის ასაღებად, რომ რეგიონული მატარებლისათვის მიესწრო. დიანა გერმანელ მესაზღვრეებთან დიდხანს არ დაყოვნებულა, თუმცა მცირე ხანს მაინც მოუწია ცდა „ევროკავშირის არამოქალაქე მგზავრთა“ რიგში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გერმანიაში!

წყარო: https://www.berliner-zeitung.de/politik-gesellschaft/geopolitik/georgien-der-flughafen-kutaissi-fuer-tausche-migren-das-tor-nach-europa-li.2195996

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.