USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
თბილისი
«Berliner Zeitung» (გერმანია): „2025 წლის მთავარი ევროპული პროგნოზი: რა მოხდება უკრაინასთან მიმართებით?“
თარიღი:  523

„რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტა ხომ რთულია, მაგრამ უარესი პრობლემები მაშინ გაჩნდება, როცა საომარი მოქმედებები მართლაც შეწყდება და დღის წესრიგში საზავო პირობების რეალიზაცია დადგება“, - წერს გერმანული გაზეთი „ბერლინერ ცაიტუნგი“ (Berliner Zeitung) სტატიაში სათაურით „2025 წლის მთავარი ევროპული პროგნოზი: რა მოხდება უკრაინასთან მიმართებით?“ (ავტორი - თომას ფესბენდერი).

„მოსკოვსა და კიევს შორის მიღწეული შეთანხმების (სავარაუდოდ) კონტროლი აუცილებელია, მაგრამ ამის განხორციელება ძნელი იქნება - ამ მხრივ ევროკავშირში სერიოზული განხეთქილება არსებობს: ბერლინს, პარიზს და ვარშავას ერთმანეთში უთანხმოება აქვთ. ევროპას თამამი და ძლიერი პოლიტიკოსები დაჭირდება“, - ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის კონფლიქტმა თითქმის სამი წლის განმავლობაში რამდენჯერმე გვაჩვენა და დაამტკიცა ერთი რამ: ევროპელთა უუნარობა, როცა საქმე ეხება საკუთარ ეზოში მიმდინარე ომების შეწყვეტას. ეს უკვე აჩვენა ბალკანეთის ომებმა 1990-იან წლებში, მაგრამ კონტინენტმა ამ გაკვეთილებით ვერაფერი ასწავლა. ევროპა ვერ უმკლავდება მის წინაშე მდგარ ამოცანებს.

როგორც ადრე, ისე ახლაც ევროპულ ომის დასრულებაზე ისევ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა იზრუნოს (იგულისხმება დეიტონის შეთანხმებები - რედ.), მაგრამ კონფლიქტის შედეგები, თუ ის გაიყინება, ევროპელებს სულ სხვა ამოცანების წინაშე დააყენებს, ვიდრე ბალკანეთში. როგორც კი ქვემეხების გრიალი შეწყდება, ამერიკელები წავლენ. დონალდ ტრამპი ერთ ცენტსაც კი არ დახარჯავს უკრაინაში მშვიდობის შესანარჩუნებლად და არც მაინცდამაინც თავს არ თავს არ გამოიდებს ქვეყნის დანგრეული ეკონომიკის აღდგენაზე (ერთადერთი გამონაკლისი, ალბათ, უკრაინის ნაყოფიერი შავმიწიანი ნიადაგის შესყიდვა იქნება).

რა მოხდება 20 იანვრის - დონალდ ტრამპის ინაუგურაციის - შემდეგ?

დონალდ ტრამპი უზრუნველყოფს ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ რადგანაც მას სხვა საზრუნავიც აქვს - ირანთან და ჩინეთთან დაკავშირებული პრობლემებიც უნდა მოაგვაროს (რომლებიც, ვაშინგტონის აზრით, აშშ-ისათვის უფრო მნიშვნელოვან მოწინააღმდეგეებს წარმოადგენენ), დონალდ ტრამპი უკრაინის პრობლემებზე ზრუნვას ევროპელებს გადააბარებს და პარალელურად შეეცდება რუსეთი და ევროპა ერთმანეთს ისევ დაუახლოვოს.

იმ შემთხვევაშიც, კი, თუ ცეცხლის შეწყვეტა ერთმნიშვნელოვანი არ იქნება (თქვათ, თუ კრემლი ვაშინგტონისათვის მიუღებელ პირობებს წამოაყენებს), აქტიური საომარი მოქმედებები ფრონტის ხაზის გასწვრივ, ალბათ, გაზაფხულამდე გაიყინება. თავის მხრივ დასავლეთი, სავარაუდოდ, კიევს უსაფრთხოების დაცვისა და ეკონომიკის აღდგენის გარანტიებს მისცემს, ხოლო ევროპის სახმალეთო ჯარების გარკვეული კონტინგენტი უკრაინის ტერიტორიაზე განლაგდება, მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ამის შემდეგ ევროპელებისათვის ნამდვილი გამოცდა დაიწყება: იმ სიტუაციაშიც კი, თუ მოსკოვი და კიევი ოფიციალურად ერთგულები იქნებიან მიღწეული შეთანხმების მიმართ, ვინ განახორციელებს კონტროლს არარეგულარული სამხედრო ფორმირებების კონტროლს? ან ვინ გააკონტროლებს პარტიზანების მოქმედებას, რომლებსაც საზღვრების საკითხის გადაწყვეტა არ მოეწონებათ? ზოგიერთ რუსს მეტი მიწის მიღება მოესურვება, ზოგიერთ უკრაინელს კი რაც შეიძლება ნაკლები მიწის დათმობა.

დასავლეთში ბევრი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ უკრაინის 1991 წლის საზღვრები უნდა აღდგეს, რომლებიც საერთაშორისო დონეზე არის აღიარებული. საეჭვოა, რომ გერმანიის ბუნდესტაგის ისეთი „ქორი“ წევრები, როგორიცაა როდერიხ კიზელვეტერი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან), კმაყოფილები იქნებიან ცეცხლის შეწყვეტით ფრონტის ხაზის გასწვრივ. რა თქმა უნდა, ასეთი დროებითი ზავით ბევრი სიცოცხლე გადარჩება, მაგრამ ის არ ქმნის სტაბილურობას, რომელიც აუცილებელი საფუძველია ყოველი რეალური სამშვიდობო პროცესის განმტკიცებისთვის.

დონალდ ტრამპის პირისპირ დარჩენილ ევროპელებს რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ: ჩაერევიან თუ არა მათი სამშვიდობო ძალები სიტუაციაში, თუ სადემარკაციო ხაზზე სროლები დაიწყება? გავიხსენოთ, რომ სრებრენიცაში (ყოფილ იუგოსლავიაში) 1995 წელს მომხდარი ბოსნიელ მუსლიმთა გაჟლეტვა ბოსნიელი ქრიტიან სერბების მიერ გარკვეულწილად ნიდერლანდელი სამშვიდობო ძალების („ცისფერი ჩაფხუტების“) უმოქმედობამაც განაპირობა.   

ევროპული უთანხმოება რუსეთთან მიმართებით

დღეს ევროპელები ბევრად უფრო დაპირისპირებულნი არიან ერთმანეთთან, ვიდრე ეს ათწლეულების წინ იყო. იმ მომენტშიც კი, როცა ევროპელი ლიდერები ერთმანეთს ძმობა-მეგობრობას ეფიცებიან და კონსენსუსზე ერთხმად ლაპარაკობენ, თითოეული კი ფარულად თავისი ინტერესების დაცვაზე ფიქრობს: ვარშავა იქნება ეს თუ ბერლინი და პარიზი - მათ თავიანთი მომავლის მიმართ ხედვა სულ სხვაგვარი აქვთ. პოლონეთს ყოველთვის შიში ექნება მის საზღვრებთან ახლოს მდებარე რუსეთის მიმართ, გერმანიის ბიზნესი და ეკონომიკა ისევ რუსეთთან თანამშრომლობას დაიწყებს, ფრანგებსაც თავიანთი პრობლემები აქვთ და არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვთან ურთიერთობას აღადგენენ, მაგრამ გარკვეული თავშეკავებით.

მოკლედ, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება რუსეთთან დამოკიდებულების დონე. ევროპამ თავისი „ძრავა“ ახალ სიჩქარეზე უნდა გადართოს - მებრძოლი მხარის დახმარებიდან სამშვიდობო პროცესის ერთობლივ მართვაზე. ამ კონტექსტში გერმანული საზოგადოებისა და ეკონომიკის ნაწილის ტრადიციულ სიახლოვეს რუსეთთან სიტუაციაზე კონსტრუქციული გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

2025 წელი სიმტკიცეზე გამოცდის წელი იქნება. უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა - ეს დიდი მიზნის შედარებით მცირე ნაწილს წარმოადგენს. მსოფლიოში მშვიდობიანი თანამშრომლობის აღდგენა ბევრად უფრო რთული იქნება. ამისათვის საჭირო გახდება სცენაზე ახალი პოლიტიკოსების გამოსვლა, რომლებსაც რუსეთთან კონტაქტების არ შეეშინდებათ და ვაშინგტონის პარალელურად, ჩავლენ მოსკოვში და კიევში, დაელაპარაკებიან ორივე მხარეს - რუსებს და უკრაინელებს, ჩამოაყალიბებენ ახალ იდეებს და პრობლემების გადაწყვეტის გზებს.

თუ ჩვენ უკრაინის კონფლიქტის განმუხტვას ვერ შევძლებთ, კონტინენტს წინ საშინელი დრო ელოდება. რუსეთთან გარდაუვალ ომზე ლაპარაკი უკიდურესად სახიფათოა. რუსეთთან ომი, თუნდაც ხუთი ან მეტი წლის შემდეგ, ევროპის გეოპოლიტიკური ფინალი იქნება.

წყარო: https://www.berliner-zeitung.de/politik-gesellschaft/geopolitik/prognose-fuer-das-jahr-2025-wie-geht-es-weiter-in-der-ukraine-li.2284064

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.