USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
ერევანში საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
თარიღი:  636
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, ერევანში ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ, განიხილეს სხვადასხვა სექტორში ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა.
ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით შექმნილი შესაძლებლობების ათვისებას, მსხვილ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე ტურიზმის, ციფრული ეკონომიკისა და სატრანზიტო დერეფნისა განვითარების მნიშვნელობას.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა, იმისათვის, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები. ჩვენს ურთიერთობას, პარტნიორობას და მეგობრობას აქვს ძალიან მყარი ისტორიული საფუძველი. ეს არის გამორჩეული მეგობრობა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ქართველ და სომეხ ხალხებს. ეს ურთიერთობები პოლიტიკური თვალსაზრისით გადაითარგმნა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერაში, რაც ახალ ნიშნულზე აიყვანს საქართველოს და სომხეთის თანამშრომლობას და ეს არის ძალიან კარგი საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები, ეკონომიკური და სხვა კავშირები ორ ქვეყანას შორის. საქართველო ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას და ახლაც მზად არის, ხელი შეუწყოს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამკვიდრებაში, რაც ჩვენი ქვეყნების განვითარებისა და კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა. რა თქმა უნდა, მზად ვართ ამ საკითხებზე თანამშრომლობისთვის ჩვენს სომეხ მეგობრებთან და პარტნიორებთან. საქართველო და სომხეთი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მინდა, კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა თქვენი ურყევი მხარდაჭერისათვის საქართველოს მიმართ. მოხარული ვართ, რომ საქართველო ჩვენი სომეხი მეგობრებისთვის რჩება ტურისტულად მიმზიდველ ადგილად. ყოველ წელს საქართველოს მილიონამდე სომეხი ტურისტი სტუმრობს და ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის ეს არის შთამბეჭდავი რაოდენობა. მინდა, დავადასტურო ჩვენი მზაობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ კომისიის სხდომაზე.
საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
“ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ განვიხილავთ ძალიან კონკრეტულ საკითხებს, მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეთანხმებებს, რასაც აქვს პირდაპირი გავლენა ჩვენს ქვეყნებზე და ჩვენი საზოგადოებების კეთილდღეობაზე, ასევე აძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს. სტრატეგიული პარტნიორების პრიზმაში, დამოუკიდებელმა სომხეთმა და საქართველომ ქრონოლოგიურად 30 წელზე მეტი წლის განმავლობაში თანამშრომლობა კარგად განავითარეს, გვქონია მიღწევები, ბევრი დაბრკოლებაც გადაგვილახავს. მინდა, ხაზი გავუსვა იმ დიდ პოტენციალს, რომელიც გვაქვს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებისა და გამდიდრების კუთხით. ეს თანამშრომლობა არის ის იდეა, რის მიმართაც ერთგულება გვაქვს ნაკისრი და კონკრეტული პოლიტიკის საფუძველზე შეგვიძლია ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. ჩვენ სრულად ვცემთ პატივს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ გვაქვს კარგი გაგება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა. ყველა ნაბიჯს ვდგამთ იმისათვის, რომ ამ მიზნისკენ ვიაროთ. მიმაჩნია, რომ ახალი მიღწევებიც გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელი ყველა ჩვენი ძალისხმევის და ერთობლივი ინიციატივების შედეგად იქნება ახალი ამბიციური პროექტების დასაწყისი. ჩვენ გვაქვს დიდი მიღწევები სხვადასხვა სექტორში, იქნება ეს კომუნიკაცია, ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, უსაფრთხოება, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა და ხალხთა შორის კონტაქტები. შეგვიძლია, ერთობლივი ნაბიჯები გადავდგათ იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავამარტივოთ დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი, რაც გაზრდის როგორც მგზავრების მიმოსვლას, ასევე საქონელბრუნვას და გვექნება საშუალება, რომ იურიდიული და საკანონმდებლო ურთიერთობები დავხვეწოთ ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც შექმნის უფრო გამარტივებულ შესაძლებლობებს ბიზნესტრანზაქციების და ოპერაციების განსახორციელებლად“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-14 სხდომის ოქმს.
მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის