USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
«Der Tageszeitung» (გერმანია): „ქართველი მხატვარი საპროტესტო აქციებში: „ერთადერთი გამოსავალი წინააღმდეგობის გაწევაა“
თარიღი:  631

გერმანულ გაზეთ „ტაგესცაიტუნგში“ (Der Tageszeitung) გამოქვეყნებულია ინტერვიუ ნიდერლანდებში (უტრეხტში) მცხოვრებ ქართველ მუსიკოსთან და კომპოზიტორთან ანუშკა ჩხეიძესთან, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება და საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. პუბლიკაციის სათაურია „ქართველი მხატვარი საპროტესტო აქციებში: „ერთადერთი გამოსავალი წინააღმდეგობის გაწევაა“ (ესაუბრება შტეფან გრეინერი).

„ანუშკა ჩხეიძე 1997 წელს ხარაგაულში დაიბადა და გაიზარდა. დაინტერესდა ელეტრონული მუსიკით და ამ სფეროში - ციფრულ მუსიკაში - ცოდნა ჯერ გერმანიაში და შემდეგ ნიდერლანდებში გაიღრმავა“, - ნათქვამია ინტერვიუს შესავალში.

გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებით:

- თქვენ უტრეხტში ცხოვრობთ, მაგრამ ახლა თბილისში გესაუბრებით - აქტიურად მონაწილეობთ ქვეყნის მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ავტორიტარული და პრორუსული კურსის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებში. რატომ გადაწყვიტეთ თბილისში ჩამოსვლა?

- არ შემეძლო მღელვარების გარეშე მეყურებინა ტელევიზორში საზღვარგარეთიდან, თუ როგორ სცემდნენ პოლიციელები ქართველ ხალხს. ეს საშინელებაა, ამიტომ დავბრუნდი თბილისში და პროტესტანტებს შევუერთდი... მართალია, დემონსტრაციებში მონაწილეობა ბევრ დროს მართმევს - სასამართლოდან მივდივარ პარლამენტის წინ, შემდეგ ტელეეთერში გამოვდივარ ხოლმე... მაგრამ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ქვეყანას ჩვენი დახმარება ჭირდება. პროტესტებმა კონკრეტულ შედეგებამდე უნდა მიგვიყვანოს...

- თქვენ ახლაც აგრძელებთ თქვენს მუშაობას მუსიკაში?

- რთულია ასეთ დროს [შემოქმედებითი მუშაობა]. აი, ახლა, მეტროთი უნდა წავიდე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის მისაღებად, რადგან მე ვეწინააღმდეგები ყოველგვარ უსამართლობას.  უცხოეთიდან მირეკავებ პროექტებში მონაწილეობის მიზნით, მაგრამ ბევრი რამ გადავდე. ვხედავ, რომ საქართველო კრიტიულ წერტილს უახლოევდება. ბევრი ხელოვანისთვის შეიძლება ასეთი ვითარება შთამაგონებელია, მაგრამ ჩემთვის ასე არ არის. მე უპირატესობას მივანიჭებდი დემონსტრაცია ჩემს მეგობრებთან ერთად ჩამეტარებინა და არა მუსიკის ისეთ მოღვაწეებთან ერთად, რომლებიც თავიანთ ნაწარმოებებბს პროტესტების დროს ქმნიან.

- თქვენ ელოდებით, რომ საპროტესტო აქციებში ისევ 300 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობს?

- უკვე ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სიტუაცია დაძაბული იყო. ამას დაემატა პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით მოლაპარაკებას წყვეტსო... დაიწყო აქციები დაახლოებით 300 000 ადამიანის მონაწილეობით, რასაც მთავრობის მხრიდან რეპრესიები მოჰყვა. ვფიქრობდი, რომ სიტუაცია დაწყნარდებოდა, თუ ხელისუფლება განმეორებით არჩევნებს დანიშნავდა და პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებდა. მაგრამ რადგანაც ასე არ მოხდა, იძულებულნი ვართ პროტესტები გავაგრძელოთ. თუმცა მგონია, რომ აქციის მონაწილეთა ძალები იწურება.

- თქვენ, ალბათ, მხედველობაში გაქვთ ქართული კულტურის მოღვაწეთა საპროტესტო აქციები. რაში გამოიხატება მათი აქციების აზრი?

- მსახიობთა გაფიცვები თეატრებში გასულ დეკემბერში დაიწყო, შემდეგ მათ მხარი დაუჭირეს მუსკოსებმაც, სოლიდარობის ნიშნად. გერმანიაში, როგორც ვიცი, არსებობს წესი, თუ როგორ შეიძლება დარეგულირდეს დავები შრომით კოლექტივსა და ხელმძღვანელობას შორის, ჩვენთან, საქართველოში კი ამ მხრივ პროფკავშირები საერთოდ არ არიან. როცა შენს გვერდით ადამიანს სცემენ, თეატრში სპექტაკლების დადგმას და მათში მონაწილეობას აზრი არ აქვს. მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია აქციებში მუშათა კლასის მონაწილეობაც, ანუ საყოველთაო გაფიცვა. ამასთან, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა თვითონ გამოაცხადონ დაუმორჩილებლობა.

- მოიტანა თუ არა შედეგები აქციებმა?

- გარკვეულ მომენტში აქტიურობის პიკი ნამდვილად იყო. ამჟამად ადამიანები სამსახურებს უბრუნდებიან. თანდათანობით ისებ გაიხსნა კულტურუის დაწესებულებები, ბარები და კლუბები. მათ შემოსავლები შემოაკლდათ და ის უნდა აინაზღაურონ. შემოსავლების გარეშე ისინი ვერ იარსებებნ. გაფიცვა გრძელდება მხოლოდ კინოსა და თეატრის მსახიობებს შორის - ალბათ, იმიტომ, რომ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე არის უკანონოდ დაპატიმრებული. ვფიქრობ, აქციები უნდა გაგრძელდეს, სანამ ყველა პატიმარი არ იქნება გათავისუფლებული.

- არ გეშინიათ, რომ თქვენც დაგაპატიმრონ?

- ყოველდღე მეუფლება შიშის გრძნობა. გუშინ, მაგალითად, კრიტიკული სიტუაცია იყო, აქციას სასამართლოს წინ ვატარებდით. ჩვენ ცოტანი ვიყავით და პოლიციის გაძლიერებული დაცვის წინაშე აღმოვჩნდით. ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანები შეტყობინებას იღებენ - მიტინგებში მონაწილეობისათვის პასუხისმგებლობა გეკისრებათო. ზოგჯერ პოლიციელები აქციის მონაწილეებს ჯიბეში ჩუმად ნარკოტიკებს უდებენ და შემდეგ იჭერენ... ან საიდუმლოდ იწერენ საუბრებს. ანდრო ჭიჭინაძე და სხვები საპყრობილეში ყალბი ვიდეოჩანაწერების შედეგად აღმოჩნდნენ. შესაძლოა მათ დიდხანს მოუწიოთ ციხეში ყოფნა. რა თქმა უნდა, მეც მეშინია, მაგრამ პროტესტის გარდა, სხვა გამოსავალი არ არის.

 

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის