USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
«Yeni Safak» (თურქეთი): „საით მიდის რუსეთ-უკრაინის ომი?“
дата:  633

თურქეთის გაზეთმა „იენი საფაკმა“ (Yeni Safak), რომელიც სტამბოლში იბეჭდება და ხელისუფლებისადმი ლოიალურად არის განწყობილი, გამოაქვეყნა სტატია სათაურით „საით მიდის რუსეთ-უკრაინის ომი?“ (ავტორი - ომერ ათასოი, სტამბოლის აიდინის უნივერსიტეტის პროფესორი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვინმემ უნდა უთხრას პირდაპირ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა ომს სხვა იწყებს, არავითარი სარგებლობა არ მოაქვს მის გაგრძელებას, როცა ხედავ, რომ მტერს წინააღმდეგობას ვეღარ უწევ. ეს ქვეყნის მეთაურმა უნდა გააცნობიეროს. როგორც ჩანს, უკრაინას და მის ხელმძღვანელს გარკვეული დროის განმავლობაში კიდევ შეუძლიათ საომარი მოქმედებების გაგრძელება, თუმცა შედარებით მცირე ინტენსიურობით - აშშ-ის, ნატოს და ევროკავშირის იარაღისა და ფულის დახმარებით. მაგრამ შეძლებს კი უკრაინელი ლიდერი ისეთი შედეგების მიღწევას, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ძლევამოსილი მხედართმთავრის სახით დაჯდეს? პასუხი ამ კითხვაზე ჯერ-ჯერობით ნათელი არ არის.

მიზეზები, რომელთა გამო ამერიკამ და დასავლეთმა უკრაინას მხარი დაუჭირეს, გასაგები გახდა ომის გვიანდელ ეტაპებზე. ამერიკას სურს თავისი მსოფლიო ჰეგემონია შეინარჩუნოს ისე, რომ რუსეთის ძლიერებას ძირი უკრაინის ომის მეშვეობით გამოუთხაროს, საკუთარი ტერიტორიისაგან მოშორებით. მაგრამ პაიკის როლი, რომელიც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინას მიაკუთვნა, კიევისათვის კატასტროფის მეტი არაფერი არ მოუტანია.

უკრაინელებმა თავიანთი გმირობა დაამტკიცეს...

რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში რუსებმა ბევრი უკრაინული ქალაქი დაბომბეს, მათ შორის კიევიც. ნგრევა და მსხვერპლი ყოველდღიურად მატულობდა, უკრაინის ეკონომიკა კი გიგანტურ ვალებში ეფლობოდა. მილიონობით უკრაინელი - ქალები, ბავშვები, მოხუცები და ახალგაზრდები, რომლებსაც არმიაში სამსახურიარ სურდათ, მიგრანტები და ლტოლვილები გახდნენ, მათ თავი შეაფარეს ევროპას, ამერიკას და სხვა ქვეყნებს, რომლებიც უსაფრთხოდ იტვლებიან, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ისინი სამშობლოდან მოშორებით თავს ბედნიერად გრძნობენ და ცხოვრებით კმაყოფილნი არიან. უკრაინელი ლტოლვილები იმედოვნებენ, რომ სახლში მალე დაბრუნდებიან და თავიანთ ოჯახებს გაამთლიანებენ. რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი - ოჯახთან განშორება - მეომრების განწყობაზეც ნეგატიურად მოქმედებს. როგორც ჩანს, ომში, რომელსაც აშშ და ევროკავშირი „სულს უბერავს“, უკრაინის მხრიდან გადამწყვეტი შედეგების მოპოვება ძალიან რთულია - მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებმა ომის პირველივე დღეებიდან მთელ მსოფლიოს აჩვვენეს თავიანთი გმირული შემართება და მეომრული სულისკვეთება.

...მაგრამ გამარჯვება მხოლოდ შორეული იმედია

კონფლიქტის დასაწყისში უკრაინის ხელისუფლება და მოქალაქეები, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ დასავლეთის მხარდაჭერით, რომელსაც სათავეში აშშ ედგა და მათი თანამედროვე იარაღის მეშვეობით შეძლებდნენ რუსეთის დაჯაბვნას და გამარჯვებას მოიპოვებდნენ. ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ აშშ და დასავლელი მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის დაიმედებას და იარაღის მიწოდებას პირდებიან, დაპირების შესრულება სულ უფრო ძნელი ხდება, რასაც ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოზიციები მოწმობენ.

საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, ისინი, ვისაც სჯერათ, რომ ომში კიევი მოსკოვს დაამარცხებს, მხოლოდ 10%-ს შეადგენს. გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ მეომარ მხარეებს შორის კომპრომისების მიღწევა შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე უკეთესი გამოსავალი იქნება ცეცხლის შესაწყვეტად.

მოლაპარაკებას ისევ თურქეთი სთავაზობს

რა როლის შეასრულება შეუძლია ასეთ პირობებში თურქეთს? მოახერხებს თუ არა თურქეთის უმაღლესი ხელისუფლება, ანკარაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სავარაუდო ვიზიტთან დაკავშირებით (რომელიც, როგორც ამბობენ, მალე განხორციელდება), ხელის შეწყობას უკრაინაში მშვიდობის დამყარებასათვის დიპლომატიური გზით, საშუამავლო მისიით - ისე, როგორც ადრე? შეძლებს თუ არა უკრაინის ადმინისტრაცია, რომელსაც ბევრად იმედი გაუცრუვდა აშშ-საგან ქმედითი დახმარების მიღებაზე, მწვანე შუქი აუნთოს მიდგომას პრინციპით - „ვინც დამარცხებას აღიარებს, მას შეუნდობენ?“

აშკარა რეალობა ისეთია, რომ ომის პირველ წელს აშშ-საგან და ევროკავშირისაგან მიღებული მხარდაჭერა უკრაინისათვის სტიმული გახდა წინააღმდეგობის გასაწევად, ახლა, ომის მესამე წელს კი კიევმა უნდა გააცნობიეროს, რომ ომის გაგრძელება სასურველ შედეგს არ გამოიღებს და კიდევ უფრო მეტ დანაკარგებს და ნგრევას გამოიწვევს. სიტუაციის აწონ-დაწონვა და რთული, მაგრამ გარდაუვალი გადაწყვეტილების მიღება უკრაინისთვის ღირსეული, ჰუმანური და პატრიოტული ნაბიჯი იქნება მშვიდობის გზაზე.

დასავლეთი უკრაინის წაქეზებას უნდა მოეშვას

ამერიკის და ევროპის მხარდაჭერა ისრაელისადმი ღაზას სექტორში, რომელმაც თითქმის გენოციდი გამოიწვია და 30 ათასი პალესტინელის სიცოცხლე შეიწირა, ასევე ისრაელის პირდაპირი თუ ირიბი წაქეზება ომის გასაგრძელებლად იმის მაგალითია, თუ როგორი ორმაგი სტანდარტები არსებობს „ადამიანის უფლებების“ დაცვის სფეროში. იგივე შეიძლება ითქვას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მიმართაც: შეერთებული შტატები და ევროკავშირი უკრაინელ პოლიტიკოსებს და ხალხს მოტყუებით პირდებიან დახმარებას და საბრძოლველად აქეზებენ. უკრაინა დროა მიხვდეს, რომ ამერიკისგან და დასავლეთისგან „მხრებზე ხელის მეგობრული წამორტყმით“ მას არანაირი სარგებლობა არ ექნება.

ამრიგად, გვინდა იმედი გვქონდეს, რომ დიპლომატიური მოლაპარაკება, რომელიც ვლადიმერ პუტინთან თურქეთში გაიმართება რეჯეფ ერდოღანის მიწვევით, უზრუნველყოფს შესაფერისი ფონის შექმნას იმ კონფლიქტის შეწყვეტისათვის, რომელსაც არავისთვის სასარგებლო არ არის და ამით თავიდან იქნება აცილებული ადამიანთა მსხვერპლი.

წყარო: https://www.yenisafak.com/dusunce-gunlugu/ukrayna-rusya-savasi-nereye-gidiyor-4606901

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати