"მე, 85 წლის პენსიონერს, ელენე აბაშიძეს მთხოვენ ზოგადად ჩამოვაყალიბო ჩემი მოსაზრება საქართველოს ბუნებრივ რესურსებზე. ჩემი 51 წლის სამეცნიერო მოღვაწეობიდან გამომდინარე (ვარ გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი), წყალსაცავებიდან ფილტრაციის საკითხებზე მომუშავე ჰიდროგეოლოგისათვის, ძნელია მეცნიერული სინდისის წინააღმდეგ წავიდე, დავეყრდნო მხოლოდ ჩემს მეხსიერებას და ისე ვიმსჯელო საქართველოს წიაღისეულ სიმდიდრეზე, მინერალურ წყლებზე და ასევე ჩვენს სხვა შესაძლებლობაზე; მაგრამ თუკი არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც კადრულობენ გეოლოგიაში ელემენტარული ცოდნის გარეშე, ხელაღებით თქვან, როგორც მაგალითად, ედუარდ შევარდნაძემ, – საქართველოს რა რესურსები აქვს ბორჯომის წყლის გარდაო, დილეტანტის დონეზე მაინც ყურადსაღებად ვთვლი ჩემს პასუხს, შევარდნაძემ შეძლო და თავისი „ელიტარული“ ინტელიგენციის საშუალებით მოშალა, მოანგრია საქართველოს სახელმწიფოებრიობა, სულ მუდამ ცდილობდა ქართველი ხალხი დაერწმუნებინა ბუნებრივი რესურსების არარსებობაში, დაემცირებინა საქართველოს როლი თავისი ხალხისა და კაცობრიობის თვალში.
რესურსებზე, თუ რა შემორჩა ჩემს მეხსიერებას, რით შეგვიძლია ჩვენ ვიყოთ მშვიდად და ზოგ შემთხვევაში ვიამაყოთ კიდეც ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრით. ჯერ მინდა მოგახსენოთ, რომ 1933 წელს ბატონმა ალექსანდრე ჯანელიძემ (რომელიც მსოფლიოში ცნობილი მაღალი დონის მეცნიერი იყო) შექმნა მთელი გეოლოგიური სკოლა და რუსეთიდან გეოლოგები აქ ჩამოდიოდნენ, რათა შეესწავლათ ნამდვილი გეოლოგია, სწორედ ის ეტოქებოდა ფილოსოფოს კანტს სამყაროს წარმოშობის საკითხში. თავისი თანამებრძოლი გეოლოგებით საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრების შესასწავლად მრავალი ექსპედიციით სწორედ მათ აღწერეს მთელი საქართველოს გეოლოგია (შექმნეს ნაშრომი 1200 გვერდზე), წიაღისეული სიმდიდრე: საქართველოში თითქმის 73 სახეობის სიმდიდრე აღმოაჩინეს (რომელიც შეიცავს მენდელევის თითქმის მთელ სისტემას), ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თუთია, ტყვია, რკინა, ბარიტი… და ა. შ. ყველა ჩვენი ქედი, როგორც სამხრეთით, ისე ჩრდილოეთით, მთლიანად შეიცავს წიაღისეულს, ლოპოტის მარმარილო, რომელიც არანაკლებია განთქმულ იტალიურ მარმარილოზე (ლოპოტის მარმარილო შეიცავს CaCO3-ს – 99%-ს, ხოლო კარარის – 95%-ს). სალიეთის „მარმარილოთი“ ხომ კარგად არის მოსკოვის მეტრო? გარდა მარმარილოსი, გრანიტი, ბაზალტი, გაბრო, მთელი ვულკანური ქანების სახეობები და ა.შ. მთელი კავკასიონი ხომ ამოუწურავი სიმდიდრეა.
რუსეთს ისტორიულად ერთი ურალი ჰქონდა და მიუხედავად საუკუნეობრივი ექსპლუატაციისა, ისევ ინარჩუნებს პირველ ადგილს რუსეთის გეოლოგიაში, დანარჩენი დასავლეთი რუსეთის ტრამალები ხომ თითქმის თავისუფალია ბუნებრივი წიაღისეულისაგან. ჩვენ ხელუხლებელი გვაქვს ურალზე უფრო მდიდარი საბადოები. საქართველოში მარტო ოქრო რომ ავიღოთ, დაწყებული პატარა მდინარე გლდანულადან ენგურამდე, მდინარეები თითქმის ყველა (მაგალითად ყვირილას აუზის მდინარებიც) შეიცავენ ოქროს. ორი საუკუნის მანძილზე, ეკატერინე მეორედან მოყოლებული, ყოველ სვან ოჯახს შეწერილი ჰქონდა წელიწადში 8 გრამი ოქროს მიწერება მოსკოვისათვის. ახლა ვერცხლის შესახებ: კავკასიონის მწვერვალებს გარშემო აკრავს თითქმის ერთი მეტრი სიმძლავრის ვერცხლის შემცავი ფენა. საკმარისია დავასახელოთ ბოლნისის საბადოების პროდუქტიულობა და წიაღისეულის მრავალფეროვნება.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში, თუმცა ყოველნაირად ჩქმალავდნენ მონაცემებს, თუ რა წილი ჰქონდათ რესპუბლიკებს სახელმწიფო ბიუჯეტში, ცნობილია, რომ 9 მილიარდი და მეტიც მიდიოდა საერთოდ საქართველოდან და გვიბრუნდებოდა რესპუბლიკის ბიუჯეტისათვის მხოლოდ 2 მილიარდი. ჟირინოვსკი ამას ამბობს, რომ თითქოს ჩვენ მოსკოვი და რუსეთი გვარჩენდა ორი საუკუნის განმავლობაში. მისი თქმით, თითქოს რუსეთი ჩვენგან არაფერს სარგებლობდა და კეთილშობილური ჟესტით ჩვენს რესპუბლიკებს უანგაროდ ეხმარებოდა
საქართველო უმდიდრესი ქვეყანაა, რომელიც დიდი რაოდენობით რესურსებს ფლობს. მარტო შავი ქვით უნდა გაიტანოს თავი. ზესტაფონიდან საჩხერემდე საბადოს აუზი გრძელდება და შეიცავს ნამდვილად მაღალი ხარისხის მადანს – პეროქსიტს. თუკი არ და ვერ მოვახერხეთ მათი ექსპლუატაცია, ყოველთვის დავრჩებით.
ან, ვთქვათ, ნავთობის მოპოვება რატომ არ ხდება საქართველოში? დაწყებული ფოთიდან (ჭალადიდიდან) კახეთამდე? როგორც ამბობენ ამ საბადოს ტორი დაადო შევარდნაძემ, არც თვითონ აწარმოებს და არც სხვას აძლევს უფლებას, როგორც წესია ცივილური გზით მოიპოვონ, როგორც გაზი, ასევე ნავთობი. ამისათვის საჭიროა ჭაბურღილების გაჭრა. ამერიკას რომ ვბაძავთ ყველაფერში, ამაშიც მივბაძოთ- – თუ მას 17 კილომეტრიანი ჭაბურღილები აქვს გაჭრილი, ჩვენ 4-5 კმ.-იანითაც იოლად გავალთ. ჩვენი მილიარდერები და მილიონერები ამისათვის უნდა იწუხებდნენ თავს.
ჯერ არაფერი გვითქვამს მინერალურ წყლებზე. ჩვენთან, საქართველოში, ჩვენი ჰიდროგეოლოგების მიერ შესწავლილია თითქმის 2000-ზე მეტი წყალი, რომლებსაც სამკურნალო თვისებები გააჩნია. განა ეს სიმდიდრე არ არის? ჩვენი დასალევი წყაროს წყლით დაინტერესებულია, როგორც მახსოვს, საფრანგეთი.
ეხლა ზედაპირულ წყლებზე აგებული ჰესების შესახებ მინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ. მეორე მსოფლიო ომამდე საქართველოში იყო სულ სამი ჰიდროელექტროსადგური: რიონჰესი, ზაჰესი და ხრამჰესი. მაშინ საქართველოს მოსახლეობა დღევანდელზე მეტი იყო. ეს სამი ჰესი აკმაყოფილებდა საქართველოს მოსახლეობას და მის მაღალ დონეზე განვითარებულ წარმოებას. ეხლა ჩვენ ათეულობით ჰესები გვაქვს და კიდევ მეტი უნდა ააგონ. ამიტომ არ ითვალისწინებენ იმას, რომ საქართველოს ტერიტორიის 30% არის მხოლოდ სავარგულები და ისიც წყლით უნდა დაფარონ? სხვა მთას უკავია და იქ მიწათმოქმედების განვითარებისათვის პირობები არ არის. გამოდის ის, რომ გლეხი უნდა დავტოვოთ უმიწოდ, რითაც გლეხი უნდა ვაიძულოთ დატოვოს სოფელი და გაემართოს ქალაქისაკენ. რატომ არ ვცდილობთ დავამაგროთ გლეხი მიწას. ჩვენი ქვეყანა მიწის სიყვარულმა გადაარჩინა, ჩვენი ქვეყანა რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ვერ მოვაღწევდით აქამდე, თუმცა შაგრენის ტყავივით შემცირებულია, მაგრამ მაინც ხომ ვარსებობთ?
გავიგოთ, რომ მხოლოდ სარწმუნოების და მიწის სიყვარულმა გადაარჩინა საქართველო მსოფლიო რუკაზე. მართლმადიდებლობა და მიწის სიყვარული დიდი დასაყრდენია ჩვენი ქვეყნის არსებობისათვის და გავუფრთხილდეთ ამას, თუმცა ტელევიზია და მთავრობა დიდად არ აქცევს სათანადო ყურადღებას ამ ფენომენს, ნერგავენ ურწმუნოებას და გარყვნილებას.
ელენე აბაშიძე
გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი"
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.