USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე კორუფციის ბრალდებით დააკავეს
თარიღი:  770

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავეს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. მას 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მოადგილე რ.მ.

2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში რ.მ-ს სხვადასხვა მაღალი თანამდებობა, მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობები ეკავა. ჩატარებული გამოძიებით, ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ რ.მ თანამდებობრივ გავლენას, სანაცნობო წრესა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით, უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად. ამ პირებისთვის უკანონო დახმარების გაწევის სანაცვლოდ კი, ის მათგან ენერგოკომპანიებში, ჰესებში საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად სხვა თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული. აღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად, რ.მ-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო.

ამასთანავე, რ.მ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, სამსახურებრივ უფლებამოსილებას სისტემატურად, ბოროტად იყენებდა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. კერძოდ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, იგი უკანონოდ სარგებლობდა თავისი თანამდებობით ანდა მასთან დაკავშირებული შესაძლებლობით და სხვადასხვა პირს სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციაში აფორმებდა. ის ამას ზოგჯერ ფიქტიურადაც ახორციელებდა, რის შედეგადაც იგი მატერიალურ სარგებელს და ქონებრივ სიკეთეს იღებდა. ზემოაღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად, რ.მ-ს ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა შესაბამის თანამდებობაზე მისი განმწესების შემდეგ, მილიონობით ლარით გაიზარდა.

არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ იგი დიდი ოდენობით უკანონო არადეკლარირებულ შემოსავალს იღებდა, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში, მათ შორის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში არ ასახულა. უკანონო ანდა დაუსაბუთებელი შემოსავლების წარმოშობის დაფარვის მიზნით, რ.მ მათი ნამდვილი ბუნების წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მათზე საკუთრების უფლებისა და მათთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვასა და შენიღბვას ახორციელებდა ქონების სხვა ცრუმაგიერ პირებზე გაფორმების, ნაღდი ფულის თავისი ან მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა ფიზიკური პირების მეშვეობით, შეტანა ჩარიცხვის, უძრავი ქონების ფიქტიური შეძენის ან რეალიზაციის ამსახველი ხელშეკრულებების გაფორმებით, ხელშეკრულებებში ქონების ღირებულების ხელოვნურად გაზრდის, ან შემცირების და სხვადასხვა ფინანსური ტრანზაქციების შესრულების გზით.

მაგალითად, გამოვლენილია, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მდებარე საცხოვრებელი ბინის ზემოაღნიშნული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლით 600 000 ევროდ შეძენის ფაქტი. ამ თანხის უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის დამალვისა და შენიღბვის მიზნით, რ.მ-მ თავისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე 600 000 ევროს ღირებულების ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება გააფორმა, რითაც აღნიშნული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემა სცადა.

ამასთანავე, მან მის მიერ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ანდა დაუსაბუთებელი ქონების წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, მილიონ ლარამდე ღირებულების ორი ერთეული ავტომობილი მისი ან თავისი ოჯახის წევრის ნდობით აღჭურვილ პირებზე გააფორმა.

გამოძიების ამ ეტაპზე როგორც ვლინდება, რ.მ-მ ზემოხსენებული მეთოდებითა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით, განახორციელა რამდენიმე მილიონი ლარის უკანონო დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზება.

გამოძიება გრძელდება. გამოძიების პროცესში კიდევ უფრო დაზუსტდება როგორც რ.მ-ს მიერ შემოსავლების უკანონო გზებით მიღების გარემოებები, ისე ამ შემოსავლების ლეგალიზაციის ეპიზოდები.

ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას", - განაცხადეს სუს-ში.

რომეო მიქაუტაძემ ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი 2024 წლის თებერვალში დატოვა. ის ნინო ენუქიძემ ჩაანაცვლა. როგორც მაშინ მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, მიქაუტაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

მიქაუტაძე მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას 2022 წლის 30 დეკემბრიდან იკავებდა. მანამდე, 2021-2022 წლებში იყო მინისტრის მოადგილე, 2019-2021 წლებში შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი; 2018-2019 წლებში - შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორი; 2018 წელს ეკავა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) დირექტორის პოზიციაც. ხოლო 2017- 2018 წლებში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის