USD 2.6074
EUR 2.9941
RUB 3.1022
Тбилиси
ეგნატე შამუგია - ეროვნული ბანკი არ არის და არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი
дата:  1296

საქართველოს ეროვნული ბანკი ის საჯარო ინსტიტუტია, რომელიც ფართო ძალაუფლებით სარგებლობს. ამ უკანასკნელისთვის პარლამენტს მასშტაბური დისკრეციული ძალაუფლება აქვს დელეგირებული. ცენტრალურ ბანკს აქვს არა მხოლოდ მონეტარული უფლებამოსილება, არამედ - საფინანსო სექტორის საზედამხედველო და მარეგულირებელი ძალაუფლება, რომლის სამართლებრივი საფუძველი კონსტიტუციური დებულებაა: „ეროვნული ბანკი ... ხელს უწყობს ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას“. აქედან გამომდინარე, პარლამენტის მიერ ეროვნული ბანკისთვის მთელი რიგი უფლებამოსილებებია გადაცემული, რაც გულისხმობს ცენტრალური ბანკის ძალაუფლებას, არეგულიროს საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობა, სანქცია დააკისროს მათ, მოითხოვოს კომერციული ბანკის მმართველი ორგანოს ცვლილება, ბანკის მმართველები ჩაანაცვლოს თავისი დანიშნული ადმინისტრატორით, ან საერთოდ გააუქმოს ბანკის საქმიანობის ლიცენზია.  სწორედ ამ უფლებამოსილების ფარგლებში, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, დააკისროს კომერციულ ბანკებს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ ინდივიდებისა და ფირმებისთვის დაწესებული სანქციების  აღსრულება ან ასეთი სანქციების აღსრულებისგან ცალკეული სუბიექტების გამორიცხვა.

ამგვარი ძალაუფლებით აღჭურვილი ინსტიტუტის კონსტიტუციური საფუძველივე ამბობს, რომ „ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია“, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს დამოუკიდებლობას აღმასრულებელი შტოსგან და შემდეგ - მთლიანად პოლიტიკური ხელისუფლებისგან. თავად ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა კი ინფლაციური მიკერძოების შემცირების იდეასთან არის დაკავშირებული. კერძოდ, მთავრობას ახასიათებს ინფლაციური მიკერძოება და შედეგად, ინფლაცია არაოპტიმალურია. ინფლაციური მიკერძოება არსებობს, რადგან მთავრობას სურს მოკლევადიან პერიოდში დასაქმების დონის ზრდა, ინფლაციის საშუალებით (ლატენტური გადასახადი) ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსება და დაბალი საპროცენტო განაკვეთები. დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განხორცილება მიჩნეულია ხსენებული პრობლემის შემცირების მექანიზმად. თუმცა, ასეთ ინსტიტუტს, მონეტარულ ძალაუფლებასთან ერთად, რიგი მარეგულირებელი და საზედამხედველო უფლებამოსილებები გაუფართოვდა, რამაც კომერციული ბანკები და მათი საქმიანობა მონეტარულ ხელისუფლებას უფრო მეტად დაუქვემდებარა.

ერთია კონსტიტუციური დანაწესი ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესახებ და მეორეა რეალობა, რომელიც საქართველოში, თითქმის არასდროს, სამართლებრივ-პოლიტიკურ დოკუმენტს და მის სულისკვეთებას არ შეესაბამებოდა.  ამ მხრივ, ცენტრალური ბანკი სხვა კონსტიტუციური ინსტიტუტებისგან გამონაკლისი არ ყოფილა, რისი მიზეზიც ორივეა - სამართლებრივი და პოლიტიკური მდგომარეობა. ბუნებრივია, ნებისმიერ პოლიტიკურ ხელისუფლებას აქვს სურვილი და მიდრეკილება იმისა, რომ ფართო ძალაუფლებას ფლობდეს და საზოგადოებაზე მეტი კონტროლი და გავლენა ჰქონდეს. ამისათვის ცენტრალური ბანკი მოქნილი და ეფექტიანი საშუალებაა, რადგან, როგორც ვახსენეთ, ეროვნული ბანკი მასშტაბური ძალაუფლებით აღჭურვილი ორგანოა. ასეთი ძალაუფლებით აღჭურვილი ორგანოს პოლიტიკური ხელისუფლების მიერ დამორჩილების შესაძლებლობა საქართველოში სულ არსებობდა, რასაც ყველა მთავრობა სათავისოდ იყენებდა.

მაგალითად, ბოლო ორი ათწლეულიდან, ყველაზე დემონსტრაციულად ეროვნულ ბანკზე  სრული კონტროლის მოპოვება 2007-2009 წლებში ვიხილეთ, როცა რომან გოცირიძემ ბანკის მმართველის პოსტი დატოვა და ორი წლის განმავლობაში, ბანკს მოვალეობის შემსრულებელი მართავდა. ასეთი რამ მიმდინარე პერიოდშიც განმეორდა. 2023 წლის მარტიდან ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას იმ დროისთვის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებდა, მაგრამ საკანონმდებლო ჩარევით, მოვალეობის შემსრულებელი შეიცვალა. თუმცა ეროვნული ბანკი არც ამ ჩარევამდე ყოფილა დამოუკიდებელი, რასაც ბოლო წლების რამდენიმე გარემოება ადასტურებს. ასეთი ფაქტები, ძირითადად, დაკავშირებულია სავალუტო ინტერვენციებთან, სადაც პრემიერ-მინისტრის გავლენა იკვეთება.

ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში ერთ-ერთმა გავლენიანმა ბიზნესმენმა და ყოფილმა ბანკირმა განაცხადა: „ყველამ იცის, ირაკლის (ღარიბაშვილის) დამსახურებაა, რომ ლარის კურსი (დოლართან მიმართებით) 3 ლარს ჩამოსცდა და კიდევ აგრძელებს სვლას. მან (პრემიერმა) პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როცა ეროვნულ ბანკს უთხრეს არა - რომ არავითარი ინტერვენცია არ გაეკეთებინა“. ამის შემდეგ, აგვისტოში, ეროვნული ბანკი ბაზარზე დოლარს აქტიურად ყიდულობდა, როცა ნომინალური გაცვლითი კურსი უფასურდებოდა. ამ პირობებში, ეროვნულმა ბანკმა ერთ დღეს დოლარი გაყიდა, ხოლო მეორე დღეს იყიდა, რაც ლოგიკას აცდენილი იყო. 2023 წლის მაისში ცენტრალური ბანკი გაუმჭვირვალე გზით ყიდულობდა რეკორდული რაოდენობის აშშ დოლარს, რის შესახებაც ინფორმაცია ცნობილი გახდა ერთი თვის დაგვიანებით. ამ ფონზე, ლარის გაცვლითი კურსი მყისიერად გაუფასურდა, რასაც აჟიოტაჟი და პოლიტიკური განცხადებები მოჰყვა. ამის შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა მოულოდნელად, აუქციონის წესით, დემონსტრაციულად 40.0 მლნ დოლარი გასაყიდად გამოიტანა, ხოლო პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ვოლსკი ამბობდა: „არ ვიცი, არაპროფესიონალიზმითაა, თუ გარკვეული კონსპირაციული ფორმა ჰქონდა არჩილ მესტვირიშვილს - პროგნოზი არასწორად გაკეთდა, კურსზე იყო გაუგებრობა, მთავრობასთან შეუთანხმებელი აქტივობებია ჩატარებული, რაც ნორმალურ პირობებში არ უნდა ტარდებოდეს“. სწორედ ამის შემდეგ დაძლია პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო და პირველ ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავა აირჩა. ახლანდელმა მოვალეობის შემსრულებელმა, აწ უკვე ყოფილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ჩაანაცვლა.

თუმცა ეროვნულ ბანკზე პოლიტიკური ხელისუფლების გავლენების  მკაფიო დადასტურება ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებია. კერძოდ, 2023 წლის 18 სექტემბერს, აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორისთვის  დაწესებულ სანქციებს, ეროვნულმა ბანკმა მისთვის „აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულებაზე“ შეზღუდვით უპასუხა. ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას მმართველი პარტიის თვამჯდომარის მუქარანარევი კრიტიკა და ქმედების არაკონსტიტუციურად შეფასება მოჰყვა. ირაკლი კობახიძის განცხადებით: „ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მხრიდან, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ, მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, ეს არის უდანაშაულობის პრეზუმპფცია“. ამ განცხადების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის  მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დაუყოვნებლივ, იმავე დღეს, შეცვალა მის მიერ 2023 წლის აგვისტოში მიღებული ბრძანება. მანამდე მოქმედი რეგულირება ითვალისწინებდა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დაუყოვნებლივი აღსრულების ვალდებულებას კომერციული ბანკების მიერ. ცვლილების შემდეგ, ასეთი ვალდებულება კომერციულ ბანკებს მოეხსნათ, თუ სანქცირებული პირი საქართველოს მოქალაქეა. შედეგად, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს საბანკო ანგარიშებზე წვდომა და შიდა საბანკო ტრანზაქციების  განხორციელების უფლება აღუდგა.

ნიშანდობლივია, რომ ეროვნული ბანკის მმართველის მიერ გამოცემული ბრძანების დასაბუთება ზუსტად იმეორებს მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებას. „საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია. საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის  მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი“, - ვკითხულობთ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული კიდევ ერთი, მკაფიო დადასტურებაა იმისა, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას ეროვნულ ბანკზე სრული კონტროლი და გავლენა აქვს, რის საშუალებასაც არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი მდგომარეობა - ეროვნული ბანკის მოწყობა - იძლევა.

კერძოდ, ეროვნული ბანკის მმართველის ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რაც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს, სინამდვილეში, სამართლებრივ მოწესრიგებას შეესაბამება. ცენტრალური ბანკის ამგვარი ინსტიტუციური მოწყობა (რომელიც 2007-2009 წლებში ეროვნული ბანკის მმართველობის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ ჩამოყალიბდა) პოლიტიკური ხელისუფლებისთვის მარტივი და მოქნილი საშუალებაა, სრულ პოლიტიკურ კონტროლსა და გავლენას დაუქვემდებაროს მონეტარული ხელისუფლება. ამის პრევენცია იქნებოდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილების საბჭოსთვის დელეგირება. საბჭო ეროვნული ბანკის  უმაღლესი კოლეგიური ორგანოა, რომელიც, ქვეყნის პრეზიდენტის წარდგენით, პარლამენტის უმრავლესობის მიერ არჩეული წევრებისგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს უმრავლესობაზე პოლიტიკური ხელისუფლება გავლენას ფლობს, ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, საბჭოს ზოგიერთ წევრს განსხვავებული პოზიცია აღმოაჩნდა. კერძოდ, საბჭოს სამი აღმასრულებელი წევრი (ვიცე-პრეზიდენტები), ამ გადაწყვეტილების შემდეგ, თანამდებობიდან გადადგა. მათ შორის,  ის ვიცე-პრეზიდენტიც, რომლის საკურატოროა საბანკო ზედამხედველობა და შესაბამისად, ბანკების მიერ სანქციების აღსრულების მონიტორინგი. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინდივიდუალურის ნაცვლად, კოლეგიური ორგანოსთვის ძალაუფლების დელეგირების შემთხვევაში, ასე მარტივად ვერ გადაწყდებოდა საკითხი, რომელმაც საფინანსო სექტორის რისკები გაზარდა და ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა მკვეთრად გაამწვავა.

 ავტორი ეგნატე შამუგია

წყარო: https://gnomonwise.org


 

мир
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати