USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Tbilisi
«Reflex» (ჩეხეთი): „ორბანმა პოლონეთი დაკარგა და პუტინთან გაფრინდა. „ვიშეგრადის ოთხეული“ ისეთი, როგორიც ვიცოდით, აღარ არსებობს“
Date:  517

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, პოლონეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ევროპის მინდორზე მთავარი მოკავშირე დაკარგა - იაროსლავ კაჩინსკის პარტია „კანონისა და სამართლის“ სახით, როცა მან, მართალია, ყველაზე მეტი ხმები მიიღო, მაგრამ მთავრობის ჩამოყალიბებას მაინც ვერ შეძლებს, - ნათქვამია ჩეხურ გამოცემა „რეფლექსში“ (Reflex) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ორბანმა პოლონეთი დაკარგა და პუტინთან გაფრინდა. „ვიშეგრადის ოთხეული“ ისეთი, როგორიც ვიცოდით, აღარ არსებობს“ (ავტორი - ოლივერ ადამეკი). „ბუდაპეშტი, ისევე როგორც ვარშავა, ევროკავშირში განცალკევებულად მჯდარი „თეთრი ყვავებივით“ იყვნენ, თითქოსდა სხვებისგან გარიყულები და მხოლოდ ერთმანეთის იმედი ჰქონდათ, ახლა კი ვიქტორ ორბანი მარტო დარჩა. ამ კონტექსტში სიმბოლურია ის დრო, რომელიც ვიქტორ ორბანმა ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად აირჩია, - აღნიშნავს ავტორი.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

პოლონეთის არჩევნები ლიბერალურმა ოპოზიციამ მოიგო. კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართალი“ მთავრობას ვერ შექმნის. ცენტრალური ევროპისათვის ეს მოვლენა პრინციპულ ცვლილებებს ნიშნავს და პირველ რიგში, ვიქტორ ორბანისათვის. უნგრელმა პრემიერ-მინისტრმა ევროპულ მინდორზე, პოლონეთის მთავრობის სახით, მთავარი მოკავშირე დაკარგა და მისი ადგილი ვიქტორ ორბანის ძველმა მეტოქემ დონალდ ტუსკმა დაიკავა. როგორც კი ეს ფაქტი გახდა ცნობილი, ვიქტორ ორბანი ჩინეთში წავიდა და იქ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

„ოთხეულიდან“ „ორეულამდე“

პოლონეთის არჩევნებს უნგრეთის მმართველი პარტია „ფიდესი“ ყურადღებით აკვირდებოდა. მართალია, მან „კანონს და სამართალს“, მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით, პირველი ადგილის დაკავება მიულოცა, მაგრამ საბოლოო ჯამში „ფიდესი“ მაინც იმედგაცრუებული დარჩა. რა აზრი აქვს პირველი ადგილის დაკავებას, როცა მთავრობის შექმნა და ძალაუფლების განხორციელება შეუძლებელი ხდება?

ერთადერთი სანუგეშო მოვლენა ვიქტორ ორბანისათვის სლოვაკეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებია - პრორუსული ორიენტაციის მქონე რობერტ ფიცო, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი იქნება და კრემლისადმი ლოიალურ პოლიტიკას გაატარებს.

მოკლედ, ისეთი პირი უჩანს, რომ „ვიშეგრადის ოთხეული“ (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი) დღეისათვის „ორეულად“ რჩება (უნგრეთი და სლოვაკეთი).

ორბანი და ტუსკი: მტრები თუ მოყვარეები?

დონალდ ტუსკი და ვიქტორ ორბანი ერთმანეთის მიმართ აშკარა ანტიპათიას გამოხატავენ. როცა შარშან უნგრეთში არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, ბუდაპეშტში დონალდ ტუსკი ჩავიდა და ოპოზიციას მხარი დაუჭირა, რითაც ვიქტორ ორბანის უკმაყოფილება გამოიწვია. ახლა მათთვის რთული იქნება ურთიერთობის განვითარება. დონალდ ტუსკი ვიქტორ ორბანს უკრაინასთან დაკავშირებითაც რეგულარულად აკრიტიკებს: „უნგრეთი უკრაინას არ ეხმარება, ამიტომ ორბანს და სიარტოს (საგარეო საქმეთა მინისტრს) ვლადიმერ პუტინი მალე „გაზპრომში“ წაიყვანს და თბილ ადგილებზე დანიშნავსო“, - მწარედ წერს „იქს“-ქსელში (ყოფილ „ტვიტერში“) დონალდ ტუსკი.

ბოლო წლებში პოლონეთის ევროპულ პოლიტიკას უნგრეთისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ბუდაპეშტი და ვარშავა სინქრონულად გამოდიოდნენ ბრიუსელის „დირექტივების“ წინააღმდეგ. ახლა ვიქტორ ორბანს, სავარაუდოდ, სლოვაკეთთან მოუწევს დაახლოება, სადაც პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო იქნება - მსგავსი პოზიციების მქონე პოლიტიკოსი. და თუ ჩეხეთში პრემიერად, ვთქვათ და ანდრეი ბაბიში დაბრუნდება, ვიქტორ ორბანისათვის ეს საუკეთესო სიტუაცია იქნება.

პუტინთან ნახევარი მსოფლიოს გავლით

გარემოებათა დამთხვევის შედეგად, როცა პოლონეთის არჩევნების შედეგები გმოცხადდა და როცა ცნობილი გახდა, რომ იაროსლავ კაჩინკის პარტიამ მთავრობის შესაქმნელად საკმარისი რაოდენობის ხმები ვერ მიიღო, ვიქტორ ორბანი პეკინში გაფრინდა ჩინეთის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში „აბრეშუმის ახალ გზაში“ (ანუ „გზა და სარტყელში“)  მონაწილეობისათვის. ეს ეკონომიკური ფორუმი, როგორც დამკვირვებლები თვლიან, მოწოდებულია ჩინეთის ეკონომიკური გავლენის გასაძლიერებლად. ვიქტორ ორბანი ერთადერთი პრემიერ-მინისტრი იყო ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომელიც პეკინში ჩავიდა.

ვიზიტის პროგრამის ჩარჩოებში იგი შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და ამრიგად, მეორე პოლიტიკოსი გახდა ევროკავშირიდან, რომელმაც უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ რუსი ლიდერისთვის ხელის ჩამორთმევა გადაწყვიტა. არცერთ მხარეს არ გაუკეთებია კომენტარი, თუ ვისი ინიციატივა იყო მათი შეხვედრა. ყურადღება ორმა დეტალმა მიიპყრო: პირველი - პუტინთან საუბრისას ორბანს არასდროს არ უთქვამს სიტყვა „ომი“, ხოლო უკრაინასთან კონფლიქტს „სამხედრო ოპერაციას“ უწოდებდა - როგორც ეს რუსეთშია ოფიციალურად მიღებული. მეორე - პრეზიდენტთან შეხვედრის დროს მან რუს საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსაც ხელი ჩამოართვა. ადრე ასეთი ჟესტები ვიქტორ ორბანს თითქმის არ ახასიათებდა.

ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთისათვის აუცილებელია მიგრანტების ნაკადის შემცირება, ანტირუსული სანქციების გაუქმება და კონფლიქტის შეწყვეტა. სხვათა შორის, დღეისათვის უნგრეთში მხოლოდ 30 ათასი ლტოლვილია დარჩენილი (ათჯერ ნაკლები, ჩეხეთთან შედარებით!), სხვები უკვე ევროპის ქვეყნებში გადანაწილდნენ.

ის, რომ უნგრეთი, ვიქტორ ორბანის პრემიერობის პერიოდში, ევროპის მზის ქვეშ თავის ადგილს ეძებს, ეს ახალი არ არის - ასევე ისიც, რომ უკრაინის კონფლიქტში ბუდაპეშტს დე-ფაქტო პრორუსული პოზიცია აქვს. მაგრამ პოლონეთის არჩევნების შედეგად მოკავშირის დაკარგვის შემდეგ უნგრეთი სულ უფრო შორდება ევროპას. ამას წინათ ვიქტორ ორბანმა საბჭოური ოკუპაცია, როცა ყველაფერი მოსკოვიდან იმართებოდა, ბრიუსელის მმართველობის სტილს შეადარა, რითაც ევროპელი ლიდერების გაღიზიანება გამოიწვია. მართალია, ჟოზეპ ბორელმა (უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში) განაცხადა, რომ უნგრეთს ევროკავშირში არავინ იჭერსო, მაგრამ ბუდაპეშტის გასვლა ევროკავშირიდან არარეალურია.

წყარო: https://www.reflex.cz/clanek/komentare/121379/orban-ztratil-polsko-a-odletel-za-putinem-konci-visegrad-jak-ho-zname.html

 

tbilisi
ჩუღურეთის რაიონში, მარუაშვილის ქუჩის N50-ის მიმდებარედ ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა
რაიონში ყველაზე დიდი საფეხბურთო მოედანი 968 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო. შესრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.
„ჩუღურეთის რაიონში საფეხბურთო მოედანი მოეწყო. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა. ტერიტორია განათებული და ყველანაირად მოწესრიგებულია. ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა, რომ ჩუღურეთის რაიონში, მისი რელიეფიდან გამომდინარე, მოგვეძებნა დიდი სივრცე, სადაც მსგავსი პროექტის განხორციელება იქნებოდა შესაძლებელი. მიხარია, რომ ვხედავ სპორტულ ინფრასტრუქტურას, სადაც ჩვენს პატარებს ექნებათ შესაძლებლობა ვარჯიშის, განტვირთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურობაში. აქტიურად განვაგრძობთ ქალაქის აღმშენებლობას, განვითარებას, პარკების, რეკრეაციული არეალების, სპორტული სივრცეების მოწყობას, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია პრინციპულად მნიშვნელოვანია. მზად ვართ, გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს ქალაქსა და თანაქალაქელებზე. მომდევნო ოთხი წელი თბილისისთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა ტრიბუნები, ტერიტორია შემოიღობა ლითონის ბადით და აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით. პროექტის ღირებულებამ 505 000 ლარი შეადგინა.
სპორტული მოედნის გახსნის შემდეგ გაიმართა კონცერტი ქართული ესტრადის წარმომადგენლების მონაწილეობით.
განახლებული ინფრასტრუქტურა, დედაქალაქის მერთან ერთად, ჩუღურეთის გამგებელმა დავით მაქაცარიამ, რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩიკვილაძემ და პარლამენტის დელეგატმა რიმა ბერაძემ დაათვალიერეს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way