USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«Le Monde» (საფრანგეთი): „მაკრონის დაპირება უკრაინისათვის დასახმარებლად საფრანგეთის ბიუჯეტს პრობლემებს უქმნის“
თარიღი:  760

ფრანგული გაზეთი „ლე მონდი“ (Le Monde) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მაკრონის დაპირება უკრაინისათვის დასახმარებლად საფრანგეთის ბიუჯეტს პრობლემებს უქმნის“ (ავტორი - ელიზ ვინსენტი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

პარიზისა და კიევის შეთანხმება უკრაინისათვის 3 მილიარდი ევროს მოცულობით  სამხედრო დახმარების გაწევის თაობაზე, რომელსაც ხელი მიმდინარე წლის 16 თებერვალს მოეწერა, საფრანგეთის მთავრობისათვის თავის ტკივილად იქცა: მინისტრთა კაბინეტი იძულებულია ხარჯები შეამციროს და სხვადასხვა საბუღალტრო „ეშმაკობებს“ მიმართოს.

ჯერ კიდევ თებერვალში ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ საჭიროა ხარჯების შემცირება 10 მილიარდის ევროს მოცულობით, მოგვიანებით ამას კიდევ 3 მილიარდი ევრო დაემატა. ბუნებრივია, ამომრჩევლებს კითხვები ებადებათ - სად მიდის საბიუჯეტო თანხები და რაში იხარჯება თანხა?

განსაკუთრებით დაინტერესებულები არიან ამ კითხვის პასუხით ფრანგი ფერმერები, რომლებიც საპროტესტო აქციებს აწყობდნენ პარიზის ქუჩებში. „იცით, მე ისინი ასეთ კითხვას მისვამდნენ - რატომ ვაძლევთ უკრაინას თანხებს, როცა უფრო მეტი ფული ჩვენ, მოსახლეობას, საფრანგეთის მოქალაქეებს გვჭირდება?“, - ამბობს „ლე მონდთან“ საუბარში მატიე ლეფევრი, ეროვნული კრების დეპუტატი.

საბოლოო ჯამში მთავრობა შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომ იძულებული გახდეს პარლამენტში საბიუჯეტო ცვლილებებით წარსდგეს. ოპოზიციური პარტიები პრინციპულად გამოდიან მთავრობის ყოველგვარი საბიუჯეტო ცვლილების წინააღმდეგ. ერთ-ერთმა დეპუტატმა ბასტონ ლაშომ - ულტრამემარცხენე პარტიიდან „დამორჩილებელი საფრანგეთი“ – „ლე მონდს“ განუცხადა, რომ უკრაინისადმი საფრანგეთის დახმარების პაკეტს შეიძლება საფრანგეთის პარლამენტში იგივე დაემართოს, რაც ამერიკული დახმარების პაკეტს მოუვიდა კონგრესში, როცა რესპუბლიკელებმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი კანონპროექტი არ დაამტკიცეს.

საფრანგეთში არსებობს საკონსტიტუციო მექანიზმი, რომელიც 49-ე მუხლის მესამე პუნქტშია განსაზღვრული - პრეზიდენტს შეუძლია კანონები პარლამენტის თანხმობის გარეშეც მიიღოს - ისე, როგორც ემანუელ მაკრონმა საპენსიო რეფორმა განახორციელა. მაგრამ ახლა თუ უკრაინის დახმარების თაობაზეც მაკრონი და მისი მთავრობა იგივენაირად მოიქცევა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის იმიჯი დარტყმის ქვეშ მოექცევა, საბოლოოდ კი შეიძლება მთავრობის უნდობლობის ვოტუმიც დადგეს.

წყარო: https://www.lemonde.fr/

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის