USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ "ჩატში", სადაც „ჰუსიტების“ წინააღმდეგ სარაკეტო იერიშების გეგმებს განიხილავდნენ, შეცდომით ამერიკელი ჟურნალისტი დაამატა
თარიღი:  814

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, მაიკლ უოლცმა გამოცემა The Atlantic-ის ჟურნალისტი, ჯეფრი გოლდბერგი შემთხვევით დაამატა მესენჯერი Signal-ის ჩატში, სადაც განიხილებოდა „ჰუსიტებზე“ თავდასხმის გეგმები, მათ შორის სამიზნეები, დრო და შეტევებისთვის გამოყენებული შეიარაღება. ამის შესახებ თავად ჯეფრი გოლდბერგმა განაცხადა ჟურნალ The Atlantic-ისთვის დაწერილ სტატიაში, სადაც ის მთავარ რედაქტორად მუშაობს.

როგორც გოლდბერგმა აღნიშნა, 11 მარტს მას Signal-ში შეტყობინება მიუვიდა ჩატში დამატების მოთხოვნით მომხმარებლისგან სახელით „მაიკლ უოლცი“. გოლდბერგმა იფიქრა, რომ უოლცის სახელით შესაძლოა თაღლითები მოქმედებდნენ, თუმცა მაინც მიიღო მოთხოვნა.

ორი დღის შემდეგ ჟურნალისტი დაამატეს ჯგუფში სახელწოდებით Houthi PC small group, სადაც უოლცმა დაწერა: „ჩვენ ვქმნით ჯგუფს „ჰუსიტებთან“ დაკავშირებული ქმედებების კოორდინაციისთვის, განსაკუთრებით უახლოეს 72 საათში“.

მომდევნო დღეებში ჯგუფში იწერებოდა უოლცის სხვადასხვა მითითება და „ჰუსიტებზე“ თავდასხმების განხილვა. კერძოდ, სავარაუდოდ, ჯეი დი ვენსი შეეცადა ტრამპის გადაწყვეტილება გაეკრიტიკებინა. სავარაუდოდ, თავდაცვის მინისტრი, პიტ ჰეგსეტი შეწინააღმდეგა მას და აღნიშნა, რომ დაყოვნებას შესაძლოა ინფორმაციის გაჟონვა გამოეწვია. ჩატში დაწერილი ზოგიერთი ინფორმაცია იმდენად სენსიტიური იყო, რომ გოლდბერგმა მისი გამოქვეყნება არ ისურვა.

ამის შემდეგ გოლდბერგი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ჯგუფი ნამდვილი იყო და დატოვა იგი. მოგვიანებით მან ჯგუფის წევრებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც დაინტერესდა, რატომ ჩართეს ის ამ ჯგუფში და ხომ არ ქმნის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად საჯაროდ ხელმისაწვდომი მესენჯერის გამოყენება ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივანმა, ბრაიან ჰიუზმა აღნიშნა, რომ შეამოწმებს, თუ როგორ მოხვდა ჟურნალისტი ჯგუფში, თუმცა მომხდარში რაიმე საფრთხეს ვერ ხედავს.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის