USD 2.7401
EUR 3.0815
RUB 3.3971
თბილისი
დონალდ ტრამპი: ორშაბათს ტელეფონით ჯერ პუტინს, შემდეგ კი ზელენსკის დაველაპარაკები, სასაკლაო უნდა გაჩერდეს
თარიღი:  604

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ორშაბათს, 19 მაისს, ტელეფონით ჯერ პუტინს, შემდეგ კი ზელენსკის დაელაპარაკება. ამის შესახებ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

„საუბრის თემა იქნება "სასაკლაოს" გაჩერება, რომელსაც კვირაში, საშუალოდ, 5000 რუსი და უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე მიაქვს, და ვაჭრობა...

იმედი მაქვს, პროდუქტიული დღე იქნება, ცეცხლი შეწყდება, და ეს ძალადობრივი ომი, რომელიც არც დაწყებულიყო, დასრულდება“, - წერს ტრამპი.

თბილისი
კალაძის განცხადებები დღევანდელ თბილისის მთავრობის სხდომაზე

დედაქალაქის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საზოგადოებას უწყებაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც აღინიშნა, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე იქნება, რომელიც აქამდე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.

„მინდა, ვიცე-მერის პოსტზე წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება. ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია - წლებია ჩართულია ყველა იმ საქმიანობაში, რასაც ქალაქის განვითარება და აღმშენებლობა ჰქვია. მინდა, წარმოგიდგინოთ გიორგი ტყემალაძე. ის ორი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე გახლავთ. ყველა პროექტი, რაც ხორციელდება და გაკეთდა დედაქალაქში, რა თქმა უნდა, საკრებულოს და უშუალოდ გიორგის მონაწილეობით განხორციელდა. დარწმუნებული ვარ, მისი კვალიფიკაცია, მისი ჩართულობა, დაგვეხმარება და გავაგრძელებთ იმ წამოწყებულ მნიშვნელოვან საქმეებსა და პროექტებს. მინდა, მას წარმატება ვუსურვო ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. გიორგიმ კარგად იცის თვითმმართველობას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა კალაძემ.

აქვე, დედაქალაქის მერმა გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა აწ უკვე ყოფილ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და წარმატებები უსურვა.

„მადლობას ვუხდი ირაკლი ხმალაძეს გაწეული შრომისთვის. ჩვენ 2017 წლიდან ერთად მოვდივართ, ერთად დავიწყეთ მუშაობა მუნიციპალიტეტის თემებზე, ერთად ჩავატარეთ საარჩევნო კამპანია. მანამდე, ენერგეტიკის სამინისტროში ვმუშაობდით ერთად. ის შორს არ მიდის, ჩვენს მეგობარ უწყებაში გადავიდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. იუსტიციის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ. ქალაქისთვის მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ, სისტემური რეგისტრაციები მაქვს მხედველობაში. ირაკლი პროფესიით იურისტია. მან მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. დარწმუნებული ვარ, იუსტიციის სამინისტროშიც თავის შესაძლებლობებს გამოავლენს და ყველაფერს გააკეთებს, რომ აღნიშნული სამინისტრო იყოს წარმატებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სხდომაზე დედაქალაქში დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება.

აღინიშნა, რომ დასრულდა დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი - ვაკის რაიონში გაიხსნა უნივერსიტეტის ქუჩისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გვირაბი.

„ახალი გვირაბი იწყება უნივერსიტეტის ქუჩაზე, სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარედ და მიხეილ შავიშვილის ქუჩის გავლით, პეტრე ქავთარაძის ქუჩას უკავშირდება. გვირაბში გათვალისწინებულია ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა - თითო ზოლი ორივე მიმართულებით. პროექტის ფარგლებში, მოეწყო მისასვლელი და გამოსასვლელი პანდუსები, ტროტუარი, სანიაღვრე სისტემა, ასევე, დამონტაჟდა განათება. შავიშვილის ქუჩას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. პირველი, რაც განხორციელდა იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება. ერთადერთი, რაც დარჩენილი გვაქვს, ეს არის გვირაბის ზემოთ არსებული სივრცის მოწესრიგება, ახალი გზის მიყვანა ე.წ. მაღლივ კორპუსამდე და გამწვანების სამუშაოების ჩატარება. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელის განვითარების დინამიკას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების ხარისხს, როგორც კერძო ავტოტრანსპორტით, ისე ქვეითად მოსიარულე პირებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ ვაკის რაიონში იწყება ჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაციაც.

„დღეს ღამე ჩაიკეტება მოძრაობა და დავიწყებთ უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას. რა თქმა უნდა, აქაც პირველ რიგში მოხდება საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის სავალი ნაწილი მაქსიმალურად გაფართოვდება და გვექნება ყველანაირად გამართული ინფრასტრუქტურა. ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც, ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, დამონტაჟდება განათების ბოძები. სამუშაოების ჩატარებას, დაახლოებით, ოთხი თვე დაჭირდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმები დაირღვა, რაზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა. სუბიექტი 30 000 ლარით დაჯარიმდა.

„წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული იყო ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მიმდებარედ არსებული საჩოგბურთო კორტები, სადაც საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა იგეგმებოდა. მოსახლეობის თხოვნითა და ჩვენი ჩართულობით, მოვახერხეთ და ეს ტერიტორია დედაქალაქს დავუბრუნეთ, რომლის შემდეგაც, გამოვაცხადეთ აუქციონი და აღნიშნული მიწის ნაკვეთი, მასზე სპორტული კომპლექსის მოწყობის მიზნით განვკარგეთ. მას ჰყავს კერძო მესაკუთრე, რომელსაც ვალდებულება გააჩნია. სპორტული კომპლექსი მოიცავს სამი საჩოგბურთო კორტის მშენებლობას. ტერიტორიაზე მოეწყობა საცურაო აუზი, ფიტნეს-დარბაზი, ასევე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანიშნულებისა და სპორტულ კომპლექსთან დაკავშირებული სივრცეები. კომპანიის მიერ უკვე განხორციელებულია, დაახლოებით, 5 000 000 ლარზე მეტის ინვესტიცია.

აღნიშნულ ობიექტზე, რამდენიმე დღის წინ, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას, უსაფრთხოების ნორმები დაირღვა. კერძოდ, სართულშუა გადახურვის კონსტრუქციების მშენებლობისას ნაწილობრივ ჩამოიშალა საქარგილე მასალა. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და სუბიექტი დაჯარიმდა 30 000 ლარით, მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მშენებლობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და კომპლექსი 2026 წლის პირველ ივნისამდე დასრულდება.

„ჩვენი რეაგირების გარდა, თავად კომპანიის მხრიდანაც გადაიდგა დაუყოვნებლივი ნაბიჯები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მშენებლობის პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს. კომპანიას, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, ჰყავს აკრედიტებული ტექნიკური ზედამხედველი, რომელიც ადგილზე აკონტროლებს მშენებლობის ეტაპებს, მისი მიმდინარეობის ხარისხსა და შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან. აღსანიშნავია ისიც, რომ ობიექტის პირველადი შეფასებითა და წარმოდგენილი დასკვნით, მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა უზრუნველყოფილია და საქარგილე მასალის ჩამოშლას გავლენა არ მოუხდენია შენობის მდგრადობაზე. სამუშაოების დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება 2026 წლის პირველ ივნისამდე მოხდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ყურადღება უკანონო მშენებლობებზეც გაამახვილა და მოქალაქეებს მოუწოდა, სანამ მშენებლობას დაგეგმავენ, ნებართვის მისაღებად მერიის შესაბამის სამსახურებს მიმართონ.

მისივე ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალური ინსპექცია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს უნებართვო მშენებლობის გამოვლენისა და მათზე რეაგირების კუთხით, რასაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.

„ეს იყო ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა, რომელიც დღესაც პრობლემაა. მიმდინარე წელს ინსპექციის მიერ უკვე შეჩერებულია 118 უკანონო მშენებლობა, მათ შორის, სახელმწიფოსა და თვითმმართველის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე. ასეთ შემთხვევაში, სამართალდამრღვევი ყოველ ჯერზე ჯარიმდება 50 000 ლარით, მეორე ჯერზე კი კანონმდებლობის დაუმორჩილებლობა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ასევე, ინსპექცია უფლებამოსილია, განახორციელოს უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. ჩვენი ინიციატივით, ქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობების მიმართულებით, კანონმდებლობა 2019 წლიდან გამკაცრდა და გაიზარდა ფინანსური სანქციები. ასევე, ობიექტის მშენებლობის შეჩერების დაუმორჩილებლობასა და სამუშაოების გაგრძელებაზე შემოვიღეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მოვუწოდებთ ყველას, დაემორჩილონ კანონს და სანამ მშენებლობას დაგეგმავენ, მიმართონ მერიის შესაბამის სამსახურებს ნებართვის მისაღებად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ის დრო, როდესაც უკანონო მშენებლობები სკვერებისა და სპორტული მოედნების ადგილზე მიმდინარეობდა, დასრულდა.

„ჩვენ არავის ვზღუდავთ მშენებლობაში, ოღონდ ეს უნდა იყოს სწორი, გამართული პროცესი ქალაქგეგმარებითად და ურბანულად. მიიღეთ ნებართვა. იქ, სადაც მშენებლობა მიუღებელია, ჩვენ ნებართვებს, რა თქმა უნდა, არ გავცემთ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, უკანონო მშენებლობების აწარმოონ. ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ის დრო დასრულდა, როდესაც ვისაც სადაც და როგორც უნდოდა, იმას აშენებდა. ჩვენ დავამთავრეთ ის დრო, როდესაც ხდებოდა მიტაცება და გასხვისება რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების და მათ ნაცვლად სამშენებლო სამუშაოების წარმოება. რეკრეაციული სივრცეები უნდა დარჩეს ქალაქს, მომავალ თაობებს, ჩვენს შვილებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.