აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორმხრივი ვაჭრობის პერსპექტივების განხილვისას განაცხადა, რომ ევროკავშირი ჩინეთზე უარესია, - ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.
„ევროკავშირი, მრავალი თვალსაზრისით, ჩინეთზე უარესია. ისინი მნიშვნელოვნად დაეშვებიან. უყურეთ. ყველა კარტი გვაქვს. ისინი ძალიან უსამართლოდ გვექცევიან“, - აღნიშნა ტრამპმა.
დონალდ ტრაპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვაშინგტონი და პეკინი ორმხრივი ტარიფების მნიშვნელოვნად შემცირებასა და სავაჭრო ომის დეესკალაციაზე შეთანხმდნენ.
ევროკავშირმა კი ჯერ კიდევ ვერ მიაღწია მნიშვნელოვან შედეგს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ საქონელზე ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების მოხსნის მიზნით ვაშინგტონთან მოლაპარაკებების რამდენიმე მცდელობა ჰქონდა.
Politico წერს, რომ, ტრამპის ეს განცხადება მნიშვნელოვნად განსხვავდება გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტის შესახებ გაკეთებული კომენტარისგან, როდესაც მან ურსულა ფონ დერ ლაიენს ფანტასტიკური ადამიანი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მალე შეხვდებოდნენ ერთმანეთს.
ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.
„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.