USD 2.6932
EUR 3.2009
RUB 3.5273
Tbilisi
დიზაინერები, რომლებმაც შექმნეს სტარტაპები
Date:  1599

სტარტაპების მიერ ვიზუალური მხარის უგულებელყოფა გავრცელებული მიდგომაა. შეიძლება ისიც ითქვას, რომ დიდად არც დიზაინერები არიან დაინტერესებული კომპანიის მენეჯმენტში მონაწილეობით. მიუხედავად ამისა, ისინი იმაზე უკეთ ითავსებენ სტარტაპერის როლს, ვიდრე ერთი შეხედვით ვიფიქრებდით.

როცა ანტრეპრენერს ვახასიათებთ, მისი ერთ-ერთი აუცილებელი უნარი პრობლემების მოგვარება და კრეატიული, გაბედული აზროვნებაა. მას უნდა შეეძლოს კავშირების დანახვა იქ, სადაც ისინი მანამდე არ არსებობდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის პოვნა პოტენციური მომხმარებლების, თანამშრომლებისა და ინვესტორების მოთხოვნებს შორის.

მაგრამ, დიზაინერის სამუშაოც ხომ სწორედ ამ პუნქტებს მოიცავს. ფართო ხედვა და მაღალი სტანდარტები, კრეატივი, კონცეფციებსა და პროდუქტს შორის კავშირის დაჭერა, მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, კლიენტის სურვილების გათვალისწინება და ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსება… ასე ახლოს ცოტა პროფესია დგას ანტრეპრენულ სულისკვეთებასთან.

ეფლი, როგორც ნათელი მაგალითი

სტივ ჯობსი რომ დიზაინს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, ეს საყოველთაოდ ცნობილია: 1982 წელს მან ესლინგერს ჩააბარა პროდუქტის დიზაინი და ამისთვის წელიწადში 1 მილიონ დოლარს უხდიდა. სიმარტივე ეფლის უპირველეს მახასიათებლად იქცა, რაც მომხმარებლისთვის მუდამ მის დახვეწილ დიზაინში გამოიხატება. მიუხედავად იმისა, რომ, ბევრის აზრით, კომპანია ძველებურად ვეღარ ვითარდება, ისინი ეფლის ერთგული სწორედ ელეგანტური ვიზუალის გამო რჩებიან.

მაგრამ, მოდი, სხვა კომპანიებსაც გადავხედოთ: Pinterest-ი, Behance-ი, Kickstarter-ი, Slack-ი და Flickr-ი – ეს სრული სიაც არაა იმ გენიალური და დღემდე ჩაუნაცვლებელი სტარტაპებისა, რომელთა თანადამფუძნებლებიც დიზაინერები არიან.

ბიჰენსი და პინტერესტი – თვითგამოხატვისა და შთაგონებისთვის

ბიჰენსი ალბათ ყველა დიზაინერმა იცის. ეს ის ადგილია, სადაც მათ თავიანთი ნამუშევრების საჯაროდ გამოფენა შეუძლიათ. მის უკან ორი მთავარი ფიგურა დგას: ანტრეპრენერი სკოტ ბელსკი და ბრენდისა და პრინტის დიზაინერი მატიას კორეა. მათი გაერთიანება შემთხვევითობა სულაც არ ყოფილა. როცა სკოტს ბიჰენსის იდეა მოუვიდა, მან, პირველ რიგში, დიზაინერი პარტნიორის ძებნაზე დაიწყო ფიქრი. ერთ-ერთ ინტერვიუში მატიასი აღნიშნავს, რომ ბელსკის მან დიზაინერობა ასწავლა, ბელსკიმ მას კი – ანტრეპრენერობა:

“გამოსავალს ბრენდი, კომპანია, ან თავად პროდუქტი გვიჩვენებდა ხოლმე. ხანდახან, საჭირო იყო, უბრალოდ, კითხვა დაგვესვა და პასუხი ჩვენი ნამუშევრიდან თავისით მოდიოდა.”

ამაზე ბელსკი ამატებს:

“რაც დიდად განსხვავდება ისეთი შემთხვევისგან, როცა დიზაინერი აუთსორსზე გყავს ან, უბრალოდ – დაქირავებული. ან, როცა დიზაინერი დამფუძნებელი ბიზნესმენს ქირაობს ბიზნეს საქმეებისთვის. ეს პროცესები აუთსორსზე რომ გაგვეტანა, ბიჰენსი ვერასდროს შეძლებდა ჩვენივე კითხვებზე პასუხის გაცემას.”

ბიჰენსზე არანაკლებ გამორჩეული პლატფორმაა პინტერესტი. ამ ონლაინ სივრცეს კრეატიული ადამიანები, ერთის მხრივ, თვითგამოხატვის, მეორეს მხრივ კი – შთაგონების საპოვნელად სტუმრობენ.

"ჩვენთან არ არსებობს დიზაინსა და ინჟინერიას შორის გამყოფი ხაზი." – ამბობს პინტერესტის თანადამფუძნებელი.

ევან შარპი პროდუქტის დიზაინერია, რომელსაც პინტერესტზე მუშაობისას მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობების გათავისება მოუწია, თანაც – ნულიდან. მაგრამ, დიზაინერის ხედვა მას ისეთი ნიუანსების შემჩნევაში დაეხმარა, რის გამოც ჟურნალ wired-ში იმ ტექნოლოგიურ ლიდერთა სიაში მოხვდა, რომლებიც, მათი აზრით, მომავალი 25 წლის განმავლობაში ინტერნეტ რევოლუციას გაუძღვებიან. აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ სილიკონ ველიზე პინტერესტი ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანისტურ და ინტერფეისზე ორიენტირებულ პლატფორმად ითვლება.

როცა ის მენეჯერის როლის მორგებასა და თანამშრომლების შერჩევის პროცესზე საუბრობს, ხაზს უსვამს, რომ კარგ თანამშრომელს საკუთარი სუსტი მხარეების დანახვა აუცილებლად უნდა შეეძლოს. რთულია ამაში არ დაეთანხმო. ევანი ამ თვისებასა და დიზაინერობას შორის პარალელსაც ხედავს:

“თუ კარგი დიზაინერის თვალი გაქვს, ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია დაინახო, რა გამოგდის და რა – არა. თუ ხედავ, რა არ გამოგდის, შენ იმუშავებ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე და ეს კარგი დიზაინერების გუნდის მთავარი მახასიათებელია.”

თუმცა, Behance-ი და Pinterest-ი მაინც ისევ დიზაინერებზე მორგებული პლატფორმებია. გავცდეთ მსგავს წამოწყებებს და... კიდევ უფრო მეტ დიზაინერ სტარტაპერს აღმოვაჩენთ.

 Kickstarter-ი – ადგილი ურთიერთდახმარებისა და ინოვაციებისთვის

Kickstarer-ი საჯარო დაფინანსების (ქრაუდფანდინგის) პლატფორმაა, სადაც ყველას შეუძლია ნებისმიერი პროდუქტის იდეის გამოქვეყნება. მსურველები არჩევენ საინტერესო პროექტებს და წინასწარ ყიდულობენ მათ ნამუშევრებს. თუ პროექტმა მოთხოვნილი თანხა შეაგროვა, ისინი პროდუქტს ქმნიან და მხარდამჭერებს უგზავნიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ თანხა უბრუნდებათ უკან.

პოტენციური მხარდამჭერების დაინტერესების ერთადერთი გზა პროექტის გვერდია. ამიტომ, იდეის ავტორებს მაქსიმალური თავისუფლება სჭირდებათ თავიანთი ხასიათის გადმოსაცემად. თუმცა, აუცილებელია საერთო სტრუქტურის ჩამოყალიბება, რათა პროექტის შესახებ ყველა აუცილებელი ინფორმაცია (შეთავაზება, მხარდამჭერების რაოდენობა, ავტორის შესახებ, ბიუჯეტის განაწილება...) მარტივად საპოვნელი იყოს მხარდამჭერისთვის. სხვა სიტყვებით, პროექტების პირადი გვერდი, ერთდროულად, თანმიმდევრულია, რათა მომხმარებლები არ დაიბნენ და თან – უნიკალური, რათა ყურადღება მიიქციოს.

ამ ორი, ერთი შეხედვით, შეუთავსებელი ფუნქციების ათვისებას გრაფიკული დიზაინერი, ჩარლზ ადლერი, ედგა სათავეში. როცა ის პროექტის ინიციატორების გვერდის დიზაინზე საუბრობს, აღნიშნავს, რომ მთავარი მიმართულება, რომელსაც მუდმივად უმეორებდა საკუთარ თავს, იყო “ნაკლები ჩვენ და მეტი - ისინი.” სამი დამფუძნებლიდან ჩარლზი სწორედ დიზაინის მიმართულებით ჩაება პროექტში და მომხმარებლებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება შექმნა.

კიკსტარტერს უკვე 4.5 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს მოგროვებული ინოვაციური პროექტებისთვის, წარმატების მაჩვენებელი კი 37%-ზე მეტია.

Slack-ი – ყველაზე ეფექტიანი სისტემა საქმიანი კომუნიკაციისთვის

Slack-ისა და Flickr-ის იდეების ავტორი სტუარტ ბატერფილდია, რომლის გზაზეც შეცდომებიდან სტარტაპ შედევრებამდე ამ სტატიაში უკვე ვისაუბრეთ. აქ იმ დიზაინერი ანტრეპრენერის მაგალითად მოგვყავს, რომლებიც არა მხოლოდ სტარტაპის განვითარებაში იყო ჩართული, არამედ თავად გახლდათ იდეის ავტორი. ფილოსოფიის კურსდამთავრებულმა, პროფესიით კი – პროდუქტის დიზაინერმა, ორჯერ მოახერხა სილიკონ ველის დაპყრობა. არსებობს გამოთქმა, რომ გლობალური პროდუქტის მოფიქრება ბოთლში ელვის გამომწყვდევასავითაა. ბატერფილდმა ეს ორჯერ მოახერხა. მის მთავარ უპირატესობად კი, მომხმარებელზე მორგებული, დელიკატური ინტერფეისის შექმნის უნარს მიიჩნევენ:

“ის ისეთი ადამიანია, შუა საუკუნეებში რომ ეცხოვრა, იდეალურ ტყავის ჩანთას შეკერავდა, ზუსტად დასმული გვირისტებით – ის საქმის ოსტატია.” – Slack-ის ერთ-ერთი პირველი ინვესტორი.

"Stewart Butterfield Photography Portraits - Slack" by Kris Krug is licensed under CC BY-NC-ND 2.0

ელევესტი - ონლაინ საინვესტიციო პლატფორმა ქალებისთვის

მომხმარებლების კვლევა ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია დიზაინის შემუშავების პროცესში, როგორც – ახალი პროდუქტის შექმნის. ხშირად, სწორედ დიზაინერები აღმოაჩენენ ხოლმე სამიზნე აუდიტორიაზე გავრცელებულ არასწორ შეხედულებებს, რომლებიც პროდუქტის ტექნიკურ ნაწილზე ორიენტირებულ დამფუძნებლებს ყურადღების მიღმა რჩებათ.

ელევესტი ქალებისთვის განკუთვნილი ონლაინ საინვესტიციო პლატფორმაა, რომლის შემქმნელებმაც პროექტის საწყის ეტაპზე დიზაინერი. კომპანიამ 2014 წლიდან 77.6 მილიონი დოლარის ინვესტიციები მოიზიდა.

სტატიაში, სადაც იდეის ავტორი, სალი კრაუჩეკი, იდეის რეალიზაციის პროცესს განიხილავს, აღნიშნავს, რომ დიზაინერის შემოერთება კომპანიის წარმატებისთვის იმაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა. ამის მიზეზი სწორედ ის კვლევებია, რომლებიც მელისამ, პროდუქტის ვიზუალური მხარის შემუშავებისას აწარმოა.

ერთ-ერთი ასეთი დეტალი უკავშირდება გავრცელებულ შეხედულებას იმის შესახებ, რომ ქალებს რისკის გაწევა არ უყვართ. პირველ მომხმარებლებთან საუბრისას მელისამ აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში, მათ უფრო დეტალური ინფორმაცია სჭირდებათ სხვადასხვა რისკების შესახებ, რასაც საინვესტიციო პლატფორმები ნაკლებად უზრუნველყოფდნენ. ამასთან, სწორედ მელისას იდეა იყო “მეგობრული და სახალისო” სარეგისტრაციო ფორმის შემუშავება, რომელიც საკმაოდ განასხვავდებოდა არსებული მშრალი ფორმებისგან. მომხმარებლებს ეს სანდოობის განცდას უქმნის, რის გამოც ისინი უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს პლატფორმის გამოყენებისას.

კარგი დიზაინი ვიზუალზე შორს მიდის

დიზაინი არაა მხოლოდ ლამაზი ტიპოგრაფია, ლოგო და ილუსტრაციები (თუმცა, არც ეს დეტალებია ისეთი უმნიშვნელო, როგორც ბევრი მიიჩნევს). დიზაინი მომხმარებელთან კომუნიკაციის უპირველესი ინსტრუმენტია. CBinsights-ის თანახმად, სტარტაპების წარუმატებლობის რიგით მეექვსე (17%) მიზეზი არამეგობრული ინტერფეისია. ამავე კვლევის თანახმად, რიგით მესამე ადგილას პროექტისთვის შეუსაბამო გუნდი დგას (23%).

ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ დიზაინერობა საკმარისია სტარტაპის გასამართად. უბრალოდ, დიზაინერი შეიძლება მომხმარებლის ადვოკატად წარმოვიდგინოთ. ეს ის ადამიანია, რომელიც ბიზნეს მიზნებსა და მომხმარებლის საჭიროებებს შორის ბალანსის პოვნაში კარგადაა გაწაფული. მისი ჩართულობა კომპანიის საწყის სტადიაზე ისევე შედეგიანად მთავრდება, როგორც ტექნიკური და ბიზნეს მხარეებისა. არსებობს კიდეც ვებგვერდი წარმატებულ დიზაინერ დამფუძნებლებზე, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას აზიარებენ და მოტივაციას აძლევენ ამ სფეროთი დაინტერესებულ კრეატიულ ადამიანებს.

ანა მიქატაძე

წყარო:https://medialab.ge/

World
BMG: ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები - 2025 წლის TOP 10 ბრენდი აშშ-ში

ავტომწარმოებლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდვების კუთხით შთამბეჭდავი 2025 წელი ჰქონდათ, მიუხედავად ისეთი სერიოზული დაბრკოლებებისა, როგორებიცაა მზარდი ფასები, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და იმპორტირებულ მანქანებსა თუ ნაწილებზე დაწესებული ტარიფები.

წლის დასაწყისში თეთრმა სახლმა აშშ-ში ავტომობილების გაყიდვების 2.4%-იანი ზრდა ხაზგასმით აღნიშნა. მათი განცხადებით, ეს ინდუსტრიის საუკეთესო მაჩვენებელია 2019 წლის შემდეგ და ასევე დასტური იმისა, რომ მათ მიერ დაწესებულმა ტარიფებმა ავტომობილები არ გააძვირა.

ამის გათვალისწინებით, USA TODAY-ის გუნდმა შეისწავლა წამყვანი ავტომწარმოებლების გაყიდვების უახლესი ანგარიშები, რათა გაერკვია, ვის ჰქონდა საუკეთესო 2025 წელი ავტომობილების გაყიდვების კუთხით.

გთავაზობთ 10 ყველაზე გაყიდვად ავტობრენდს იმ მწარმოებლებს შორის, რომლებმაც 2025 წლის გაყიდვების სრული მონაცემები უკვე გამოაქვეყნეს:

2025 წელს "ჯენერალ მოტორსმა" (General Motors) 2.85 მილიონი ავტომობილი გაყიდა, ყველაზე გაყიდვადი მოდელები კი Chevrolet Silverado და GMC Sierra იყო. გამოქვეყნებულ პრესრელიზში კომპანიამ განაცხადა, რომ ის უკვე ზედიზედ მეექვსე წელია, ამერიკის ლიდერია სრული ზომის პიკაპების ბაზარზე, სადაც Silverado-მ და Sierra-მ ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო ჯამური გაყიდვები დააფიქსირეს.

რეიტინგში მეორე ადგილზეა "ტოიოტა" (Toyota) 2.5 მილიონი გაყიდული ერთეულით, საიდანაც ყველაზე პოპულარული მოდელი RAV4 იყო. როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, იაპონური კომპანია "მადლიერია გასულ წელს ტოიოტას მომხმარებლების მზარდი გამოხმაურებისთვის, რაც ხელმისაწვდომობისა და არჩევანის მრავალფეროვნებისადმი, კომპანიის ღრმა ერთგულებას ასახავს".

მესამე ადგილს 2.1 მილიონი გაყიდვით "ფორდი" (Ford) იკავებს. ყველაზე პოპულარული ავტომობილი კი F-სერია იყო. "ფორდის" განცხადებით, მათი ბაზრის წილი წლის განმავლობაში 0.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 13.2%-ს მიაღწია, რაც მომხმარებელთა ფართო წრისთვის "ფორდის” მიზიდულობამ განაპირობა, კომპლექტაციებისა და ძრავების მრავალფეროვანი არჩევანის ხარჯზე".

ყველაზე პოპულარულ საავტომობილო ბრენდებს შორის მეოთხე ადგილზე "ტესლაა" (Tesla). მან 2025 წელს 1.6 მილიონი ავტომობილი გაყიდა, ყველაზე გაყიდვადი მოდელი კი Model Y იყო. ინვესტორებისთვის გაკეთებულ განცხადებაში Tesla-მ აღნიშნა, რომ კომპანიამ 2025 წელს 434 ათასი ავტომობილი აწარმოვა და 14.2 გიგავატ/საათი მოცულობის ენერგიის შემნახველი სისტემები დაამონტაჟა, რაც რეკორდული მაჩვენებელია".

მეხუთე ადგილზე 1.4 მილიონი გაყიდვით "ჰონდა" (Honda) და მისი CR-V არიან. "ჰონდამ" პრესრელიზში განაცხადა, რომ 2025 წელი იყო "მათთვის საუკეთესო, 2021-ის შემდეგ, 0.5%-იანი წლიური ზრდით". კომპანიის თქმით, გაყიდვების ზრდა მიღწეულ იქნა "მიუხედავად ბაზრის პირობების ცვლილებისა და მიკროჩიპების დეფიციტისა, რამაც მე-4 კვარტალში მარაგების შემცირება გამოიწვია".

1.2-მილიონიანი გაყიდვები დააფიქსირა "სტელანტისმა" (Stellantis). მისი ყველაზე გაყიდვადი მანქანა კი Ram-ის სერიის მსუბუქი პიკაპი იყო. როგორც კომპანიამ განაცხადა, კვარტალურმა გაყიდვებმა და ბაზრის წილის ზრდამ აჩვენა, რომ აშშ-ში ბიზნესის გადატვირთვისთვის Stellantis-ი სწორ ნაბიჯებს დგამს.

ასევე საუკეთესო ხუთეულის მიღმა, მე-7 ადგილზე რჩება "ნისანი" (Nissan), 926 ათასი გაყიდვით და ბესტსელერი მოდელით - Nissan Rogue. "ნისანმა" პრესრელიზში აღნიშნა, რომ "კალენდარული წლის განმავლობაში გამორჩეული შედეგები აჩვენეს მისმა Kicks და Pathfinder ყველგანმავლებმა; რომელთა გაყიდვებმაც, თითოეულის ბაზარზე გამოჩენის შემდეგ, რეკორდულ მოცულობას მიაღწია.

"ჰიუნდაიმ" (Hyundai) 2025 წელს აშშ-ში 901 ათასი მანქანა გაყიდა. მათი ყველაზე გაყიდვადი მოდელი Tucson იყო. Hyundai-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ კომპანია ზედიზედ მეხუთე წელია, რეკორდულ საცალო გაყიდვებს აფიქსირებს.

"კია" (Kia) და მისი Sportage ათეულში რჩებიან, გასულ წელს გაყიდული 852 ათასი ავტომობილით. პრესრელიზში "კიამ" აღნიშნა, რომ "საცალო გაყიდვები ზედიზედ მერვე წელია იზრდება.

ბოლო ადგილი "ფოლკსვაგენს" (Volkswagen) უკავია, აშშ-ში თითქმის 330 ათასი გაყიდვით. მათი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი Volkswagen Tiguan იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ათეულში მოხვდა, "ფოლკსვაგენმა" პრესრელიზში განაცხადა, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალის გაყიდვები 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 19.8%-ით შემცირდა. კომპანიის ცნობით, მათ წელი 13%-იანი კლებით დაასრულეს.

შეიძლება ითქვას, რომ 2025 წელი ამერიკულ ავტობაზარზე სტაბილურობისა და "პრაგმატული არჩევანის" წელი იყო. მძღოლებმა უარი თქვეს ექსპერიმენტებზე და არჩევანი ნაცად, საიმედო ბრენდებსა და პრაქტიკულ ქროსოვერებზე შეაჩერეს. 2026 წლისთვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო ავტომწარმოებლებს, კონკურენციის შესანარჩუნებლად, ფასების პოლიტიკის გადახედვა მოუწევთ.

წყარო:https://bm.ge/n

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way