USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა
თარიღი:  1548

იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტი პუტინი დაუნდობლად აძლიერებს თავდასხმებს უდანაშაულო უკრაინელების წინააღმდეგ, გაერთიანებული სამეფო რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს და მის წინააღმდეგ 100 ახალ სანქციას აწესებს, - ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უახლესი სანქციების სამიზნეები მოიცავს რუსეთის სამხედრო მანქანის, ენერგო რესურსების ექსპორტისა და საინფორმაციო ომის მხარდამჭერ ორგანიზაციებს, ასევე ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც დახმარებას უწევენ პუტინის უკრაინაში შეჭრის დაფინანსებას.

„დღევანდელი ზომები სანქციებს უწესებს რუსული სასიკვდილო იარაღის სისტემებს, მათ შორის „ისკანდერის“ რაკეტების მიწოდების ჯაჭვებს. ეს, რუსეთის სამხედრო მანქანის მოშლით, დაიცავს უკრაინელების სიცოცხლეს და ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას. დღევანდელი სანქციები ასევე ეხება კიდევ 14 წევრს სოციალური დიზაინის სააგენტოდან (SDA), რომელიც ახორციელებს კრემლის მიერ დაფინანსებულ საინფორმაციო ოპერაციებს, მიმართულს სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შელახვისკენ უკრაინასა და მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ცნობით, დღევანდელი ქმედება მიმართულია 46 ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციებისგან თავის არიდების მცდელობებს უწყობენ ხელს, ასევე სანქტ-პეტერბურგის სავალუტო ბირჟისა და რუსეთის დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს წინააღმდეგ, რომელიც აზღვევს რუსულ ბანკებს.

„და ბოლოს, გაერთიანებული სამეფო ასევე სანქციებს დაუწესებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 18 გემს, რომლებიც რუსული ნავთობის გადაზიდვას ახორციელებენ, ფლოტის ხელშემწყობებთან ერთად. ახალი სანქციები რუსეთის ეკონომიკის კიდევ უფრო მეტ იზოლირებას მოახდენს და რუსეთის შემოსავლების ნაკადებს შეაფერხებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანა, ასევე თანამშრომლობს პარტნიორებთან ნავთობის ფასის ზედა ზღვრის გამკაცრებაზე.

„გადავხედავთ ნედლი ნავთობის ფასის 60 დოლარიან დონეს, იმ მიზნით, რომ ზედა ზღვრის შემცირება წარმოების ღირებულებასთან მიახლოებით მოხდეს და პუტინს ნავთობის შემოსავლებზე დარტყმით მტკივნეულ ადგილას დავარტყათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის