USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
დიდგორობას გილოცავთ ქართველებო - და იყო ბრძოლა, იყო დიდგორი ძლევაი საკვირველი
თარიღი:  804

"და ადგა დავით,მეფე აფხაზთა,ქართველთა,რანთა,კახთა და სომეხთა მეფისა,და შარვანშა და შაჰანშა,და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა და ბრძანა მეფემ ჩახერგეთ გზები უკან დასახევი. და იყო ბრძოლა,იყო დიდგორი ძლევაი საკვირველი."

დიდგორის ბრძოლას გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. ეს გამარჯვება დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის, ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოა. იმავდროულად, დიდგორი ქართული სამხედრო წარმატებების ნიშანსვეტია.

არ იქნებოდა დიდგორი, რომ არა დავით IV აღმაშენებლის 32-წლიანი მოღვაწეობა. არ დაუდგებოდა საქართველოს "ოქროს ხანა", დიდგორზე ბრწყინვალე გამარჯვება რომ არ მოგვეპოვებინა.

მსოფლიოს ნებისმიერი ერი ამაყობს თავისი სამხედრო წარმატებებით. ხშირად პომპეზურობით აღნიშნავენ გამარჯვების დღეს. ბუნებრივია, ქართველებსაც გვმართებს, მოვუფრთხილდეთ ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას და სათანადო პატივი მივაგოთ სამშობლოსთვის თავდადებულ გმირებს.

1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ვიწროებში მდგარ ქართველ მეომრებს გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ ეს დღე მათი სამშობლოსა და მათი ოჯახებისთვის შეიძლებოდა გადამწყვეტი გამხდარიყო. ერი და ბერი საგანგებოდ ემზადებოდა. სამეფო კარი ჯარს საბრძოლველად ამზადებდა. ეკლესიებში ქართველთა გამარჯვების ლოცვას აღავლენდნენ. სამწუხაროდ, წერილობით წყაროებს არ შემოუნახავთ ცნობები, როგორ ემზადებოდა ქართველობა დიდგორის ბრძოლისთვის, ეს ამბები სამუდამოდ ჩაიკარგა ისტორიის ქარტეხილებში. რამდენ უძილო ღამეს გაატარებდა დავით აღმაშენებელი ბრძოლის საბოლოო გეგმის შემუშავებისას. მტერი საკმაოდ გამოცდილი იყო და ამიტომაც ყოველივე გათვლილ-დაანგარიშებული უნდა ყოფილიყო.

მუსლიმთა კოალიციური ლაშქარი ნელ-ნელა მოიწევდა საქართველოს სიღრმისკენ. მტერი დიდ იმედს ამყარებდა ამ ლაშქრობაზე. ერთხელ და სამუდამოდ "ჭკუა უნდა ესწავლებინათ" ქართველთათვის, რომლებმაც არა მარტო შეავიწროეს თურქ-სელჩუკები, არამედ ამიერკავკასიაში პირველობისთვის დაიწყეს ბრძოლა. 1120-1121 წლები ქართველთათვის მეტად წარმატებული გამოდგა. დავით აღმაშენებელმა რამდენიმე დიდ გამარჯვებას მიაღწია თურქ-სელჩუკებთან ბრძოლაში. 1120 წლის 14 თებერვალს ქართველებმა ბოტორასთან დაამარცხეს თურქები. მალე ქალაქი ყაბალაც აიღეს და შირვანიდან განდევნეს მტერი. იმავე წლის ნოემბერში დავითმა აშორნიასთან სასტიკად დაამარცხა სელჩუკები. ქართველთა ეს წარმატება 1121 წელსაც გაგრძელდა. ამიერკავკასიაში ქართველთა სამხედრო უპირატესობა აშკარა შეიქნა. ამით შეშფოთებულმა განძელ-თბილელ-დმანელმა ვაჭრებმა და ადგილობრივმა მუსლიმმა მმართველებმა სპარსეთის სულთანს სთხოვეს დახმარება საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში. სულთანმა მაჰმუდ მუჰამედის ძემ მთელ მუსლიმანურ სამყაროს მიმართა თხოვნით, დიდი კოალიციური ლაშქარი შეეკრიბათ ქართველთა წინააღმდეგ. სულთნის ამ თხოვნას ბევრი გამოეხმაურა. უმოკლეს ხანში შეიკრიბა 300-400-ათასიანი არმია. მას მაჰმუდ მუჰამედის ძემ სარდლად ნეჯმ ად-დინ ილღაზი დაუყენა. აღმოსავლეთში ილღაზის სახელი იმ დროისთვის დიდების შარავანდედით იყო მოსილი. იგი ფლობდა ბაღდადის, მარდინისა და ალეპოს ციხე-ქალაქებს. ილღაზმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ევროპელ რაინდებთან ბრძოლაში. 1119 წელს მან მდინარე ორონტის ნაპირებთან ე.წ. "სისხლიან ველზე" სასტიკი დამარცხება აგემა ჯვაროსნებს. ამ გამარჯვების გამო ილღაზს "ნეჯმ ად-დინი" - "სარწმუნოების ვასკვლავი" უწოდეს.

ნეჯმ ად-დინ ილღაზთან ერთად ლაშქრობაში მონაწილეობდნენ დუბაის ემირი იბნ-სადაყა, თოღრულ მოჰამედის ძე, თუღან არსლან კუზიანი, განძის ათაბაგი და სხვა მუსლიმი მმართველები.

აგვისტოს დასაწყისში მუსლიმანური კოალიცია საქართველოსკენ დაიძრა. ილღაზი ჯერ არზრუმში მოვიდა. სწორედ აქ უნდა მოეყარათ თავი სხვადასხვა მხრიდან წამოსულ ილღაზის მოლაშქრეებს. თოღრულ მოჰამედის ძე განძის მხრიდან, ხოლო თუღან არსლან კუზიანი დვინის მხრიდან მოემართებოდა. "პაემანი" თრიალეთში იყო დათქმული. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის მიხედვით, მტერი "მოვიდეს თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა, რომელიც თვით ფერხთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა". დავით აღმაშენებელი დიდგორის ვიწროებში ელოდებოდა მტერს, რომელიც იყო "სიმრავლითა ვითარცა ქვიშა ზღვისა". სავსებით სამართლიანად მიუთითებს აკადემიკოსი როინ მეტრეველი, რომ დიდგორის მდებარეობის სტრატეგიულმა მნიშვნელობამ განაპირობა დავით აღმაშენებლის მიერ მისი ბრძოლის ადგილად შერჩევა. დიდგორის ვიწრობები მტერს საშუალებას არ მისცემდა, გაშლილიყო და თავისი რიცხობრივი უპირატესობა გამოეყენებინა.

მაგრამ მუსლიმური კოალიციის დიდგორზე შემოტყუება არც ისე ადვილი იყო. ილღაზს ჰქონდა თბილისამდე მისაღწევი სხვა გზაც. დავითის წინაშე იდგა ერთი ამოცანა, მას სამხედრო ეშმაკობის წყალობით უნდა მოეტყუებინა მტერი და ისე მიეყვანა ის ქართველებისთვის მომგებიან პოზიციებზე, რომ ისინი ვერ მიმხვდარიყვნენ. სხვაგვარად გეგმა ჩაიშლებოდა. მუსლიმ ავტორ ქემალ ად-დინს აქვს ერთი ცნობა, რომელიც ნათელს ფენს ქართველთა სამხედრო ხრიკს. ისტორიკოსი მოგვითხრობს: "მუსლიმანებმა, რომლებმაც თავდაპირველად დაამარცხეს ისინი (ე.ი. ქართველები), მისდიეს მტერს და მოექცნენ მათ ზურგში მთის გადასასვლელზე" (თარგმანი გურამ კუტალიასი). როგორც ვხედავთ, დიდგორი არ ყოფილა ქართველებისა და მუსლიმური კოალიციის დაპირისპირების პირველი პუნქტი. ამ სამხედრო კამპანიის მიხედვით, მათ მანამდეც ჰქონიათ შეტაკება, მაგრამ ქართველები დამარცხებულან. აქ ერთი რამ არის გასარკვევი, ქართველები მართლა დამარცხდნენ თუ სტრატეგიული მიზნების გამო გაითამაშეს დამარცხების სცენა. როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი მოსაზრება უფრო მისაღებია, რადგანაც სწორედ ამ სამხედრო ხრიკის წყალობით დავითმა მტერი საფარში შეიტყუა. ვინც დიდგორზე ყოფილა, დამეთანხმება, ჭკვიანი და გამოცდილი სარდალი აქ ჯარს ნამდვილად არ შემოიყვანდა, მით უმეტეს, თუ აქცენტი მის რიცხობრიობაზეა გადატანილი. ილღაზი საკმაოდ გამოცდილი იყო იმისთვის, რომ სამხედრო სტრატეგიის ეს ელემენტარული დეტალი არ სცოდნოდა. ჩვენი აზრით, ილღაზს ქართველები უკვე "დამარცხებული" ეგონა, როდესაც დიდგორზე მივიდა. სწორედ ამის იმიტაცია შეუქმნა მას დავითმა. ამდენად, საქართველოს საზღვრის გადმოლახვიდან მოყოლებული ილღაზს ეგონა, რომ საკუთარი სამხედრო გეგმის მიხედვით მოქმედებდა, არადა ეს იყო ქართველ მხედართმთავართა მიერ წინასწარ შემუშავებული სტრატეგია.

1121 წლის 12 აგვისტო, გარიჟრაჟი. დიდგორის ველზე ჯერ კიდევ სიწყნარეა, მხოლოდ აბჯრის ჟღარუნი და ცხენების ფრუტუნი ისმის. აქა-იქ მეომრები გადაუძახებენ ერთურთს. დავითმა ჯარის საბრძოლო მზადყოფნა ბრძანა. ხუცესები მეომრებს ლოცავენ. ანტიოქიის სამთავროს კანცლერ გოტიეს ცნობით, ბრძოლის დაწყების წინ დავით აღმაშენებელს მგზნებარე მოწოდებით მიუმართავს თავის მეომრებისთვის: მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ. და ერთს რასმე გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისთვის კარგი იქნება. ჩვენ ყველამ, ხელების ცისკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისთვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკარით და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ.

ბრძოლის წინ დავითმა საგანგებოდ შეარჩია 200 მეომარი. მათ უდიდესი მისია დაეკისრათ. ბრძოლის ბედი ბევრად იყო იმაზე დამოკიდებული, როგორ შეასრულებდნენ ისინი მეფის დავალებას. ამ მეომრებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ სამშობლოს, რწმენისა და მეფის ერთგულებისთვის სიკვდილზე მიდიოდნენ. რაოდენ გულდასაწყვეტია, რომ ამ 200 გმირი ქართველის არც სახელი და არც ოჯახური წარმომავლობა არ ვიცით.

გათენდა. უეცრად ქართველთა ლაშქარს 200 მეომარი გამოეყო და ილღაზის ბანაკისკენ დაიძრა. მორჩილების ნიშნად ხმლები მაღლა ჰქონდათ აწეული. მტერმა იფიქრა, დანებებას აპირებენო და კარგა ღრმად შეუშვეს ბანაკში. უეცრად ქართველებმა იარაღი იშიშვლეს და მოწინააღმდეგეს დაერივნენ. ილღაზის მეომრები დაიბნენ. სანამ გონს მოვიდოდნენ, დავით აღმაშენებელმა შეტევა წამოიწყო და მტერს რამდენიმე მხრიდან შეუტია. ლაშქრის ცენტრს დავითი ედგა სათავეში. ფლანგებზე ყივჩაღთა და დემეტრე უფლისწულის ჯარები იყო განლაგებული. ბრძოლის დაწყებისთანავე დემეტრე უფლისწული დიდგორის ერთ-ერთი მთიდან დაეშვა და ილღაზის არმიას გვერდიდან შეუტია. პირველივე შებრძოლებისას მტრის ბანაკი შეირყა. სარკინოზები არ ელოდნენ ქართველთა ასეთ სწრაფ და ფართომასშტაბიან იერიშს. დავითმა მართლაც გენიალური სამხედრო გეგმა დაუპირისპირა ილღაზს. მტერი 300-400 ათასამდე იყო, ხოლო ქართველთა ლაშქარი 55 600 მოლაშქრისგან შედგებოდა. სარკინოზთა რიცხობრივი უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ ხანგრძლივ ომს ქართველთა ლაშქარი ვერ გაუძლებდა. ამიტომაც, პირველ მასობრივ შეტევას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა. ბრძოლა სამ საათამდე გაგრძელდა. მტერმა ვერ გაუძლო ქართველთა ასეთ იერიშს და უკუიქცა. ბრძოლის ბედი გადაწყვეტილი იყო. ილღაზის არმიას ქართველებმა დიდგორიდან 70 კილომეტრზე სდიეს. ტყვე და ალაფი აუარებელი იყო. მართლაც, დიდგორზე ქართველობამ შეუძლებელი შეძლო. შემთხვევითი არ არის, რომ დავითის ისტორიკოსი დიდგორის გამარჯვებას "ძლევაი საკვირველს" უწოდებს.

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის