USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
დღეს ნაზი შამანაურის დაბადების დღეა - გოგონა, რომლის გაჩუმებაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სასტიკად აწამეს
Date:  1070

ნაზი შამანაური (დ. 5 ივლისი, 1940, ოძისი, დუშეთი — გ. იანვარი, 1983, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი. კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლი.

ბიოგრაფია

ბავშვობის პირველი წლები მამის მშობლიურ სოფელ ოძისში გაატარა. 1944 წელს დედა — სარა ინაშვილი და ნაზი საცხოვრებლად დუშეთში გადავიდნენ. 1958 წელს ნაზიმ დაამთავრა დუშეთის პირველი საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში ფრანგული ენის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ, 1965 წელს, ისევ მშობლიურ რაიონს დაუბრუნდა და პირმისაანთკარის სკოლა-ინტერნატში დაიწყო აღმზრდელად მუშაობა. 1966 წელს ისევ სტუდენტურ ცხოვრებას დაუბრუნდა. ამჯერად თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა, რომელიც 1971 წელს წარჩინებით დაამთავრა. იმავე წელს მუშაობას იწყებს ქალაქ თბილისის ორჯონიკიძის სახელობის სამკერვალო ფაბრიკის რადიოგადაცემათა რედაქციაში, საიდანაც ერთი წლის შემდეგ შტატების შემცირების საბაბით გაათავისუფლეს.

არსებულ რეჟიმთან დაპირისპირება

ამ დროისათვის მისი, როგორც ჟურნალისტის თვალი და გონება სწვდება უამრავ მანკიერ მოვლენას და სხვებისაგან განსხვავებით იწყებს მათ მხილებას. აქვეყნებს წერილებს, სადაც გაბედულად ამბობს იმას, რაც თითოეულის გულში იყო, მაგრამ შიშის გამო ვერ ბედავდნენ თქმას. ბოლო წერილი მან გამოაქვეყნა 1974 წლის 7 ივნისს გაზეთ „სოფლის ცხოვრებაში“. ამის შემდეგ, როგორც რესპუბლიკური, ისე რაიონული გაზეთების რედაქციათა კარები მისთვის გამოიკეტა.

1982 წლის 14 აგვისტოს, ჩარგალში, „ვაჟაობის“ დღესასწაულზე ნაზი შამანაური სიტყვით გამოვიდა და არნახული გაბედულებით ამხილა დუშეთის რაიონის თანამდებობის პირთა თვითნებობა და ბოროტმოქმედებანი, აგრეთვე საქართველოს სავალალო მდგომარეობა, რისთვისაც იგი მაშინვე დააკავეს უშიშროებისა და მილიციის თანამშრომლებმა. დუშეთის უშიშროების განყოფილების გამგემ იქვე წაართვა მას 77-გვერდიანი მხილების ტექსტი. მასთან ერთად დაკავებულ იქნა დედამისიც.

დუშეთის რაიონის სასამართლომ დედა-შვილს იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა თბილისის ასათიანის სახელობის რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ნაზიმ შიმშილობა გამოაცხადა და იშიმშილა 70 დღე. მიუხედავად ამისა მას მაინც აწამებდნენ ინსულინური შოკებითა და ნეიროლეპტიკების ინექციებით, რითაც მძიმედ დააავადეს.

მისი დღიურები დიდხანს იყო გასაიდუმლოებული, თუმცა საბოლოოდ ნაზის ჩანაწერებმა დღის სინათლე იხილა და მითხველმა სრულად დაინახა ის სისასტიკე, რომელიც მაშინდელმა რეჟიმმა განახორციელა.

სწავლის დასრულების შემდეგ, ნაზი შამანაური თბილისიდან დუშეთში დაბრუნდა და იქ გამეფებულ უსამართლობას დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიებით დაუპირისპირდა. მან მოაგროვა ყველანაირი ფოტო თუ დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, რომ დუშეთის რაიონში გაუსაძლისი მდგომარეობა იყო და ადგილობრივებისთვის ელემენტარული პირობების შექმნაზე არავინ ზრუნავდა. ნაზი შამანაურმა ბევრჯერ სცადა თავისი სათქმელი ფართო მსმენელამდე მიეტანა, მაგრამ მისთვის ყველა კარი დაიხურა.

1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში გამართული ვაჟაობის დღესასწაული კი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ნაზიმ სიტყვა ითხოვა, მაგრამ უარი უთხრეს. როგორც იქნა ტრიბუნამდე მიაღწია, მიკროფონს ხელი სტაცა და დაიყვირა:

“ხალხო, გატყუებენ, ლამაზ-ლამაზ ფერებში ხატავენ ცხოვრებას, სინამდვილეში, კოლმეურნეები დაიმონეს, სასაქონლო გეგმის შესრულების მიზნით, მოსახლეობას მეწველი ძროხები წაართვეს, რა გვეზეიმება? ვაჟა რომ წამოახედოთ, სირცხვილით დაიწვება.”

ნაზი შამანაურს დედასთან ერთად თავზე ტომარა ჩამოაცვეს, მილიციის მანქანაში ჩატენეს და თბილისში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დედა-შვილი ერთმანეთს დააშორეს და დაიწყო ჟურნალისტის ხუთთვიანი სასტიკი წამება:

“გამატიტვლეს ყველას თვალწინ. იატაკზე თმით მათრიეს. ხელ-ფეხი შემიკრეს… მუცელში მცემდნენ. თმაზე მექაჩებოდნენ. ცხვირზე ხელს მიჭერდნენ, რომ პირი გამეღო… კანი მეწვოდა, ტუჩები დამილურჯდა, სასა დამისივდა… ლუკმას რომ ვერ მაყლაპებდნენ, ძუძუებზე ფეხს მაჭერდნენ, კისერს საქონელივით მიდრეკდნენ, მუცელში წიხლს მაზელდნენ, ნიკაპში – მუშტს… ლანცეტით მაწამებდნენ… სასამდე მიბჯენილ კოვზს ხახაში ბურღივით მიტრიალებდნენ… ვიხრჩობოდი… იოგები, საყლაპავი მილი დამიზიანდა… კბილები დამემსხვრა… პირსახოცი სისხლიანი იყო…” – წერდა ნაზი შამანაური თავის დღიურებში.

დღიურებს კი იგი ჩუმად წერდა, რათა ფსიქიატრიულის თანამშრომლებს არ წაერთმიათ:

“რატომღაც მეგონა, 17 წლის ასაკში ვიქნებოდი ბედნიერი… შემდეგ – 19 წლის ასაკში… ოცნების ჩიტი ირეალობაში იკეთებდა ბუდეს… 27 წელი… ამის მერე ყველაფერი ერთფეროვანი გახდა. აი, დღეს 27 დეკემბერია… ახალს არაფერს ველი… სიცოცხლე ბროლის ჭიქასავით სულ ნაკუწ-ნაკუწ დამიმსხვრიეს და ფეხქვეშ დამიყარეს… და თუ დღეს სიკვდილზე ვფიქრობ, არა იმიტომ, რომ დავიღალე ბრძოლით, რომ საცაა თითოეული ძარღვიც კი დასკდება, არამედ იმიტომ, რომ აღარავისი მჯერა ამ ქვეყანაზე… ზეინაბ! ნუ აუკრძალავ დეიდას, მომიტანოს ქაღალდი, საწერკალამი… იქნებ ეს ჩემი უკანასკნელი ბარათებია… უნივერსიტეტის თეთრი ტაძრიდან პირდაპირ ტალახში მისროლეს…”

ნაზი შამანაური გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, ფსიქიატრიული საავადმყოფოს პალატაში, მუცლის მწვავე ტკივილებისგან დატანჯული, დაწყლულებული თითებით წერდა უკანასკნელ ბარათს:

“ჩემს დღიურებს მთლიანად აგონიაში ვწერდი… მეტი აღარ შემიძლია. ფიზიკური ჯანმრთელობა შენარჩუნებული მაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიურად, მორალურად გამოვიფიტე. ხეს მოწყვეტილი ფოთოლივით ვქანაობ. სიკვდილს ვნატრობ… ძალები არ გამომლევია. უბრალოდ, რწმენა დავკარგე. რწმენის გარეშე სიცოცხლე კი უკვე სიკვდილია…

1983 წლის 20 იანვარს ნაზი შამანაური საავადმყოფოს პერსონალმა სასიკვდილოდ სცემა, რის შედეგადაც მან მიიღო თავის ქალის ტრავმა და პერიტონიტი. იგი გადაყვანილ იქნა თბილისის მეცხრე კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა. ქირურგმა ოპერატორმა და პათანატომმა დაადასტურეს, რომ იგი ცემით იყო მოკლული, თუმცა ექსპერტიზა დღემდე მალავს ამ ფაქტს. ვ

ნაზის დასაფლავებას 80 კაცამდე თუ ესწრებოდა, უმრავლესობა დედაქალაქიდან ჩასული ახალგაზრდობა იყო. დუშეთის რაიონის მცხოვრებლებმა შიშის გამო ვერ გაბედეს მისვლა.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way