USD 2.7300
EUR 3.1695
RUB 3.4422
თბილისი
დედაქალაქის მთავრობის 2026 წლის პირველი სხდომა გაიმართა
თარიღი:  221

თბილისის მერიაში დედაქალაქის 2026 წლის მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და მასშტაბური პროექტების განხორციელების დროს თბილისის მოსახლეობას მხარდაჭერა სთხოვა.

„დღეს ვმართავთ 2026 წლის მთავრობის პირველ სხდომას, რაც იმას ნიშნავს, რომ დედაქალაქის მთავრობა ინტენსიურად განაგრძობს მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას და რაც მთავარია, მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას ამა თუ იმ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტის შესახებ. ჩვენ უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ 2026 წელი იქნებოდა მასშტაბური და გამორჩეული მსხვილი პროექტების თვალსაზრისით, რაზეც ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელმაც მესამედ გვანდო ამ ქალაქის ბედი და მათ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საქმეში მხარდაჭერა და თანადგომა ვთხოვო. ამის გარეშე მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელება რთული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს ძირეულად ახორციელებს, რაც დროსა და მოთმინებას მოითხოვს.

„როდესაც ვიწყებთ ქუჩების რეაბილიტაციას, გამზირების განახლებას, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ფასადური სამუშაოები. პირველ რიგში, ამორტიზებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ვიწყებთ. მსგავს სამუშაოებს თან მოჰყვება ხმაური, გზების გადაკეტვა. არის შემთხვევები, როცა ბუნებრივი აირის და წყლის შეზღუდვაც ხდება. მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო მოსახლეობას მხარდაჭერა. ყველამ უნდა მოვითმინოთ, რომ სამუშაოები ძალიან სწრაფად და ხარისხიანად ჩატარდეს. ეს ჩვენი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობებს უკეთესი თბილისი დავუტოვოთ, უფრო გამწვანებული, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ახალი პარკებით, რეკრეაციული არეალებით და ა.შ.“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წელსაც არაერთი მსგავსი პროგრამა დაფინანსდება.

„რა თქმა უნდა, მიმდინარე წელსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროექტებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა წინ მიდის, ეკონომიკურად ვითარდება, ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. რა თქმა უნდა, როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალიტეტი, წელსაც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ასეთ ოჯახებს გვერდით დავუდგეთ და არ დავტოვოთ პრობლემების პირისპირ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აქვე აღნიშნა, რომ 2026 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელიც 34 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა.

მისი თქმით, საახალწლო ღონისძიებები წელს საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო.

„ვიმედოვნებ, რომ „საახალწლო სოფელში“ გამართულმა აქტივობებმა სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა როგორც დედაქალაქის მცხოვრებლებზე, ისე ქალაქის სტუმრებზე. მინდა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო მერიის თითოეულ თანამშრომელს, ყველა სამსახურს, რომელიც ჩართული იყო აღნიშნული ღონისძიებების მოწყობაში, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღესასწაულის შექმნაში შეიტანა წვლილი. მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მის თითოეულ თანამშრომელს, რადგან მთელი ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება იყო მიმართული „საახალწლო სოფლისკენ“, რათა შენარჩუნებული ყოფილიყო სიმშვიდე და თავიდან აგვეცილებინა ექსცესები. განსაკუთრებული მადლობა ასევე ეკუთვნით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც შესაბამის სამსახურებთან ერთად, ჩართულები იყვნენ „საახალწლო სოფლის“ ღონისძიებების ორგანიზებაში. მადლობას აუცილებლად იმსახურებენ მეწარმეები, რომელთა გარეშეც საახალწლო ბაზარი წარმოუდგენელია. მადლობა მინდა, გადავუხადო არტისტებს, მსახიობებს, ბენდებს, ყველა ქართველ შემსრულებელს და შემოქმედებით ჯგუფს წარმატებული თანამშრომლობისთვის. ჩვენ მომავალ წლებშიც აუცილებლად შევუქმნით საახალწლო, ჯადოსნურ განწყობას თბილისელებსა და ჩვენი ულამაზესი ქალაქის სტუმრებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში მშვიდობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც მმართველი გუნდი ახორციელებს, უპირველესად, სწორედ მშვიდობის შენარჩუნებისკენაა მიმართული.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო სრულიად საქართველოს შობა-ახალი წელი და პირველ რიგში, მშვიდობა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ვხედავთ, რა პროცესები მიდის მსოფლიოში, ამიტომ მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანია და ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, მიმართულია იმისკენ, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე ქვეყანაში. მინდა, ასევე, ჯანმრთელობა ვუსურვო ყველას, რადგან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის. სიკეთე, სიხარული, სიყვარული, ბედნიერება იყოს 2026 წლის მთავარი ღირებულებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის