USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
დედაქალაქის ბიუჯეტს, დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების რესტავრაციის პროექტი 27 მლნ ლარი დაუჯდა
Date:  1039

დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაასრულეს.

კეთილმოწყობილი სივრცე დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად საზეიმოდ გახსნა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ბოლო წლებში რადიკალურად შეიცვალა ვითარება გამწვანების კუთხით და ეს ყველაფერი მომავალი თაობისთვის კეთდება.

„მინდა, პირველ რიგში, ახალგაზრდებს მოგესალმოთ და გითხრათ, რომ ძალიან მიხარიხართ. რაც კეთდება ამ ქალაქში, ეს იქნება ინფრასტრუქტურული მიმართულება, სატრანსპორტო მიმართულება თუ გარემოსდაცვითი პროექტები - ეს ყველაფერი კეთდება თქვენთვის - ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის.

ნამდვილად მეამაყება, რომ დღევანდელი თბილისი გაცილებით მწვანეა, გაცილებით მოწესრიგებულია, ვიდრე ეს 2017 წელს იყო, როდესაც ოფიციალურად ჩავიბარეთ და შევუდექით ჩვენი უფლებამოსილების განხორციელებას.

არ შემიძლია, არ ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა არ გადავუხადო თითოეულ ჩემს თანამშრომელს, რომელიც, მართლაც, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული, ჩვენს ქალაქში იყოს გამართული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული არეალები, იმისთვის, რომ თქვენ, ახალგაზრდებმა, ყველა თაობის ადამიანმა შეძლოთ დასვენება და განტვირთვა. რა თქმა უნდა, ასევე დიდი მადლობა მინდა გითხრათ პირადად თქვენ, რადგან თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც ჩვენ გვაძლევს სტიმულს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ თბილისი იყოს ისეთივე, როგორიც ევროპის განვითარებული ქალაქებია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსგავსი მასშტაბური პროექტები დედაქალაქში მომდევნო წლებშიც განხორციელდება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გაკეთებულით არ ვკმაყოფილდებით, მაგრამ მე, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, ნამდვილად მეამაყება ის, რაც გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. მსიამოვნებს ის, რომ შემოდის საპარკო კულტურა. ყველა სკვერი, ყველა პარკი სავსეა ადამიანებით.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაში, რომ კიდევ მეტი რეკრეაციული სივრცე შევქმნათ, კიდევ მეტი პარკის რეაბილიტაცია განვახორციელოთ, ახალი პარკების მშენებლობა დავგეგმოთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი ევროპაში იყოს ყველაზე მწვანე, ყველაზე მოწესრიგებული. ქალაქი, სადაც არასდროს დავუშვებთ, რომ რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე განხორციელდეს მშენებლობები. ჩვენ ყველა ერთად შევთანხმდით, რომ ეს ყველაფერი უნდა ჩავაბაროთ წარსულს. პირიქით - ჩვენ გვჭირდება ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება, მეტი რეკრეაციული სივრცე, მეტი სიმწვანე იმისთვის, რომ ჯანსაღად ვიცხოვროთ, ჯანსაღად იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

პროექტის ფარგლებში ორივე ხიდს ჩაუტარდა რეაბილიტაცია-რესტავრაცია; აშენდა დედაენის და 9 აპრილის ბაღების დამაკავშირებელი საფეხმავლო გვირაბი; ორივე ბაღში ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები და შეიცვალა ინვენტარი; მოწესრიგდა როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციები; მოეწყო გარე განათების ქსელი; კეთილმოეწყო საფეხმავლო სივრცე; მშრალი ხიდიდან სანაპიროზე ჩასასვლელ ორივე პანდუსზე მოეწყო გზის ახალი საფარი, ხოლო ერთ-ერთზე გზის დამჭერი კედელი; დამონტაჟდა ხიდების მხატვრული მინათება; დედაენის ბაღში მოეწყო სკეიტპარკი, სავარჯიშო სივრცე, შადრევანი, საბავშვო მოედანი და ძაღლების სასეირნო სივრცე; მხატვრებისა და ხელნაკეთი ნივთებით მოვაჭრეთათვის მოეწყო სავაჭრო სივრცეები.

მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, დედაენის და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 27 მლნ ლარამდე შეადგინა.

tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way