USD 2.7117
EUR 3.1231
RUB 3.3487
Тбилиси
«Süddeutsche Zeitung»: „კავკასიის პატარა მხარე, რომელიც მფარველ რუსეთს თავნებობით აღიზიანებს /აფხაზეთი - საქართველოს ნაწილი, რომელსაც თბილისი ვერ აკონტროლებს“
дата:  817

გერმანული „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ (Süddeutsche Zeitung – „სამხრეთგერმანული გაზეთი“ - ბავარიის მთავარი ბეჭდვითი გამოცემა, რედაქცია მიუნხენში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „კავკასიის პატარა მხარე, რომელიც მფარველ რუსეთს თავნებობით აღიზიანებს // აფხაზეთი - საქართველოს ნაწილი, რომელსაც თბილისი ვერ აკონტროლებს“ (ავტორი - ფრენკ ნინჰეისენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოს სეპარატისტული რეგიონის - აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმში, ანტისამთავრობო გამოსვლები თითქმის დასრულდა: გადადგა პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რომელმაც მოსკოვთან ისეთი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციურად განწყობილ აფხაზებს არ მოეწონათ. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ პატარა და უღონო აფხაზეთი დიდ და ძლიერ რუსეთს თავის ნებაზე ათამაშებს.

აფხაზეთის ბრწყინვალება და სიღატაკე

აფხაზეთის მოსახლეობა მხოლოდ 250 ათასს მცხოვრებს წარმოადგენს, მდებარეობს შავი ზღვის ნაპირზე და საერთაშორისო სამართლის თანახმად, საქართველოს შემადგენლობაში განიხილება. თუმცა, ფაქტია, რომ თბილისი უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია, რომ რეგიონს ვერ აკონტროლებს. აფხაზეთს საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში ტურისტული მხარის სახელი ჰქონდა გავარდნილი, იქ იყო საბჭოთა ლიდერების დასასვენებელი რეზიდენციები... საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იანი წლებიდან სოხუმს რუსეთი მფარველობდა, ხოლო 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მთლიანად დაკარგა კონტროლი აფხაზეთის მიმართ, რომლის „დამოუკიდებლობა“, რუსეთის გარდა, მსოფლიოს მხოლოდ ოთხმა სახელმწიფომ აღიარა.

აფხაზეთი თითქოსდა დამოუკიდებელია, მაგრამ, როგორც იტყვიან ხოლმე, რუსეთს ხელებში შეჰყურებს და მოსკოვის ნაწყალობევით იკვებება - თვითმარქვია რესპუბლიკა სამხედრო-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, მთალიანად  რუსეთის კმაყოფაზე იმყოფება: აფახები რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ, ადგილობრივი ჩინოვნიკები ხელფასს კრემლის მიერ გადარიცხული ფულით იღებენ (რუსული რუბლებით), რუსეთია პასუხისმგებელი და გარანტორი აფხაზეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფაზე, აფხაზთა უსაფრთხოებაზე (სამხედრო ბაზის სახით)... და ამ დროს, როცა აფხაზეთს რუსეთის გარეშე არსებობა არ შეუძლია, აფხაზები წინააღმდეგნი არიან რუსეთთან დადებული ხელშეკრულების რატიფიკაციისა... რომელიც ყელში ძვალივით აქვთ გაჩხერილი.

საქმე შემდეგშია: ოქტომბერში აფხაზეთის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოსკოვში ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, აფხაზეთში ჩადებული რუსული ინვესტიციები ძალიან მომგებიანი იქნება. ინვესტორები საბაჟო მოსაკრებლებისაგან და გადასახადებისაგან 8 წლის განმავლობაში გათავისუფლებულები იქნებიან. მათ უპირატესობა მიეცემათ ენერგიით უზრუნველუყოფაშიც. ერთი შეხედვით, თითქოსდა ყველაფერი წაღმა მიდიოდა, მაგრამ, როგორც კი პარლამენტში დოკუმენტის რატიფიკაციის პროცესი დაიწყო, მოვლენები უკუღმა დატრიალდა...

ბევრი აფხაზი მოსკოვში ხელმოწერილ დოკუმენტში საფრთხეს ხედავს - მათი აზრით, ადგილობრივი აფხაზი ბიზნესმენები რუს კოლეგებთან კონკურენციას ვერ გაუძლებენ, მამა-პაპური მიწები გაიყიდება და, საერთოდ, ცხოვრება გაძვირდება. მოკლე, ოპოზიციის მოწოდებებიტ გულმოცემულმა აფხაზები პარლამენტში შეცვივდნენ და მოღალატე“ ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. სიტუაცია იმდენად გამძაფრდა, რომ მოსკოვმა რუს ტურისტებს აფხაზეთში ჩასვლისაგან თავშეკავებისაკენ მოუწოდა.

რომანტიკა: პალმები, ზღვა და სუბტროპიკები...

აფხაზეთი ღარიბი რეგიონია, თუმცა მას საოცარი ბუნებრივი მთიანი ლანდშაფტი აქვს, კლიმატი სუბტროპიკულია, რაც ტურიზმის განვითარების შესაძლებლობას იძლევა. მას შემდეგ, რაც აფხაზეთი დაკარგა, საქართველო ალტერნატიულ ტურისტულ რეგიონს - აჭარას ავითარებს. თუ საბჭოთა სისტემის დროს სოხუმი იყო ქართული ტურიზმის ცენტრი, ახლა ბათუმი გახდა - საქართველომ აჭარის ადგილობრივი ინფრასტრუქტურა მიმზიდველ კურორტად გადააქცია. თუმცა საქართველოს გზებზე ძველებურად დგას მაჩვენებლები - „სოხუმამდე ...  კილომეტრია“, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თბილისი ტერიტორიას არ თმობს - იმ შემთხვევაშიც კი, როცა მას ვერ აკონტროლებს.

უკრაინასთან ომის შედეგად სოხუმი რუსი ტურისტებისათვის უფრო სასურველი გახდა - უვიზო მიმოსვლით და იაფფფასიანი დასვენებით. ზოგიერთი მონაცემების მიხედვით, რუსეთში რუსი მოქალაქეებისათვის აფხაზეთი საკმაოდ ფართო პოპულარობით სარგებლობს და რეიტინგით, თურქეთის შემდეგ, მეორე ადგილი უკავია. რუსეთში აფხაზეთი ცალკე საკურორტო ქვეყნად განიხილება: 2024 წლის დასასრულისათვის, როგორც მოსალოდნელია, აფხაზეთში ორგანიზებული რუსი დამსვენებლების რაოდენობა 1,7 მილიონს გადააჭარბებს.

აფხაზური გადადგომები: ტრადიციული სპეციფიკა

ტურიზმით მიღებული შემოსავლები და კრემლის მიერ გადარიცხული დოტაციები რიგითი აფხაზებისათვის უხილავია და ადგილობრივი ელიტის ჯიბეში ილექება. ბევრი აფხაზი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, რითაც ოპოზიცია სარგებლობს და ხელს მთავრობისა და პრეზიდენტისაკენ იშვერს. საერთოდ, აფხაზეთში ადგილბრივი ხელისუფლების გადადგომათა პროცედურა საკმაოდ სპეციფიკურია: გამოსვლები, გადადგომა, ისევ გამოსვლები, ისევ გადადგომა... იცვლება მხოლოდ გვარები -  ბაღაფში,  ანქვაბი, ხაჯიმბა, ბჟანია... აფხაზეთში ძველი პატრიარქალური ტრადიციებია შენარჩუნებული, აფხაზებს უძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვა არ სურთ. ეს ეხება მიწის ნაკვეთებსაც. სწორედ ამიტომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აფხაზეთში ჯერ ფარული უკმაყოფილება დაიწყო, შემდეგ პროტესტებმა ქუჩებიც მოიცვა. რა თქმა უნდა, რუსეთი გაღიზიანდა... და აფხაზეთს  მიწოდებულ ელექტრონერგიაზე ფასების ზრდით  დაემუქრა, შეამცირა ფინანსური დახმარებების მოცულობაც.

საბოლოოდ, რუსეთთან ინვესტიციების შესახებ დადებული ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი შეწყდა - დოკუმენტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ უკან იქნა გაწვეული, პრეზიდენტი ასლან ბჟანია კი გადადგა.

რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა

რუსეთმა კარგად იცის, რომ აფხაზეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას რუსეთთან კავშირების გაწყვეტა არ სურს. ხელშეკრულების უარყოფა რუსეთის მფარველობის უარყოფას არ ნიშნავს. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც პრორუსულები არიან. მათ არ შეუძლიათ კრემლის უარყოფა. რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში აფხაზეთისათვის ფავორიტი იქნება. ამჟამად კრემლი აფხაზეთში [ოჩამჩირეში] სამხედრო-საზღვაო ბაზას აშენებს - ეს გამოწვეულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე და მათ ნავსადგურებზე ყირიმში (სამხედრო-საზღვაო ბაზებზე) უკრაინელების თავდასხმების გახშირება.

აფხაზეთში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობის ხელშეკრულება თავის დროზე აწ უკვე გადამდგარმა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გააფორმა მოსკოვში. სამწუხაროდ, მისი მემკვიდრე ამ მხრივ ვერაფერს ვერ შეცვლის.

წყარო: https://www.sueddeutsche.de/politik/abchasien-georgien-russland-schwarzes-meer-kommen-lux.9vqb7tgGHHADhu62KU81B6

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати