USD 2.6967
EUR 3.1503
RUB 3.4241
თბილისი
დავით ზარდიაშვილი - პანდემიურ ომში საბოლოოდ აუცილებლად კაცობრიობა გაიმარჯვებს
თარიღი:  1802

მსოფლიოში ომი მძვინვარებს. ეს არ არის ომი სახელმწიფოთა ან მათ კოალიციებს შორის. ესაა პანდემიური ომი კაცობრიობისა ვერაგი, ძალიან საშიში და დაუნდობელი მტრის - კორონავირუსის წინააღმდეგ. - წერს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში.

"ცხადია, არასწორია წარმოდგენა, რომ საფრთხე გაზვიადებულია, რის მტკიცებულებადაც ზოგს გრიპის სტატისტიკა მოჰყავს მსოფლიოში. მართლაც, ამ ბოლო წლებში, ყველაზე საშიში - ღორის გრიპით (H1N1) მთელს მსოფლიოში, დაწყებული 2009 წლიდან დაავადდა 1 632 000 და გარდაიცვალა 284 000 ადამიანი. სიკვდილიანობის პროცენტი გაცილებით მაღალია, ვიდრე კორონავირუსის შემთხვევაში. მაშ რატომაა ეს ახალი ვირუსი უფრო საშიში? მიზეზი რამდენიმეა:

1. ეს ვირუსი გაცილებით უფრო აგრესიულად უტევს მთელს მსოფლიოს, განსაკუთრებით მსოფლიო ცივილიზაციის მთავარ ციტადელს - ევროპას; სადაც მისი გავრცელების სიხშირე და სიჩქარე, ღორის გრიპისას უკვე აღემატება;

2. მედიცინამ კარგად არ იცის ამ ახალი ვირუსის ბუნება - როგორ მოიქცევა იგი ხვალ, ჯერჯერობით უცნობია. ზოგიერთი პროგნოზით (ღმერთმა ახდენისგან დაგვიფაროს) ხანგრძლივ პერიოდში (რამდენიმე წლის განმავლობაში) ეს აგრესიული ვირუსი მთელი მოსახლეობის დაახლოებით 70%-ის ოკუპირებას მოახდენს, რაც შეუდარებლად უფრო კატასტროფული მასშტაბია, ვიდრე იგივე ღორის გრიპისას გვქონდა.

3. ეფექტური საშუალება (ვაქცინა ან სხვა რაიმე წამალი) ჯერჯერობით არ არსებობს; კაცობრიობას ჯერ არა აქვს რაიმე იარაღი, რათა ამ აგრესიულ ოკუპანტს იქით შეუტიოს და დაამარცხოს; ამიტომაც ბრძოლის ერთადერთი საშუალება - ტოტალური თავდაცვაა: ფაქტიურად „საალყო წესები“ - ე.ი. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, სოციალური დისტანციის მკაცრი დაცვა, კარანტინი და იზოლაცია, საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვა, სპორტული შეჯიბრებებისა და სხვა მასობრივი სანახაობების გაუქმება და ა.შ.

4. ბუნებრივია, ეს „საალყო წესები“ არსებითად ცვლის მთლიანად კაცობრიობის ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სოციალურ სტრუქტურებსა და სისტემებს; ჯერჯერობით ისიც არ ვიცით, საშუალო ან ხანგრძლივადიან პერსპექტივაში როგორი იქნება ამ ცვლილებათა შედეგები.

ასე რომ, მსოფლიო პანდემიური ომი უკვე მოცემულობაა და ამ ომში, გვინდა ეს თუ არა, ყველანი რიგითი ჯარისკაცები ვართ.

თუკი რამ დადებითი ახლავს ამ ომს, ეს ყველა კეთილი ნების ადამიანის კონსოლიდაციაა! როგორც ჩანს, კაცობრიობას სჭირდებოდა ერთი მძლავრი შემოლაწუნება, რომ სიკეთისაკენ შემობრუნებულიყო და ბოლო წლების აბსოლუტურად დესტრუქციული დღის წესრიგისთვის ზურგი ექცია. მსოფლიო წესრიგი, რაც ბოლო ათწლეულში ე.წ. ჰიბრიდული ომებით ინტენსიურად ინგრეოდა, ამ პანდემიურმა ომმა გარკვეულწილად, მართალია, ჯერჯერობით-როგორც საგანგებო რეჟიმი ფაქტიურად ყველა წამყვან ქვეყანაში, აღადგინა. აქ ისიც ნიშანდობლივია, რომ ნეო-ლიბერალიზმის ძლევამოსილ წინსვლას მთელს მსოფლიოში, რაც „ცივი ომის“ დასრულების შემდგომ განვითარების უალტერნატივო ვექტორს წარმოადგენდა, საბოლოოდ დაესვა დიდი წერტილი!

რასაკვირველია, პოლიტიკური დღის წესრიგი ამ პანდემიურმა ომმა არსებითად შეცვალა ჩვენს ქვეყანაში: დესტრუქციული, აგრესიული ტალღა, რაც უტევდა სახელმწიფოს, საბოლოოდ უკუგდებულია და ის ძალები, ვინც ამ ტალღის იმედად იყვნენ, წელში გადატეხილები!

ცხადია, ამ პანდემიურ ომში საბოლოოდ აუცილებლად კაცობრიობა გაიმარჯვებს! ეს უეჭველია. მაგრამ სანამ ეს მოხდება, მოგვიწევს „საალყო წესებით“ ცხოვრება და საგანგებო მდგომარეობასთან შეგუება.

ჯერჯერობით ქართველები ამას ძალიან კარგად, სხვებზე უკეთაც ვახერხებთ და ბოლომდე, ვერაგი მტრის საბოლოო განადგურებამდე, სწორედ ასე უნდა გავაგრძელოთ.

ჩვენი საქმე სამართლიანია და ამჯერადაც ჩვენ გავიმარჯვებთ: ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!"

ეკონომიკა
BMG: 2025 წლის 11 თვეში ირანთან ვაჭრობა $262.7 მილიონამდე შემცირდა - რას ვყიდით/ვყიდულობთ?

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანთან ბიზნესურთიერთობას აწარმოებს, აშშ-სთან ვაჭრობისას 25%-იან ტარიფს გადაიხდის. ტრამპის თქმით, გადაწყვეტილება „საბოლოო და შეუცვლელია“, ხოლო ტარიფები უკვე ამოქმედდა.

ტრამპმა განცხადება სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გაავრცელა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებს შეეხება ახალი ტარიფები ან რას გულისხმობს „ირანთან ბიზნესის წარმოება“. მისივე თქმით, ზომა უკავშირდება ირანში შექმნილ ვითარებას, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი მიმდინარეობს.

bm.ge გთავაზობთ საქართველოსა და ირანის ვაჭრობის 11 თვის მონაცემებს.

2025 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ირანთან სავაჭრო ბრუნვა $262.7 მილიონია. წლიურ ჭრილში ამ სახელმწიფოსთან ექსპორტ-იმპორტი 11.6%-ით შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველო-ირანის სავაჭრო სალდო უარყოფითია და ვაჭრობაში დიდ ძირითად ნაწილს იმპორტი იკავებს, ანუ საქართველო იმაზე მეტ საქონელს ყიდულობს ირანში, ვიდრე ყიდის.

2025 წლის 11 თვეში ექსპორტის მაჩვენებელი თითქმის 2024 წლის ანალოგიური პერიოდის ანალოგიური იყო და $32.8 მილიონს შეადგენდა. ირანში გადაზიდული საქონლის რეიტინგი კი ასეთია:

TOP-5 საექსპორტო სასაქონლო ჯგუფი

  1. ხე-ტყის მასალა -7.6 მლნ აშშ დოლარი;
  2. მანგანუმის ოქსიდი - 4.9 მლნ აშშ დოლარი;
  3. სიმინდი - 4.5 მლნ აშშ დოლარი;
  4. მსუბუქი ავტომობილები - 2.4 მლნ აშშ დოლარი;
  5. ხორბალი - 2.05 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, იმპორტი გასული წლის 11 თვეში 13.1%-ით $229.8 მლნ-მდე შემცირდა. ირანიდან შეძენილი საქონლის რეიტინგი ასეთია:

TOP-5 იმპორტირებული სასაქონლო ჯგუფი

  1. მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი - 23.9 მლნ აშშ დოლარი;
  2. პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 18.1 მლნ აშშ დოლარი;
  3. რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის დამატებით - 14.9 მლნ აშშ დოლარი;
  4. ნახშირბადიანი ფოლადის კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები - 13.3 მლნ აშშ დოლარი;
  5. წნელები ცხლად ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან თავისუფლად დახვეულ ბუხტებად - 13.1 მლნ აშშ დოლარი.

 

ირანთან სავაჭრო ბრუნვამ ისტორიულ მაქსიმუმს 2024 წელს მიაღწია და $322 მლნ შეადგინა, რაც წლის ჭრილში 18.8%-იან ზრდას წარმოადგენდა. ირანთან ვაჭრობა ძირითადად იმპორტზე მოდის. 2024 წელს საქართველო-ირანის სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი $36.9 მლნ იყო, ხოლო იმპორტი $285.1 მლნ.

წყარო:https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის