USD 2.6910
EUR 2.8756
RUB 2.9082
თბილისი
დავით ზარდიაშვილი - „მსოფლიო მთავრობა“ ვერ შედგება და კაცობრიობის ისტორია გაგრძელდება /სტატია ციკლიდან - მსოფლიო კორონავირუსის შემდეგ/
თარიღი:  1728

პროექტიმსოფლიო კორონავირუსის შემდეგ“ - წარმოადგენს  საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოთბილისი პოსტისმცდელობას შეიქმნას სტატიების და ინტერვიუების ციკლი, სადაც თავმოყრილი იქნება პოსტკორონასეულ ეპოქაში მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური მოწყობის, ეკონომიკის განვითარების, ახალი სოციალური ურთიერთობების, გარემოს დაცვის და სხვა საზოგადოებისთვის საინტერესო თემების ირგვლივ საჯარო პირების, პოლიტოლოგების, ჟურნალისტების, მეცნიერების, ექსპერტების, პოლიტიკოსების, ფუტუროლოგების და უბრალოდ დაინტერესებული ადამიანების ხედვები, პროგნოზები და შეხედულებები.

ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს და ვთავაზობთ ყველა დაინტერესებულ ადამიანს, გაგვიზიაროს საკუთარი შეხედულებები. ასევე ხდება კითხვარის გაგზავნა შერჩეული რესპოდენტებისთვისაც

 

დავით ზარდიაშვილი - „მსოფლიო მთავრობა“ ვერ შედგება და კაცობრიობის ისტორია გაგრძელდება

პროექტის კითხვებს პასუხობს ანალიტიკოსი და ექსპერტი მუნიციპალურ სამართალში ბ-ნ დავით ზარდიაშვილი

სანამ პოსტკორონასეულ პერიოდზე გადავიდოდეთ, საინტერესოა მიუხედავად ბოლო ათწლეულის მანძილზე მიღწეული დიდი პროგრესისა მეცნიერების სხვადასხვა სფეროებში, მსოფლიო მაინც ძალზე მოუმზადებელი შეხვდა პანდემიას. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთივე მოუმზადებელია მსოფლიო სხვა  ნებისმიერი სახის ბუნებრივი თუ ხელოვნური კატაკლიზმის წინაშე. საინტერესოა თქვენი აზრი ამ საკითხზე - რატომ არის მსოფლიო ასეთი არამობილური და არაეფექტური სხვადასხვა გამოწვევების წინაშე?

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში გაბატონდა ე.წ. ტექნოლოგიური ცივილიზაცია, ეს პანდემია აჩვენებს, რომ კაცობრიობას განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე შესაბამისი გამოწვევები ელის. თუ საუბარია ვირუსულ ან ბაქეტრიოლოგიურ პანდემიებზე ადრე, სასოფლო-სამეურნეო ცივილიზაციის ბატონობის პირობებში - სასიკვდილო, ეგზისტენციური საფრთხე იყო „შავი ჭირი“, ინდუსტრიალიზმისას - გრიპი „ისპანკა“, ახლა - ახალი კორონა ვირუსი. „შავი ჭირის“ ეპიდემია დღევანდელ ტექნოლოგიურ ეპოქაში აღარ გავრცელდება, მის კერას აღმოცენებისთანავე ჩაახშობენ, რადგან ამ სენს კაცობრიობა უკვე კარგად იცნობს და მასთან ბრძოლაც შეუძლია; ასევე, არც გრიპია იმდენად საშიში (მაგ. ე.წ. ღორის გრიპი „ისპანკაზე“ ბიოლოგიურად უფრო მეტი საფრთხეა, თუმცა მას ეგზისტენციურ საშიშროებად არავინ განიხილავს), მაგრამ ეს ახალი და უცნობი ვირუსი, ვინაიდან მასზე ჯანადცვის სისტემებს სათანადო რეაგირება ჯერჯერობით არ ძალუძთ - სწორედაც გლობალური და ტოტალური საფრთხეა. როგორც ჩანს, ყოველ განსაცდელს თავისი ეპოქა აქვს და შესაბამის პერიოდში მოევლინება ხოლმე კაცობრიობას. ამას თუნდა ის ფაქტი ადასტურებს, რომ დღევანდელი პანდემია უტევს ყველაზე განვითარებულ, მოწინავე ქვეყნებს ანუ მათ, რომელთა ჯანდაცვის და ზოგადად, სახელმწიფო სისტემებსაც საფრთხის ყველაზე ადექვატური აღქმა და ყველაზე ეფექტური რეაგირება შეუძლიათ. იმ განვითარებად ქვეყნებში, სადაც პანდემიის გავრცელება მათი ჯანდაცვის სისტემების „მიღმაა“, უფრო მეტ საფრთხედ განიხილება სხვა ინფექციური ეპიდემიები (მაგ. მალარიამ, რაც განვითარებად ქვეყნებშია გავრცელებული შეიწირა თითქმის 3--ჯერ მეტი ადამიანი (300 000-მდე) წელს, ვიდრე კორონა-ვირუსმა, ხოლო მსოფლიოში სხვადასხვა ინფექციებით ამჯამად 1 იანვრიდან უკვე დაღუპულია 3, 5 მლნ ადამიანი, ანუ დღევანდელი კორონა-ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვის 3%-ზე ნაკლები) ანდა ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში ისეთი ექსტრემალური სოციალური გარემოებები, როგორიცაა მაგ. სასმელი წყლის კატასტროფული დეფიციტი ანდა შიმშილი. მოკლედ - ტექნოლოგიური საზოგადოება, რომელიც თითქოსდა დაცულია სხვა ეპოქების (ე.ი. სასოფლო სამეურნეო და ინსდუსტრიული ეპოქების ცივილიზაციების) საფრთხეებისგან, უკვე გამომუშავებული აქვს მათ მიმართ „იმუნიტეტი“, ახალ გამოწვევას აღიქვამს ეგზისტენციურ საფრთხედ და მასთან ბრძოლით გამოიმუშავებს ამ იმუნიტეტს.  სხვა ეპოქებში კორონა-პანდემია არ იქნებოდა „ეგზისტენციურ საფრთხედ“ აღქმული, რადგან დღის წესრიგში სხვა, გაცილებით უფრო მომაკვდინებელი საფრთხეები იყო.

არის კიდევ ერთი არსებითი გარემოება - პანდემიების დღვანდელი, გაცილებით ფართო გეოგრაფია და  მასშტაბურობა, რაც დღეს გამოწვეულია გლობალიზაციით, მულიკულტურიზმით, ლიბერალური დემოკრატიის უნივერსალიზმით, რასაც მოაქვს ტრადიციული კულტურების „იმუნური სისუსტე“, ტაბუების რღვევა (მაგ, ის, რომ ღამურა ტაბუირებულია ბევრ ტრადიციულ კულტურაში, წყევლად აღიქმება და ადამიანს არათუ მის ჭამა, არამედ ნებიმიერი კონტაქტი ამ ცხოველთან აკრძალული აქვს, ლიბერალურ უნივერსალიზმში მხოლოდ ეგზოტიკაა), საზღვრების პირობითობა, არნახული მობილობა, ე.წ. ჰიბრიდული ომები, სადაც იშლება ზღვარი ომსა და მშვიდობას შორის და სხვ. და სხვ.

ამიტომ, ეს უახლესი პანდემია ალბათ, ბოლო არ იქნება და შესაძლოა, მსგავსი კვლავაც განმეორდეს. თუმცა, გლობალური და ტოტალური კრიზისი, რამაც ამ პანდემიამ შექმნა, იქნება მთლიანად კაცობრიობისა და თითოეული ერისთვის გამოცდილება და ერთგვარი იმუნიტეტი, რომ მომავალში უკეთ დაიცვას თავი.

 თქვენი დაკვირვებით, პანდემიის  პირობებში რამდენად ადეკვატურია ჩვენი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა?

ჩემი აზრით, ამ კრიზისში რაიმე ეკონომიკურ პოლიტიკაზე, გარდა ე.წ. კორონო-ეკონომიკისა, საუბარი ნაადრევია. ყველა ზომა, რაც განხორციელდა არსებული რესურსებით, ტოტალურად თავდაცვითია. ასეთი თავდაცვის მიზანი გასაგებია - გადარჩეს ის, რისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. ეკონომიკა, განსაკუთრებით - ე.წ. ტურიზმის ინდუსტრია, იმდენად მძიმე დარტყმას მიიღებს, რომ მის რეანიმაციას შეუსაბამოდ დიდი რესურსი დასჭირდება; გატარებული ზომები მცირე ხნით შეაჩერებს კოლაფსს, მაგრამ, ვინაიდან ნაკლებ სავარაუდოა, რომ ტურისტული ნაკადი წელს საერთოდ იქნება, ეს სექტორი ხანგრძლივადიანი რემისიისთვის და რესტრუქტურიზაციისთვის უნდა მოემზადოს. ცხადია, მოსახლეობის სოციალური დაცვისთვის გატარებული ზომები (კომუნალური გადასახადების გაუქმება ზღვარს ქვემოთ მოცულობით მომხმარებლებისთვის) გარკვეული შეღავათია, მაგრამ არსებითად კიდევ უფრო დამძიმებულ მდგომარეობას ვერ შეცვლის. 2 მილიარდი ლარის გამოყოფა მოსახლეობისა და ეკონომიკის დახმარებისთვის ასევე დარტმას შეარბილებს, მაგრამ გადამწყვეტი ვერ იქნება. რაც ყველაზე მეტად სანუგეშოა, ესაა თითქოსდა ეკონომიკის სტრუქტურული პოლიტიკის ორიენტაციის შეცვლა - მიდის საუბარი, რომ აუცილებელია შიდა ბაზარზე მეტი ორიენტირებულობა შიდა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ისეთი დარგების განვითარება, რაც იმპორტზე ტოტალურ დამოკიდებულებას ცოტათი მაინც შეამსუბუქებს. კრიზისი მიუთითებს, რომ აუცილებელია სტრუქტურული პოლიტიკის სტრატეგიული გადაწყობა, ვაჭრობის დღევანდელი მძიმე დეფიციტის, როცა ექსპორტი თითქმის სამჯერ ნაკლებია იმპორტზე,  როგორმე შემცირება. ამ ვითარებაში მხოლოდ საწყისი ნაბიჯები გადადიდგა - მაგ. პირბადეების ადგილობრივი წარმოების სრული სუბსიდირება სახელმწიფოს მიერ, აგარის შაქრის ქარხნის რეაბილიტაციის დაწყება, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გადაწყობის მზაობა და სხვ. მაგრამ ეს ჯერ ჩამოყალიბებული, რაღაც დასრულებული სახის მქონე სისტემური პოლიტიკა არ არის. ვერც იქნება, რადგან სანამ საგანგებო მდგომარეობა არ გაუქმდება, პოსტ-პანდემიური ეკონომიკური პოლიტიკის მხოლოდ მოსამზადებელ ეტაპზე შეიძლება საუბარი. საუბარი მიდის ანტი-კრიზისულ გეგმაზე, თუმცა სანამ ეს გეგმა არ იქნება, მას ვერც შევაფასებთ.

 თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული თქვენ რა კორექტივებს შეიტანდით ამ ეტაპზე ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკაში?

უწინარეს ყოვლისა, არსებული ვითარებისგან გამომდინარე ანტი-კრიზისული გეგმის პრიორიტეტების დალაგებას ვეცდებოდი ეკონომიკის სტრატეგიული სტრუქტურული გარდაქმნისთვის, მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში; მიზანი - იმპორტზე მოწყვლადი დამოკიდებულებისგან გათავისუფლება, შიდა ბაზარზე და ექსპორტზე ორიენტირებულიინდუსტრიების, უწინარესად - აგრარული ინდუსტრიის შექმნა და განვიტარება, ინფრასტრუქტურული განვიტარების დაჩქარება. ტურიზმი - ბოლოს, თუ რესურსი გევყო.

როგორი იქნება მსოფლიო 2021 წელს - მას შემდეგ, რაც ვაქცინის გამოგონებისა და ფართოდ გავრცელების შედეგად ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობის წინაშე დავდგებით? რა იქნება ეს ყბადაღებული ახალი  პოლიტიკური და ეკონომიკური რეალობ?

მოხდება ორი ძირითადი ტენდენციის კონსოლიდაცია და მათი დაპირისპირებების გამწვავება: ერთის მხრივ, გაძლიერდებიან გლობალისტური, ნეოლიბერალური  ძალებიც და მეორეს მხრივ, ასევე, მათ საპირისპირიოდ ერი-სახელმწიფოების ნაციონალურ პოლიტიკაზე, კონსერვატიულ, ტრადიციულ ღირებულებებზე ორიენტირებული ძალებიც. ორივე ბანაკის მეტი კონსოლიდაციაა მოსალოდნელი.

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა გორდონ ბრაუნმა განცხადება გააკეთა, რომ მსოფლიოს დროებითი გლობალური მმართველობა სჭირდება პანდემიის ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, იგივე განცხადებას აკეთებს გერმანიის პრეზიდენტი ვალტერ შტაინმაიერი, ეკვადორისიორდანიის, ეთიოპიის, სინგაპურის პირველ პირებთან ერთად. რეალურად რა მოვლენას ვაკვირდებით ახლა, შესაძლებელია მოხდეს გლობალური მთავრობის იდეის პედალირება?

ეს ახალი იდეა არ არის, თუმცა, როგორც წინა პასუხში ვთქვი, გლობალისტური ძალების კონსოლიდაცია და მათი რადიკალიზაცია (მსოფლიო მთავრობის რეალურ დღის წესრიგში დასმა - უკიდურესი რადიკალიზაცია იქნება) მოსალოდნელია, თუმცა ეს მოხდება ასევე საპირისპირო ტენდენციის გაძლიერების ფონზე; რომელი ტენდენცია გახდება წამყვანი, „ტრენდული“ და რომელი კონტრ-ტენდენცია, ამის თქმა ახლა ძნელია, ვიმედოვნებ, რომ ტენდენცია კონსერვატიზმი უფრო იქნება, ხოლო  - გლობალისტური ნეოლიბერალიზმი კონტრ-ტენდენციად იქცევა. რასაკვირველია, „მსოფლიო მთავრობა“ ვერ შედგება და კაცობრიობის ისტორია გაგრძელდება, ვიდრე მეორედ მოსვლამდე.

ხელოვნური ინტელექტი, დისტანციური სწავლება, ბიზნესის დისტაციურად მართვა და სხვა მსგავსი დისტანციურ ონლაინ ქმედებები აღარ არის ხვალინდელი დღის წესრიგი. ეს უკვე დღეს ხდება. რამდენად შორს წავა მსოფლიო საზოგადოება ამ მიმართულებით?

„ტექნოლოგიური ცივილიზაცია“ გარდაუვალია, ტექნოლოგიის განვითარებას ვერაფერი შეაცერებს. მაგრამ უთუოდ გადაისინჯება კულტურის, პოლიტიკის ეკონომიკის და ა.შ. ტექნოლოგიური  ადაპტაციის ფარგლები და პერსპექტივები;  ყველაფერი „ონლაინ“, „დისტანციურად“ - იქნება როგორც ტექნიკა, მაგრამ ცოცხალი ურთიერთობები კულტურაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, რელიგიაში და ა.შ. თავის ხელშეუხებელ სივრცეს მოითხოვს და დიდი იმედი მაქვს, მიიღებს. აქ უმნიშვნელოვანესია რელიგიის როლი, რომლის „დისტანცირების“ დემონსტრირება მოხდა, როცა რომის პაპი, დაკეტილი და მრევლისგან მთლიანად დაცლილი ეკლესიის ფონზე სრულიად მარტო ატარებდა მესას წმ. პეტრეს მოედანზე და ვედრიდა უფალს „არ მიგვატოვოო“. ღრმად სიმბოლური, სულისშემძვრელი სანახაობა იყო, რაც ისტორიაში არასდროს მომხდარა და ეს შეიძლება ტექნოლოგიური ცივილიზაციის ყველაზე დრამატულ ბედისწერად იქცეს: ხალხისგან დატევებული ეკლესია და მისი პონტიფიკოსი, რომელიც მარტო მოსთქვამს - „უფალო, რად დამიტევეო“ (გამახსენდა ქრისტეს უკანასკნელი სიტყვები ჯვარცმაზე -„ელი, ელი, ლამა საბათქანი“) რაც „ონ-ლაინ“ ტელევიზიითა და ინტერნეტით მსოფლიოში გადაიცემა. ცხადია, ლიტურგიის „გაციფრულება“, მისი „ვირტუალიზაცია“ წარმოუდგენელია და ღვთისმსახურების ჩატარება მრევლის ცოცხალი ტანამონაწილეობის გარეშე, მისი დადგმა, როგორც მასობრივი სანახაობისა, სრულიად შეუძლებელია. ისევე, როგორც ვერ მოხდება მაგ. პარლამენტებისა თუ სხვა კოლეგიური ორგანოების საქმისწარმოების „გადისტანციურება“. ტექნოლოგია იქნება განვითარებული როგორც ტექნიკა, როგორც საშუალება და არა როგორც მიზანი.  საეკლესიო ლიტურგიისა არ იყოს, მაგ. პარლამენტის შეკრება - თავისთავად მიზანია (პარლამენტში, ისევე, როგორც ყველა გზა მიდის რომში, იკრიბება ყველა პოლიტიკური პროცესი; ესაა პროცესი, ე.ი. პოლიტიკოსთა ცოცხალი ურთიერთობა, სადაც მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სიტვის შინაარსს, არამედ მისი წარმოთქმის ფორმას, ჟესტებს, ცოცხალ მიმიკას, ცოცხალ ემოციებს, განწყობებს, ერთმანეთზე ზეგავლენას, მოკლედ -  ყველაფერს იმას, რაც „დისტანციურად“ არ არსებობს და „ვირტუალურად“ ვერ გაცოცხლდება „სმაილებით“) და ამ შეკრების „ვირტუალიზაცია“ პარლამენტს ტექნოლოგიის საშუალებად, ბოლოს კი - სათამაშო ტიკინად აქცევს. თუმცა, აქაც იქნება კონტრ-ტენდენცია - რომელიც მიზნად დაისახავს ტექნოლოგიას და ადამიანს, როგორც საშუალებას, ისე გამოიყენებს. ამ შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ ტექნოლოგიასთან (საბოლოო ჯამში - „ხელოვნურ ინტელექტთან“), როგორც მიზანთან, ადაპტაციით მოხდეს ცივილიზაციის სრული დეჰუმანიზაცია  და საბოლოოდ, ადამიანი გაიხლიჩოს ფიზიკურ, ბიოლოგიურ ორგანიზმად და მის ციფრულ, ვირტუალურ  ავატარად, როგორც ეს არის ცნობილ ბლოგ-პასტერ „მატრიცაში“.  იმედი მაქვს, ეს მართლაც ეგზისტენციური საფრთხე რეალობად არ იქცევა.

პანდემიამ დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება. ეს კომპლექსური პრობლემაა და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ საქართველო დაცული იყოს ამ კუთხით ახალ პოსტკორონასეულ პერიოდში?

სხვა გამოსავალი, გარდა საკუთარი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად შესაბამისი ინდუსტრიების რესტავრაციისა და განვითარებისა, ლოგიკურად არ გვაქვს. სასურსათო უზურნველყოფა - სტრატეგიულად არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი; უსაფრთხოდ ვერ ვიქნებით, სანამ სურსათის 80% უცხოეთიდან შემოგვაქვს. გამოსავალი - აგრარული ინდუსტრიის შექმნაა. ეს დიდი და კომპლექსური საკით და რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: მიწის რეფორმა, მიწის რესურსების სტრატეგიული მართვა, აგრარული ინდუსტრიის შექმნა წვრილი ფერმერული, ფაქტიურად ნატურალური მეურნეობების გამსხვილება - კოოპერაციის გზით, აგრარული ბაზრის რეგულირება, აგრარული წარმოების ლოჯისტიკური უზურნველყოფა, კვების და გადადამუსავებელი მრეწველობის განვითარება და ა.შ.

დავით ზარდიაშვილი: „მთავარი ...

ადგილობრივი საკითხები: მუდმივი თემები: - მიწა და თვითმმართველობა. დაგვანახა თუ არა პანდემიამ რომ მიწა უფრო მეტად ღირებულია სახელმწიფოსთვის ვიდრე აქამდე ვთვლიდით? თქვენი პოზიცია პანდემის დროს დანახული და პანდემიის შემდეგ - უნდა აიკრძალოს თუ არა არასასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა უცხოელებზე? რა დაგავანახა პანდემიამ - გვაქვს თუ არა ქვეყანაში თვითმმართველობაროგორი და რა დოზით თვითმმართველობა გვჭირდება პანდემიის მერე?

სასიცოცხლოდ მნიშვლეოვანია და გადაუდებლად, კომპლექსურად უნდა გატარდეს როგორც მიწის რეფორმა, ასევე დეცენტრალიზაცია.

დეცენტრალიზაციის პოლიტიკის ხედვა მთავრობას აქვს და მიღებულია შესაბამისი სტრატეგია 2025 წლამდე. ამ სტრატეგიის სამი მთავარი მიმართულებაა - თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა სუბსიდიარობის საფუძველზე, თვითმმართველობის რესურსებისა და უფლებამოსილებების თანაზომიერების უზურნველყოფა, თვითმმართველობის შესაძლებლობების განვითარება და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა. პრინციპში სწორეა და პრაქტიკული განხორციელებისას მთავარი იქნება:

კომუნალური რეფორმა - სუბსიდიარობის საფუძველზე თვითმმართველობის გამგებლობა უნდა გაფართოვდეს და მას სრულად და ექსკლუზიურად უნდა გადაეცეს - წყალმომარაგება; ასევე, თავიდან დელეგირების გზით და შემდეგ სრულად - გაზმომარაგებაცა და ელექტრომომარაგებაც;

საშემოსავლო რეფორმა - ფიზიკურ პირთა საშემოსავლო გადასახადი უნდა გახდეს ადგილობრივი გადასახადი;

მიწის რეფორმა დეცენტრალიზაციის კუთხით - უნდა შეიცვალოს პრეზუმფცია, რომლის ძალითაც არარეგისტრირებული მიწა სახელმწიფო საკუთრებაა, ასეთი მიწა - თვითმმართველობის საკუთრებად უნდა გამოცხადდეს; ყველა ის მიწა, რაც არ არის აუცილებელი კონკრეტული სახელმწიფო უფლებმოსილების განსახორციელებლად, არ არის კერძო საკუთრებაში, არ გამოიყენება საერთო ეროვნული ეკონომიკური პროექტებისთვის, არ წარმოადგენს დაცულ ტერიტორიას (აღკვეთილს, ნაკრძალს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცულ ტერიტორიას და სხვ.) უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტს საკუთრებაში. სასოფლო სამეურნეო-დანიშნულების მიწა, რაც კერძო საკუთრებისა არ არის, ასევე უნდა მთლიანად გადაეცეს მუნიციპალიტეტს საკუთრებაში და შესაბამის სასოფლო თემს მუდმივ და უსასყიდლო სარგებლობის უფლებით;

მიწის რეფორმა ზოგადად - მირებული უნდა იქნეს ორგანული კანონი, მიწის კოდექსი, რომელიც კომპლექსურად მოაწესრიგებს როგორც მიწათმფლობელობას, ასევე მიწათსარგებლობას;

მიწათმფლობელობა - მიწის მესაკუთრე, როგორც ეს არის კონსტიტუციით, შეიძლება იყოს სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი, საქართველოს მოქალაქე და საქარტველოს რეზიდენტი იურიდიული პირი, რომლის დამფუძნებელთა (საპარტნიორო წილის, აქციათა მფლობელტა) არა ნაკლებ 51 % საქართველოს მოქალაქეა; გამონაკლისი შეიძლება დაშვებული იქნას განსაკუთრებული ეროვნული ინტერესების არსებობისას, საქართველოს მტავრობის გადაწყვეტილებით, თუკი არსებობს ორგანული კანონით დადგენილი საფუძვლები;  კანონით უნდა მოწესრიგდეს მიწის ყიდვა-გაყიდვა, რისთვის უნდა დადგინდეს უპირატესი შესყიდვის უფლებათა რიგითობა: სასოფლო სამეურნეო მიწის გაყიდვის შემთხვევაში უპირატესი შესყიდვის უფლებით რიგითობით უნდა სარგებლობდნენ: მიწის გამყიდველის მეორე (და, ძმა), მესამე (ბიძაშვილი მამიდაშვილი) ნათესავი, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ფერმერი, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის თემში, თემში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, თემში რეგისტრირებული ფერმერი, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ფერმერი, საქართველოში რეგისტრირებული ფერმერი ან აგრარული საწარმო.

მიწათსარგებლობა. ორგანული კანონით  - მიწის კოდექსით, უნდა აღდგეს საქარტველოს 1921 წლის კონსტიტუციით დადგენილი პრინციპი, რომ მიწის დამუსავება წარმოადგენს მიწათმფლობელის ვალდებულებას საზოგადოების წინაშე, ასევე გერმანიის კოსნტიტუციის მე-14 მუხლის ანალოგიურად, მიიწის კოდექსმა უნდა განსაზღვროს, რომ მიწის საკუთრება არა მხოლოდ უფლებაა, არამედ ავალდებულებს: მისი გამოყენება უნდა ემსახურებოდეს საზოგადო სიკეთის მიზანს. მიწის კოდექსმა უნდა შემოიღოს ფერმერის სტატუსი - ეს სატაუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს ან საწარმოს (იურიდიულ პირს), რომელიც აკმაყოფილებს შემდე მოთხოვნებს - საკუთრებში უკვე აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და არა ნაკლებს 5 წლის განმავლობაში მისდევს სოფლის მეურნეობას, აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია; გამონაკლის შემთხვევაში ეს სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელსაც არა აქვს საკუთრებაში სასოფლო-სამურნეო მიწა და სურს მისი შეძენა, თუ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, შეუძლია დაასაბუთოს, რომ მიწას დაამუშავებს, დაიცავს აგრო-სამურნეო საქმიანობის დადგენილ სტანდარტებს, წარმოადგენს  ბიზნეს გეგმას და სათანადო ფინანსურ გარანტიებს. 

კანონმდებლობით მიწის გადასახადზე ყველა შეღავათი უნდა გაუქმდეს; შემორებული იქნას მკაცრი სანქციები მიწის დაუმუსავებლობის ან დადგენილი აგრო-სამეურნეო სტანდარტების დარღვევისთვის. თუ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში მიწა არ დამუშავდა სათანადოდ, იგი სარგებლობის უფლებით უნდა გადაეცეს პირს, რომელიც მას დაამუსავებს, ანდა - უნდა გაიყიდოს.

ლურჯი ოკეანისა და წითელი ზღვის ...

და ბოლოს  სულ ერთი წინადადებით - როგორი იქნება პოსტპანდემიული საქართველო და ქართველი?

მთავარი, რაც უნდა შეიცვალოს და იმედი მაქვს შეიცვლება: ეს გლობალური და ტოტალური საფრთხე დაგვანახებს, რომ ყველანი საერთო ტვირთს ვეზიდებით და ერთ ჭაპანს ვეწევით, ყველამ იმდენი უნდა ვზიდოთ და იმდენი გავწიოთ, რასაც მოვერევით, რომ გვერდზე მდგომს ტვირთი შეუმსუბუქოთ. მზერა შეიცველა - გარე-გარე ყურების ნაცვლად შინისკენ მოტრიალდება; სახლს, საზღვრებს, მანძილს ის მნიშვლეობა მიეცემა, რაც უნდა ჰქონდეს; მეტად დაფასდება სახლეული, შენიანი, ჩვენებური; ოიკოფობიას - ოიკოფილია (და არავითარ შემთხვევაში ქსენოფობია) შეცვლის; თითოეულის უფლებების დაცვასთან ერთად პრიორიტეტული გახდება ვალდებულებები, გაიზრდება პასუხისმგებლობა ერთი-მეორის მიმართ და მეტად სოლიდარულები ვიქნებით. შეიძლება დავიბრუნოთ ისიც, რაც ეროვნული მოძრაობის მერე დავკარგეთ - ერთი გზა გვაქვს, ერთ გზას ვადგევართ, რომ  ქვეყანასა და ერთიმეორეს უნდა მივხედოთ და მოუაროთ!

დიდი მადლობა ბ-ნ დავითს პასუხების მოწოდებისთვის.

პატივისცემით, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „თბილისი პოსტი“

პროექტის ანოტაცია და კითხვები იხილეთ ბმულზე:https://tbilisipost.ge/

თბილისი
ვაკის რაიონში ამორტიზებული ლიფტები იცვლება
ვაკის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N12 კორპუსის ორ სადარბაზოში ძველი, ამორტიზებული ლიფტები გამოიცვალა.
 
ამხანაგობის მომართვის საფუძველზე, ძველი ლიფტები ახლით ჩანაცვლდა.
 
ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად შეხვდა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა.
 
კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებების მიღება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით ხდება. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5%-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.